მთავარი უსაფრთხოება მარტოდ დარჩენილი ამერიკა

მარტოდ დარჩენილი ამერიკა

ამერიკის მზარდი იზოლაციონისტური პოლიტიკით, პირველ რიგში მისი ორი მთავარი მეტოქე რუსეთი და ჩინეთი იხეირებს.
01.06.2020
ნახვა 1160

2020 წლის 29 მაისს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ მისი ქვეყანა წყვეტს ყველანაირ ურთიერთობას და ტოვებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო). ტრამპმა ეს გადწყვეტილება იმით ახსნა, რომ ჯანმო უარს აცხადებდა რეფორმირებაზე და მთლიანად ჩინეთის გავლენის ქვეშ მოექცა. მსგავსი ქმედებები არახალია ტრამპის ადმინისტრაციისთვის. 2017 წელს, ამერიკა, ისრაელის კრიტიკის გამო, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციდან (იუნესკო) გამოვიდა. ხოლო, 2018 წელს ტრამპმა მიატოვა ირანის ბირთვული შეთანხმება, რომლის წევრები ასევე გახლდნენ რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

America First

ამერიკა უპირველეს ყოვლისა (America First) - ეს ფრაზა, რომელსაც ტრამპი ხშირად იყენებს, მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი ქვაკუთხედია. ამ სიტყვების ქვეშ მოიზრება მკვეთრად ნაციონალისტური და იზოლაციონისტური იდეა, რომ თითქოს დამთავრდა ის დრო როდესაც სხვა ქვეყნები ამერიკის ხარჯზე სარგებელს იღებდნენ. ტრამპი მუდმივად წუწუნებს, რომ ნატოს მოკავშირეები თუ სხვა ქვეყნები სადაც ამერიკის ბაზებია განლაგებული, საკმარის ფულს უხდიან აშშ-ს ხაზინას. ასევე ეს მიდგომა გულისხმობს გლობალისტური და ინტერგაციონისტული პროექტების უარყოფას. საპრეზიდენტო ფიცის დადებიდან სამ დღეში, ტრამპმა ამერიკა გამოიყვანა ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობიდან, რომელიც 12 ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ისახავდა მიზნად. ახალი ხედვით, პრიორიტეტი ენიჭება მსოფლიოს, როგორც სუვერენული ერი-სახელმწიფოების ერთობლიობას. ერთი სიტყვით ყველა ქვეყანამ თავის თავს უნდა მიხედოს, არავითარი სოლიდარობა და ინტერნაციონალიზმი.

ეს მოვლენები კიდევ უფრო სამწუხარო სახეს იღებს, თუ გავითვალიწინებთ რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი ამერიკამ სწორედ რომ ინსტიტუტებზე დააშენა. ამერიკა იყო ალბათ მსოფლიოს ისტორიაში პირველი სუპერსახელმწიფო, რომელმაც საკუთარი ძალაუფლება ინსტიტუტების მეშვეობით ნებაყოფლობით შეზღუდა, რათა მცირე სახელმწიფოებს მეტი თანამონაწილეობის საშუალება და გარანტია ჰქონოდათ, რომ ჰეგემონი მათ არ მიატოვებდა და თავის ნებას იძულებით თავს არ მოახვევდა. სანაცვლოდ, სხვა ქვეყნებმა მიიღეს ამერიკის ლიდერობა და ის დღის წესრიგი რაც ამერიკას ჰქონდა, როგორც ლეგიტიმური. მოკლედ რომ ვთქვათ, საერთაშორისო ინსტიტუტებმა უზრუნველყვეს ამერიკის ჰეგემონიის ლეგიტიმურობა.

დღეს, ლიბერალური წესრიგის მთავარი არქიტექტორი, აშშ, დაკავებულია ამ ინსტიტუტების მიტოვებით. ამერიკა მცირეწლოვან ბავშვს დაემსგავსა. იმის მაგივრად, რომ ინსტიტუტების შიგნიდან იბრძოლოს, ის ნებისმიერ წყენაზე იბუტება და გარბის.

ევროპა გაბრაზებულია

უკვალოდ არ ჩაუვლია მუდმივმა ჩივილებმა და უკმაყოფილებამ საკუთარი მოკავშირეებით. ცალყბა განცხადებებმა რომ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა, არ ნიშნავს ამერიკას ეულად“ (America First does not mean America alone) ცოტა რამე თუ შეცვლეს სხვა ქვეყნების რწმენა-წარმდოგენებში. ევროპა ამერიკის ურთიერთობები უკიდურესად გაფუჭებულია. ნელ-ნელა იზრდება ევროპელებში განცდა, რომ ამერიკა არასანდო და არასაიმედო პარტნიორია. მატულობს საუბრები ევროპის ამერიკისგან სამხედრო განცალკევებაზე. ანგელა მერკელის ზრდილობიანი უარი დასწრებოდა დიდი შვიდეულის სამიტს, ივნისის ბოლოს, ვაშინგტონში, შეიძლება იმის ნათელ გამოხატულებად მივიჩნიოთ, თუ რა დონეზეა გერმანია-ამერიკის ურთიერთობები ამ მომენტისთვის. საბოლოდ, ტრამპმა სამიტი სექტემბრისთის გადაიტანა.

ვის აწყობს?

ამერიკის მზარდი იზოლაციონისტური პოლიტიკით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მისი ორი მთავარი მეტოქე რუსეთი და ჩინეთი იხეირებს. ტრანსატლანტიკური კავშირების რღვევა და ევროპის თავდაცვის სისტემიდან ამერიკელების გამოთიშვა, მხოლოდ გააძლიერებს რუსების აგრესიულ და ძირგამომთხრელ საქმიანობას კონტინენტზე. არ დაგვავიწყდეს, რომ სირიის მიტოვებით, ამერიკამ პრაქტიკულად ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთს, და მასთან ერთად თურქეთსა და ირანს, რომ სათავისოდ „დაალაგონ“ ეს არაბული რესპუბლიკა.

ამერიკული იზოლაციონიზმით შექმნილი ვაკუუმი ცარიელი არ დარჩება. ჩინეთი მხოლოდ მომენტს ელოდება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ამერიკის როლი ჩაანაცვლოს, როგორც დომინანტურმა სახელმწიფომ და დღის წესრიგის მთავარმა შემდგენმა. არ დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკურად მზარდ ჩინეთს არ სურს დასავლეთის ალტერნატიული, ვთქვათ, კომუნისტური საერთაშორისო წესრიგის შექმნა. პირიქით, ჩინეთის ამოცანაა ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნება, ოღონდ მასში დასავლეთის პირველობის ჩაჩოჩებით.

გიორგი ხატიაშვილი

01.06.2020
ნახვა 1160

კომენტარები