მთავარი უსაფრთხოება ლუგარის ცენტრი - რუსული დეზინფორმაციის მორიგი სამიზნე თუ მიზეზი დაპირისპირებისთვის

ლუგარის ცენტრი - რუსული დეზინფორმაციის მორიგი სამიზნე თუ მიზეზი დაპირისპირებისთვის

უწყვეტი დეზინფორმაციის სამიზნე
29.05.2020
ნახვა 1035

სენატორ რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრი (ლუგარის ცენტრი) წლების განმავლობაში უწყვეტი რუსული დეზინფორმაციის სამიზნეა.

გახსნის დღიდან მოყოლებული (2011 წელი) რუსული მედია და პოლიტიკოსები ადანაშაულებდნენ ლუგარის ლაბორატორიას, ისეთი აბსურდული ბრალდებებით, როგორებიცაა: რუსეთში H1N1 ვირუსის გავრცელება, მწერების განზრახ დაინფიცირება ზინკა ვირუსით და შემდეგ მათი გაშვება რუსეთში, საშიშ პათოგენებზე მუშაობა და ტესტირებები საქართველოს მოსახლეობაზე. 2018 წლის აპრილში, ბრიტანეთის მიერ რუსეთის სოლსბერის თავდასხმაში ღიად დადანაშაულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ისაუბრა „პენტაგონის მსხვილმასშტაბიან სამედიცინო-ბიოლოგიურ აქტივობებზე რუსეთის საზღვრებთან“, რამაც წარმოშვა ბრალდებები რუსულ მედიაში სკრიპალის საქმეში გამოყენებული ნერვული აგენტის (ე.წ ნოვიჩოკის) შესაძლო ქართული წარმომავლობის შესახებ (ლუგარის ლაბორატორიიდან).

თავად პუტინმაც კი, ვალდაის კლუბის ერთ-ერთ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ „ეს კვლევები (ლუგარის ლაბორატორიაში) წარმოადგენს გენეტიკის დარგის უახლესი მიღწევების გამოყენებით ისეთი წამლების შექმნის მცდელობას, რომლის საშუალებითაც ზემოქმედებას მოახდენენ ადამიანებზე მათი ეთნიკური კუთვნილებიდან გამომდინარე“.

2020 წლის, 17 აპრილის ბრიფინგზე, ზახაროვა კვლავ დაესხა თავს ლუგარის ლაბორატორიას და ამერიკელები დაადანაშაულა ექსპერიმენტული საქმიანობის გაფართოების მცდელობაში.

საქართველოში არსებული პრო-რუსული მედია საშუალებებიც (საქინფორმი, საქართველო და მსოფლიო, სპუტნიკ საქართველო და ა.შ) აქტიურად ავრცელებენ და აძლიერებენ რუსულ დეზინფორმაციას ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ.

კორონა ვირუსის გავრცელების შემდეგ რუსული მხარე ცდილობდა ვირუსთან დაკავშირებული ანტი-ამერიკული ისტერიის აგორებას, სადაც ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე სწორედ ლუგარის ლაბორატორია იყო. ლაბორატორიების თემას ასევე აქტიურად იყენებდა ჩინეთიც.

ბოლო მოვლენები - კომენტარებით ბრძოლა

2020 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთმა მისთვის ჩვეულ სტილში „მიულოცა“ საქართველოს და მისალოცი წერილის მაგივრად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა „გამოგვიგზავნა“ თავისი კომენტარი ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ლუგარის ცენტრის შესახებ ყველა მანამდე არსებული დეზინფორმაციული ნარატივების ერთგვარ შეჯამებას.

განცხადებაში საუბარი იყო, რომ ლუგარის ცენტრში ხორციელდება საშიშ პათოგენებსა და ინფექციურ დაავადებებზე საიდუმლო მუშაობა. რუსული მხარის ინფორმაციის მიხედვით, ცენტრი ეკუთვნის ამერიკის შეიარაღებულ ძალებს და სწორედ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიდან ფინანსდება ის. ასევე, ყურადღება იყო გამახვილებული ცენტრში მიმდინარე საეჭვო საქმიანობაზე და ამასთან ერთად აღნიშნული იყო, რომ ამერიკაში რამდენიმე წლის წინ დაპატენტდა მფრინავი აპარატის მოდელი რომელსაც შეუძლია მწერების ტრანსპორტირება და ჰაერში მათი გამობნევა (სპეკულაცია იმაზე რომ ამერიკელები მუშაობენ მწერების ბილოგიურ იარაღად გამოყენების პროექტზე).

ასევე რუსული მხარის მტკიცებით საქართველოში მდებარე ლუგარის ცენტრი ვერ აკმაყოფილებს ბილოგიური და ტოქსიკური იარაღების შესახებ კონვენციის (BTWC) სტანდარტებს. რუსები, ასევე გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ქართული მხარის მიმართ, იმ მიზეზით, რომ საქართველო არ აძლევს რუს ექსპერტებს უფლებას ეწვიონ ლუგარის ცენტრს და ადგილზე შეამოწმონ იქ არსებული მდგომარეობა და მიმდინარე საქმიანობის პერიპეტიები.

აღნიშნულ განცხადებას მეორე დღესვე, 27 მაისს, ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს განცხადებაში მკაფიოდ და გარკვევით იყო პასუხი გაცემულ რუსეთის მიერ გავრცელებულ ყველა აბსურდულ ბრალდებასა და დეზინფორმაციაზე. (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სამინისტროს განცხადება).

ამას გარადა ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა კვლავ მოაწყოს საერთაშორისო ვიზიტი (ვარჯიში) ლუგარის ცენტრში, რომელშიც მონაწილეობის მიღება რუს ექსპერტებსაც შეეძლებათ.

საქართველოს პასუხს, რუსეთი იმავე საღამოსვე (არასამუშაო დროს 21:09-ზე) საპასუხო კომენტარით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ის ქართულ მხარეს ადანაშაულებს უსაფუძვლო ბრალდბებში. ასევე რუსული მხარე ეჭვქვეშ აყენებს იმ საერთაშორისო ექსპერტებისა და მკვლევარების მოსაზრებებს რომლებიც 2018 წელს ეწვივნენ ლუგარის ცენტრს (20-მდე ქვეყნის წარმომადგენლები) და მოამზადეს დასკვნა მისი საქმიანობის შესახებ. რუსებმა კვლავ დაადანაშაულეს ამერიკელები ცენტრის საქმიანობის გასაიდუმლოებასა და მის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაში. განცხადების ბოლოს რუსული მხარე კვლავ დაჟინებით მოითხოვს ცენტრში რუსი ექსპერტების დაშვებას ცალმხრივად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

რა ხდება სინამდვილეში ლუგარის ირგვლივ?

რუსეთის მხრიდან ერთ კონკრეტულ ობიექტზე ასეთი თანდმიმდევრული და მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია წლების განმავლობაში, ფაქტობრივად უპრეცედენტოა და მიანიშნებს ამ კამპანიის უკან მდგარ სერიოზულ მიზნებსა და ინტერესებზე.

ჯერ კიდევ 2016 წელს, რუსეთმა ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ აღიარა მის სამეზობლოში (განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიასა და აზიაში) არსებული ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიები. წლების განმავლობაში, რუსეთის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე განხორციელებული მავნე ქმედებების საპასუხოდ წამოსული დასავლური კრიტიკის გადასაფარად, რუსეთი აქტიურად იყენებდა ამ ლაბორატორიებს და ცდილობდა ყურადღების გადატანას მათზე. რუსეთი ასევე აქტიურად ცდილობდა კორონა ვირუსის გავრცელების დაკავშირებას აშშ-სთან ამ ლაბორატორიების საშუალებით.

ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, პირდაპირ შეესაბამება რუსეთის მოქმედების პატერნს და თავსდება მის გეოპოლიტიკურ ამბიციებში მუდმივად დაუპირისპირდეს დასავლეთს და განსაკუთრებით აშშ-ს. თუმცა, ბოლო დღეებში საქართველოს და ლუგარის ცენტრის მიმართ გამოჩენლი განსაკუთრებული ყურადღება და აქტიურობა, სცდება ამ ტიპურ დეზინფორმაციულ კამპანიას და აჩენს სერიოზულ კითხვებს რუსეთის ხელისუფლების რეალურ მიზნებთან დაკავშირებით.

ამას შეიძლება ჰქონდეს ორი ახსნა. პირველი - რუსეთი ცდილობს საქართველოს იმიჯის დაზიანებას კორონა ვირუსის კონტექსტში. ფაქტია, რომ საქართველო კორონა ვირუსთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში. იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა ეკონომიკური ზიანის მოტანა შეუძლია COVID-19-ს ქვეყნებისთვის და თუ რამდენად მნიშნელოვანია ვირუსთან ეფექტურად გამკლავება ქვეყნის კრიზისიდან გამოსასვლელად, მოწინააღმდეგის იმიჯის დაზიანება შეიძლება ჩაითვალოს მტრული პოლიტიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტად.

თუმცა, არსებობს რუსული პოლიტიკის კიდევ ერთი, გამოცდილი, მოქმედების ალგორითმი. როდესაც რუსეთში დიდი პოლიტიკური ან ეკონომიკური კრიზისი იწყება, მმართველი პოლიტიკური ელიტა მუდმივად ცდილობს ყურადღების გადატანას საგარეო ასპარეზზე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დიდია კრიზისი, იმდენად დიდია რუსეთის საგარეო ქმედებების მასშტაბებიც.

ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთში პანდემიის მხრივ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. თუ საწყის ეტაპზე რუსეთი ამაყობდა მისი შესაძლებლობებით გამკლავებოდა COVID-19-ს და საიმიჯო კამპანიაც კი ააგორა, რომ თითქოს ის ეხმარება ევროპასა და ამერიკას, რომლებმაც ვერ შეძლეს ვირუსთან ისე ეფექტურად გამკლავება. თუმცა, ახლა გავრცელების მასშტაბებით რუსეთი მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება და შესაბამისად იზრდება ვირუსის დაწოლა რუსულ ეკონომიკაზე. ეს ყველაფერი კი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსვლის პარალელურად ხდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთის საკმაოდ მძიმე ეკონომიკური პროცესები ელოდება და რუსეთის ხელისუფლებას, როგორც ყოველთვის ახლაც სჭირდება ამ ყველაფრის მტრისთვის გადაბრალება. ამერიკულ ლაბორატორიებზე მუდმივი აპელირებით, რუსეთი ცდილობს საკუთარი მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ ვირუსი ხელოვნური პროდუქტია და ის შესაძლოა გამიზნულად გავრცელდა რუსეთში. საქართველო კი იდეალური სამიზნეა ამ პროპაგანდის გამოსაკვებად.

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ესეთი ყოველდღიური აქტიურობა, უკვე უნდა გახდეს განგაშის ან მინიმუმ მომატებული სიფრთხილის საფუძველი. ქართულმა მხარემ უნდა გააქტიუროს მის ხელთ არსებული ყველა საკომუნიკაციო რესურსი და პროაქტიულ რეჟიმში მოახდინოს კომუნიკაცია ყველა პარტნიორთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თუ საჭირო გახდება, უნდა მოეწყოს საერთაშორისო ექსპერტების კიდევ ერთი ვიზიტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ან BTWC-ის ეგიდით, სადაც რუსული მხარეც მიიღებს მონაწილეობას. სწორია საქართველოს პოზიცია, რომ არ დაუშვან რუსი ექსპერტები ცალმხრივად ლუგარის ცენტრში, რადგან შეუცნობელნი არიან გზანი რუსეთისანი და დიდი ალბათობით ეს შეიძლება მორიგი პროვოკაციის საბაბადაც იქცეს.

დავით ნაროუშვილი

29.05.2020
ნახვა 1035

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

ლუგარის ლაბორატორია - იმპერიული აკვიატება

რუსეთი და ჩინეთი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ამერიკულ...
8 თვე