მთავარი საგარეო პოლიტიკა საქართველომ სომხეთს დახმარება უნდა შესთავაზოს

საქართველომ სომხეთს დახმარება უნდა შესთავაზოს

კორონავირუსი და ახალი შესაძლებლობები ქართულ-სომხური ურთიერთობებისთვის
26.05.2020
ნახვა 1547

ფოტო: საქართველოს მთავრობა

 

ისე დაგვყვეს და იბატონეს, იმდენი სტერეოტიპი შექმნეს, მეზობლობის ისეთი მახინჯი პრაქტიკა დაამკვიდრეს და შეგვათვისებინეს, რომ საკუთარ წარმატება/წარუმატებლობას ერთმანეთზე დატოლებით ვზომავთ. სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე არამეგობრულ რეგიონად ჩამოყალიბებაში, ლომის წვლილი, უდავოდ, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მიუძღვის. თუმცა, არანაკლები პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენც, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ, უკბილო იუმორნარევი კომენტარებით, მუდმივად ვამტკიცებთ ჩვენს უპირატესობას მეზობლებთან შედარებით და ხელს ვუშლით იმ სანატრელ ერთობას, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება, განსაკუთრებით დღეს, კორონავირუსის პანდემიის დროს.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ბოდიშს იხდის

22 მაისს, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის მიერ საქართველოს მისამართით დასმულ სამართლიან კითხვებს, თუმცა მისი მხრიდან გაჟღერებულ არადიპლომატიურ შეფასებას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც სომხეთში, ისევე საქართველოში. ტრადიციულად, სანამ კონტექსტს შევისწავლიდით, დასკვნები გამოვიტანეთ, ბოდიშის მოხდა მოვითხოვეთ, რომელიც მომავალში დაკმაყოფილდა კიდეც და ორი ერის მეგობრობის ისტორიაში, კიდევ ერთი უსიამოვნო გვერდიც დავხურეთ.

კორონავირუსის შემთხვევა სამხრეთ კავკასიაში, პირველად საქართველოში დაფიქსირდა, თუმცა, დღეს, კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა სომხეთთან და აზრბაიჯანთან შედარებით, საქართველოში მნიშვნელოვნად დაბალია. ამ დროისთის, სომხეთს 7402 დადასტურებული შემთხვევა აქვს, საიდანაც 3220 გამოჯანრთელდა, ხოლო 91 გარდაიცვალა. საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის წარმატება, რა თქმა უნდა დიდი ინტერესს იწვევს მეზობელ სომხეთში, მოსახლეობა მუდმივად სვამს კითხვას თუ რა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოში ყველა მიმართულებით დაბალი სტატისტიკური მაჩვენებლების დაფიქსირება. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა და არსებული სტატისტიკის სიზუსტე ეჭქვეშ დააყენა. ამაში, განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი არაფერია, რადგან კორონავირუსის გამოსავლენად ქვეყნები განსხვავებული ტიპის ტესტებს იყენებენ და განსხვავებულ სეგმენტს ტესტავენ, შესაბამისად, განსხვავებულ მონაცემებსაც აფიქსირებენ. თუმცა, საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა ვერანაირად ვერ დამალავდა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს და სამართლიანი იქნება ვენდოთ იმ შედეგებს, რასაც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გვთავაზობს. უფრო პრობლემური იყო მინისტრის შეფასებითი ნაწილი, სადაც საუბარია, იმაზე, რომ საქართველოს ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა მკვეთრად განსხვავდება სომხეთისგან თანაც არა კარგი კუთხით და რომ სომხეთის სისტემა უფრო ძლიერია. აღსანიშნავია, რომ მალევე, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კომენტარი და განმარტა, რომ მინისტრის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. „ვწუხვართ ჯანდაცვის მინსიტრის მხრიდან გაკეთებულ კომენტარზე, რომელმაც გაუგებრობა და პოლიტიკური სპეკულაცია გამოიწვია“,- ნათქვამია განცხადებაში.

მიღებული ბოდიში და სომხეთისთვის დახმარების შეთავაზება

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული შეფასება, რომ მინიმუმ არაკორექტულია, უდაოა, თუმცა მსგავსმა ცალკეულმა შემთხვევებმა არ უნდა ჰპოვოს ასახვა ორი ერის მეგობრობაზე. როგორც ჩანს, მინისტრს არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური სიმწიფე ისე დაეცვა საკუთარი მიმართულება და ეპასუხა მოსახლეობის მხრიდან წამოსულ მწვავე კითხვებზე, რომ თან მეგობარი და მეზობელი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები ეჭქვეშ არ დაეყენებინა. რაც მთავარია, სინანული გამოთქმულია და ქართულს მხარეს შეუძლია არა მხოლოდ ბოდიში მიიღოს, არამედ სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანოს ქართულ-სომხური ურთიერთიბები.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, თვის ბოლოსთვის ქვეყანას 10 ათასი, ხოლო 12 ივნისთვის კი 20 ათასი დაინფიცირებული ეყოლოლება. ამის ფონზე, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ 180 ინტენსიური თერაპიის საწოლიდან 150 უკვე დაკავებულია. თუ ასე გაგრძლედა, არსენ ტოროსიანი არ გამორიცხავს, რომ ექიმებს, შესაძლოა, მოუწიოთ არჩევანის გაკეთება და მკურნალობის გარეშე დატოვონ ისინი, ვისი გადარჩენის შანსი უკვე აღარ არის.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს დღეში 853 ინფიცირებული პაციენტის მოვლა შეუძლია. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს, 1368 რეანიმაციული საწოლი, 120 ბოქსირებული პალატა და 2000 მართვითი სუნთქვის აპარატი. ამ ეტაპზე, მხოლოდ 195 ინფიცირებული გვყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას შეუძლია როგორც მედპერსონალის გაგზავნა სომხეთში, ასევე სომეხი პაციენტების მიღება და მათი ქართულ კლინიკებში მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ სომხეთმა აპრილის თვეში, ასეულობით საქართველოს მოქალაქეს გაუხსნა საკუთარი ცა და მისცა საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა. შესაბამისად, ამ მძიმე დროს, საქართველოს მხრიდან სომხეთისთვის დახმარების შეთავაზება სწორი და გონივრული იქნებოდა. იქნებ, კორონავირუსის პანდემიამ გადაგვაფასებინოს დამკვიდრებული მანკიერი მეზობლობის ნორმა და არასაჭირო კონკურენციიდან თუ უადგილო დატოლებებიდან, ურთიერთდახმარების რეჟიმშიც გადავიდეთ...

ჟანა სირბილაძე

26.05.2020
ნახვა 1547

კომენტარები