ქაოსი კიბეა...

კორონამდელი დაპირისპირებები მწვავდება. როგორია საქართველოს პერსპექტივა?
25.05.2020
ნახვა 1747

ლორდი ბეილიში არ ცდებოდა - ქაოსი კიბეა - ერთნი კიბეს გამოიყენებენ მაღლა ასასვლელად, ხოლო მეორენი გადმოვარდებიან. შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობები კორონავირურის ეპოქაში ბევრ ხიფათს, ისევე როგორც პოზიტიურ პერსპექტივებს გვიქადის. ყველაფერი ინდივიდუალური ქვეყნების ნაბიჯებზეა დამოკიდებული. სატახტოთა თამაშის მაყურებელს მოეხსენება, რომ პიტერ ბეილიშმა ქაოსის სათავისოდ გამოყენება სცადა. ის საკმაოდ მაღლა აცოცდა კიბეზე, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ემსხვერპლა საკუთარ ამბიციებს: მას ყელი გამოჭრეს.

კორონა-დიპლომატია

იმაზე თუ რა გავლენა იქონია კორონავირუსმა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე ჯერ ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა უკვე გამოიკვეთა ერთი ტენდენცია: კორონამდელი დაპირისპირებები მწვავდება. ამერიკა - ჩინეთის ურთიერთობები არასდროს გამოირჩეოდა დიდი მეგობრობით. პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ მხარეები სავაჭრო ომის ზღვარზე მივიდნენ. ამ პირობებში, ქალაქ უჰანიდან გავრცელებულმა ვირუსმა კიდევ უფრო გააუარესა, ორ ქვეყანას შორის არსებული ისედაც ურთიერთობების მძიმე დინამიკა. ვირუსით გარდაცვლილთა გამო ჩინეთის დადანაშაულება, პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო სტრატეგია იქნება. ასევე სახეზეა ამერიკის მხრიდან მცირედი დევიაციები „ერთი ჩინეთის“ პრინციპთან მიმართებაში. უფრო და უფრო შესამჩნევად, ჩინეთთან ურთიერთობების გაციების ფონზე, ამერიკა დახმარების ხელს უწვდის ტაივანს. აშშ-მ ოფიციალურად მოითხოვა, ტაივანს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ასევე სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღია წერილით მიულოცა ტაივანის პრეზიდენტს, ქალბატონ ცაი ინგ-ვენს მეორე ვადით ინაუგურაცია. მოგეხსნებათ, ჩინეთი არ ცნობს ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, პირიქით, მას სეპარატისტულ კუთხედ მიიჩნევს, რომელიც კომუნისტურ დედასამშობლოს უნდა დაუბრუნდეს. მსგავსი ნაბიჯები, ჩინეთისთვის, ცხვირწინ წითელი დროშის ფრიალის ტოლფასია.

კორონა-შანსი

ნეგატიური ტენდენციების გამწვავების გარდა, ნელ-ნელა ქვეყნები ცდილობენ ამ კორონა-მომენტის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას. მათ სურთ საკუთარი გავლენის გასაზრდელად შანსი არ გაუშვან. სარგებლობს რა გლობალური პანდემიით, ჩინეთს სურს კიდევ უფრო უხეშად ჩაერიოს ჰონგ-კონგის ავტონომიაში და მას ერონვული უსაფრთოხების საბაბით ახალი შეზღუდვები დაუწესოს. გრძელდება ჩინური ექსპანსია განვითარებად ქვეყნებში, ე.წ. ნიღბების დიპლომატია, როდესაც ჩინეთი სამედიცინო ინვენტარით ამარაგებს აფრიკის ქვეყნებს. ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ევროპულ ქვეყნებს, სანქციების მოხსნის თხოვნით მიმართა, რათა ეფექტურად გამკლავებოდა კორონავირუსს. ასევე, მიუხედავად ამერიკული აკრძალვისა, ირანმა ვენესუელას ბენზინით დატვირთული 5 ტანკერი გაუგზავნა.

საქართველო და კორონა

საქართველოსთვის, მსოფლიო პანდემია, გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ეპიდემიისა და ნავთობის კრიზისის ფონზე, შეიძლება გაიზარდოს რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები მეზობლებთან მიმართებაში, რადგან ისტორიულად კრიზისების დროს რუსეთის მთავრობა საკუთარი მოსახლეობის ყურადღების შიდა ფაქტორებიდან საგარეო ასპრეზზე გადატანას ცდილობს.

მეორეს მხრივ, კორონავირურის სამაგალითო მენეჯმენტი, შეიძლება საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცეს, როგორც სამეზობლოში, ასევე რეგიონს მიღმა. ეს არის შანსი, რომ საქართველომ დადებითი მხრიდან წარმოაჩინოს საკუთარი თავი. ქვეყანა, რომელიც ძირითადად კონფლიქტებით და პოლიტიკური არასტაბილურობითაა ცნობილი, შეუძლია უჩვენოს დანარჩენ მსოფლიოს, რომ არანახულ გლობალურ პანდემიას არანაკლებ უმკლავდება ვიდრე პლანეტის წამყვანი ქვეყნები.

აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის „პროტექტორი“, რუსეთი, თითქმის არაფრით ეხმარება კორონავირუსთან საბრძოლველად ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, საქართველომ ამ ორივე რეგიონის მოსახლეობას დახმარების ხელი გაუწოდა. ქვეყანა მზადაა მიიღოს როგორც პაციენტები, ასევე სამედიცინო დახმარება მიაწოდოს თავად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას. ჩვენი, ოსი და აფხაზი თანამოქალაქეებისთვის, არჩევანი ცხადია ისე როგორც არასდროს: ან მფარველი „ზესახელმწიფო“ რომელიც იოდით და ბინტითაც კი ვერ ამარაგებს, ან საქართელო.

გიორგი ხატიაშვილი

25.05.2020
ნახვა 1747

კომენტარები