მთავარი პოლიტიკა ცხოვრება კორონა ვირუსთან ერთად - პერსპექტივები და გამოწვევები

ცხოვრება კორონა ვირუსთან ერთად - პერსპექტივები და გამოწვევები

ახალი სოციალური რეალობა
20.05.2020
ნახვა 1222

ბოლო ორი კვირაა საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების ტემპები საკმაოდ შენელდა. შეიძლება ითქვას, რომ ვირუსის გავრცელების პიკმა გადაიარა. დაიწყო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც და ერთი შეხედვით ქვეყანა, ნელ-ნელა სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ჩვეულ ტემპს უბრუნდება. თუმცა, ეს ტენდენცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია პრე-კორონამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. ყველას გვესმის, რომ კორონა ვირუსის ეკონომიკური გავლენა გრძელვადიანია და იმ მაჩვენებლებზე გასვლას, რაც წლის დასაწყისში იყო, შესაძლოა რამდენიმე წელიც კი დასჭირდეს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კორონა ვირუსის გავლენა ჩვენს სოციალურ, ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ჯანდაცვის სფეროში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ცნობილი ექსპერტებისგან, ისევე როგორც ქართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან ხშირად გვესმის ფრაზა, რომ უნდა ვისწავლოთ კორონა ვირუსთან ერთად ცხოვრება. რას ნიშნავს ეს, რა სოციალურ ცვლილებებს უნდა მოველოდოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო და თითოეული მოქალაქე პოსტ-კრიზისულ პერიოდში?

ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიები

ადამიანებს ხშირად აშინებთ სიახლე და გაურკვევლობა. თუ კორონა ვირუსის გავრცელების პირველ ტალღას სრულიად მოუმზადებლები და დაბნეულები შევხვდით, ახლა უკვე არსებობს როგორც ინსტიტუციური ისე ორგანიზაციული და პერსონალური გამოცდილება და ცოდნა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ პანდემიის პირობებში და რა მოლოდინები უნდა გვქონდეს.

კორონა ვირუსთან საბრძოლველად ქვეყნების და მთავრობების არსენალში ორი ძირითადი სტრატეგიაა. პირველი - გულისხმობს მკაცრი შეზღუდვების და კონტროლის გაგრძელებას, სანამ ქვეყნის შიგნით პრაქტიკულად არ აღმოიფხვრება შიდა გავრცელება და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდება ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას (ჩინეთის და ახალი ზელანდიის მაგალითი). ან მეორე - ეპიდემიის დონის შემცირება იქამდე, სანამ მისი მართვის საშუალება არ მიეცემა ჯანდაცვის სისტემას. ასეთ დროს გავრცელების დონის შემცირებასთან ერთად იხსნება შეზღუდვებიც, ხოლო გავრცელების ტემპის ზრდის შემთხვევაში კვლავ მკაცრდება. (ამერიკა და ევროპის ქვეყნების უმრავლესობა).

საქართველოში შემთხვევათა რაოდენობა საკმაოდ მცირეა და ბოლო დღეებში ახალ შემთხვევათა რაოდენობა ერთეულებს არ აღემატება, თუმცა ინფიცირების წყაროების დადგენა უმეტეს შემთხვევაში მაინც ვერ ხერხდება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას რომ შეზღუდვების მოხსნა, უფრო მეტად მეორე სტრატეგიას ეფუძნება.

ახალი სოციალური რეალობა

შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გვთავაზობენ იმ ნორმებსა და სტანდარტებს რომლის დაცვაც სავალდებულო იქნება თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კი ურბანულ ცენტრებში.

პირველ რიგში, ჩვენი მუდმივი თანამგზავრი გახდება პირბადე. უახლოეს კვირებში და თვეებში, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება სხვადასხვა დაწესებულებებსა და ობიექტებში. პირბადეებთან ერთად, სავალდებულო იქნება დეზობარიერების მოწყობა და ანტისეპტიკური და ჰიგიენური საშუალებების გამოყენება.

ასევე გარკვეული პერიოდი ძალაში დარჩება დიდი რაოდენობით ადამიანების შეკრების შეზღუდვა. თუმცა, ამ შეზღუდვას სამედიცინო განზომილებასთან ერთად აქვს პოლიტიკური განზომილებაც. საარჩევნო წელს, მასობრივი შეკრებები განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია პოლიტიკური სუბიექტებისთვის და შესაბამისად, პარტიები შეეცდებიან გარკვეული წესებისა და ნორმების დაცვით მსგავსი შეკრებების დაშვების ლეგიტიმაციას.

მნიშვნელოვანი იქნება ცვლილებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარების მიმართულებით. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, მგზავრებს მოუწევთ როგორც პირბადის ტარება, ასევე სოციალური დისტანცირების დაცვა, რაც საკმაოდ რთული მისაღწევი იქნება. ეკონომიკური და საგანმანათლებლო საქმიანობის სრულად არღდგენის შემთხვევაში, მოსალოდნელია მგზავრთა ნაკადების მკვეთრი ზრდა. ყველას გვახსოვს, პიკის საათებში გადაჭედილი მეტროს ვაგონები და ავტობუსები და შესაბამისად, სოციალური დისტანცირების დაცვა მოითხოვს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელოვან მოდიფიკაციას და მონიტორინგის გაძლიერებას (სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდა, დამატებითი თანამშრომლები კონტროლისთვის და ა.შ).

შეიცვლება სერვისების მიღების პროცედურები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებში. მოხდება მომსახურების გარკვეული ნაწილის დიჯიტალიზაცია, ხოლო გარკვეულ ნაწილზე გავრცელდება სპეციალური ნორმები და სტანდარტები. გარკვეულწილად, კორონა ვირუსმა შეიძლება ბიძგი მისცეს, მომსახურების სფეროში პროცედურების გამარტივებას, გასწრაფებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, სხვა შემთხვევაში სისტემა ვერ შეძლებს მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობით სერვისების მიწოდებას.

ცვლილებები შეეხება კვების ინდუსტრიასაც. ახალი რეკომენდაციების მიხედვით, კვებით ობიექტებში, მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 ადამიანისა (გამონაკლისია 12 წლამდე მოზარდი) და მათ შორის არანაკლებ ერთმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული. ასევე, კვების ობიექტებმა უნდა უზრუნველყონ თანამშრომლების ყოველდღიური თერმო-სკრინინგი, ერთჯერადი მენიუები და მაგიდებს შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა. რეგულაციები ასევე შეეხებათ კვებითი ობიექტების სამზარეულოებს, სადაც ასევე დაცული უნდა იყოს სტანდარტები (დისტანცია, ჰიგიენა და ა.შ).

ჯერ-ჯერობით არ ყოფილა საუბარი კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სოციალური დისტანცირების დაცვა სავალდებულო გახდება ისეთ დაწესებულებებში როგორებიცაა: კინო, თეატრი, საკონცერტო დარბაზები, სტადიონები და ა.შ ეს თავისთავად დაკავშირებული იქნება ფინანსურ ხარჯებთან და შემცირებულ შემოსავლებთან ამ დაწესებულებებისთვის.

უცნობია, ასევე ექნება თუ არა გავლენა კორონა ვირუსს თავად საარჩევნო პროცედურებზე (იგულისხმება არჩევნების დღე). სავარაუდოა, რომ საარჩევნო უბნებზე მოხდება ჰიგიენური სტანდარტების დაცვა და სოციალური დისტანცირების უზრუნველყოფა როგორც უბნის შიგნით, ასევე გარე პერიმეტრზე.

მუდმივი მზაობა დამატებითი შეზღუდვებისთვის

ეპიდემიოლოგები და ვირუსოლოგები ვარაუდობენ რომ Covid-19 ახალი ძალებით დაბრუნდება შემდგომასა და ზამთარში და შესაბამისად მანამ, სანამ გვექნება ვაქცინა, მოსახლეობა და ბიზნესი უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ შესაძლოა ისევ გამკაცრდეს შეზღუდვები. აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტი მუშაობს შეზღუდვების შესახებ ახალი კანონპროექტის მიღებაზე, რაც მთავრობას გაუადვილებს ახალი შეზღუდვების შემოღებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე (ანუ პარლამენტისა და პრეზიდენტის თანხმობის გარეშე), რაც მიანიშნებს იმაზე რომ მთავრობას სურს გაზარდოს მისი ელასტიურობა პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და შეზღუდვების მიმართულებით.

სახელმწიფოს, ისევე როგორც კერძო სექტორის ამოცანა უნდა იყოს, არსებულ გამოცდილებაზე დაფუძნებით, მომდევნო საკარანტინო პერიოდის დროს (თუ ამის საჭიროება დადგება), რაც შეიძლება ნაკლები ეკონომიკური დანახარჯებით და მომზადებული სოციალური პროგრამებით შევხვდეთ და შესაბამისად, გაცილებით მეტად შევამციროდ ამ შეზღუდვებისგან მიღებული ზიანი.

დავით ნაროუშვილი

20.05.2020
ნახვა 1222

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

შეიქმნება თუ არ დეფიციტი საკვებ პროდუქტზე?

რა ბედი ელის საქართველოს?
10 თვე