მთავარი უსაფრთხოება შეიქმნება თუ არ დეფიციტი საკვებ პროდუქტზე?

შეიქმნება თუ არ დეფიციტი საკვებ პროდუქტზე?

რა ბედი ელის საქართველოს?
19.05.2020
ნახვა 2461

დღეს, მსოფლიოში, ძირითადი საკვებ პროდუქტების საკმარისი მარაგი არსებობს, თუმცა პრობლემა შეფერხებული სასურსათო მიწოდების ქსელია, რაც მნიშნელოვან გამოწვევებს ქმნის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის.

მას შემდეგ რაც ცხადი გახდა, რომ გაურკვეველი ვადით კარანტინის რეჟიმში მოგვიწევდა ცხოვრება, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მასობრივად დაიწყო საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საკვები პროდუქტების მომარაგება. ყიდულობდნენ ყველაფერს, რასაც მათი აზრით რაიმე სარგებელი შეიძლება ჰქონოდა მოსალოდნელ აპოკალიფსის დროს. მიუხედავად იმისა, რომ არც აპოკალიფსი დადგა და ქვეყნებიც ნელ-ნელა უბრუნდებიან ნორმალური ცხოვრების რიტმს, დისკუსია თემის ირგვლივ კვლავ აქტუალურია, რადგან რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, არსებობს რისკები, რომ საკვებ პროდუქტებზე შეიქმნება დეფიციტი და/ან მათი ღირებულება გაიზარდება. COVID-19-ის პანდემიამ, უკვე შეიწირა 316 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მოსალოდნელია, რომ 195 მილიონ ადამიანზე მეტს სამსახურის გარეშე დატოვებს. კრიზისი შეეხო ეკონომიკის ყველა დარგ და გამონაკლისი არც საკვები პროდუქტები და სოფლის მეურნეობაა. კორონავირუსის პანდემიის შედეგად, დესტაბილიზებულია სასურსათო მიწოდების ქსელის ყველა დონე - დაზარალებულია ფერმერი, გადამამუშავებელი ქარხნები, გადამზიდავები კომპანიები, დისტრიბუტორები თუ სუპერმარკეტების ქსელები.

პროტექციონიზმი, მცდარი სტრატეგია კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად

საკუთარი ბაზრის სტაბილურობისა და მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფის მიზნით, ბევრმა ქვეყანამ გარკვეული საკვები პროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა. მაგალითად, ვიეტნამმა, ბრინჯის სიდიდით მესამე მიმწოდებელმა ბრინჯის ექსპორტი აკრძალა, თუმცა შეზღუდვა მოგვიანებით მოიხსნა. ანალოგიურად მოიქცა სერბეთი, მზესუმზირის ზეთის უდიდესი ექსპორტიორი, ყაზახეთი და რუსეთი, მსოფლიოში ფქვილის ორი უმსხვილესი ექსპორტიორი.

პანდემია და მსგავსი გლობალური კრიზისები ისედაც ცვლის ადამიანების მსყიდველობით ქცევას. მოსახლეობა ცდილობს დაიმარაგოს არამალფუჭებადი პროდუქტი, რაც მოთხოვნას ასეთ პროდუქტებზე მკვეთრად ზრდის. მსგავს ვითარებაში, ვაჭრობის შეზღუდვა ყოვლად გაუმართლებელია, რადგან იგი აზიანებს მწარმოებლებს, მომხმარებლებს, ქმნის კიდევ უფრო მეტ პანიკას ბაზრებზე და დიდი რისკის ქვეშ აყენებს იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს. აუცილებელია, რომ საერთაშორისო ვაჭრობა დარჩეს ღია, ყოველგვარი ბარიერებისა და შეზღუდვების გარეშე, რათა სურსათის გლობალური სავაჭრო ქსელი კიდევ უფრო არ დაზიანდეს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეფასებების საფუძველზე, 2020 წელს ხორბლისა და სიმინდის მარაგები წინა წელთან შედარებით, ბევრად მეტია. მართლაც, მიმდინარე წელს ხორბლის რეკორდული მოსავლის პროგნოზია – 280 მლნ ტონა და არსებობს ვარაუდი, რომ პროდუქციის სიჭარბის გამო ფასი დაეცემა და ფქვილის დეფიციტი არ შეიქმნება. იგივე ტრენდი შეინიშნება ბრინჯის მარაგების შემთვევაშიც. შესაბამისად, ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მიერ ამ საკვანძო პროდუქტებზე ექსპორტის შეზღუდვა/აკრძალვა, გაუმართლებელია.

შეფერხებული მიწოდების ქსელი

ექსპერტების შეფასებით, პრობლემა არა იმდენად მარაგებშია, რამდენადაც პანდემიის გამო მოშლილ მიწოდების ქსელშია. იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების დიდი მაჩვენებელებია, მაგალითად, აშშ, რუსეთი, ბრაზილია, უკვე არსებობს და მომავალშიც იქნება მუშა-ხელის პრობლემა. მაგალითად, ღორის ხორცის გადამამუშავებელი ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხანა Smithfield Foods მას შემდეგ დაიხურა, რაც კოროვირუსი 200-ზე მეტ თანამშრომელს დაუდასტურდა. რიგმა სუპერმარკეტებმა, აშშ-ში უკვე დაიწყეს ხორცის შესყიდვაზე შეზღუდვების დაწესება, რადგან დიდი საწარმოების დახურვის გამო, ვეღად ხდება მომხმარებლამდე საკმარისი რაოდენობის ხორცის მიწოდება. ეს გამოცდილება კიდევ უფრო კარგად აჩვენებს თუ რამდენად არამდგრადია დიდი ზომის ფერმერული მეურნეობები და მათზე დამოკიდებულება. ევროკავშირში, სადაც ხორცის წარმოება და გადამუშავება ნაკლებად კონსოლიდირებულია, არსებობს ბევრი მცირე ზომის საოჯახო მეურნეობა და მრავალი, ასევე მცირე ზომის გადამამუშავებელი ქარხანა, ხორცის მიწოდების პრობლემა არ შექმნილა. საბოლოოდ, კორონავირუსმა, ჩაკეტილმა საზღვრებმა, დაინფიცირების გამო შემცირებულმა მუშახელმა ნამდვილად მოშალა სურსათის მიწოდების ქსელი საერთაშორისო მასშტაბით.

სავაჭრო ნაკადების შეფერხება კი ყველაზე უფრო მეტად დაარტყავს მათ, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება დახმარება, კერძოდ, კონფლიქტის ზონასა და ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრებ მოსახლეობას. იმის ფონზე, რომ კიდევ დიდხანს მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად ცხოვრება და, სავარაუდოდ, შემოდგომის ბოლოსკენ კიდევ მოიმატებს დაინფიცირებულთა რიცხვი, აუცილებელია, რომ არ შეფერხდეს ვაჭრობა, სურსათის მიწოდება, რადგან მილიონობით ადამიანის სიცოცხლე სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

რა ბედი ელის საქართველოს?

საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ვყიდულობთ ყველაფერს, ხორბლიდან დაწყებული, მზესუმზირის ზეთით დამთავრებული. მაგალითისთის, საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 130 ათას ტონაზე მეტ ხორცს და ხორცპროდუქტებს მოიხმარს, საიდანაც დაახლოებით 40%-მდე ადგილობრივ წარმოებაზე მოდის, დანარჩენი 60% კი იმპორტირებულია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ მნიშვნელოვნად დაზარალდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში, შესაძლოა გარკვეულ პროდუქტებზე დეფიციტი შეიქმნას და ფასი გაიზარდოს.

ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებამდე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 18 კატეგორიის სურსათის (ბურღულელული, ხორბალი, მარილი, შაქარი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი, დაკონსერვებული პროდუქცია) მონიტორინგი დაიწყო, რათა ქვეყანაში, მათზე დეფიციტი არ შექმნილიყო. ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევის მიზნით, შემუშავდა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“. ყველა იმ იმპორტიორ კომპანიისთვის, რომელმაც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით შემოიტანა 9 ძირითადი პროდუქტი საქართველოში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოხდ სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება. მართლაც, ამ ეტაპზე, ძირითად პროდუქტებზე ფასები საგრძნობლად არ გაზრდილა, თუმცა ფასის დაზღვევა გრძელვადიან პერიოდში შეუძლებელია და თუ გავითვალისწინებთ ჩვენს სამეზობლოში შექმნილ მდგომაეობას, რისკები ცალსახად არსებობს.

ასეთ დროს, კრიტიკულია პარტნიორების დახმარება. აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, უახლოეს მომავალში ამერიკისგან საქართველო საჩუქრად კიდევ 27 000 ტონა ხორბალს მიიღებს. იმავე რაოდენობის ხორბალი აშშ- საქართველოს დეკემბერშიც აჩუქა.

შეუძლებელია საქართველოსნაირმა პატარა ქვეყანამ აწარმოოს ყველაფერი და გახდეს სრულიად თვითკმარი ეკონომიკა, თუმცა, არსებული რესურსების გათვალისწინებით, ქვეყანას აღარ უნდა სჭირდებოდეს ხორცისა და ბოსტნეულის სხვა ქვეყნებისდან იმპორტი. ამ ეტაპზე, მმართველი ძალა ირწმუნება, რომ ქვეყანაში სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროება არ არსებობს. თუმცა ვირუსი, ჯერ-ჯერობით, არსად წასვლას არ აპირებს, შესაბამისად, საქართველომ, უნდა შეწყვიტოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების მისაღებად სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება.

ჟანა სირბილაძე

19.05.2020
ნახვა 2461

კომენტარები