მთავარი პოლიტიკა ქართული ოცნების მიზანსცენა

ქართული ოცნების მიზანსცენა

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა
16.05.2020
ნახვა 1053

ფოტო: @ სალომე ზურაბიშვილი

 

Казнить нельзя помиловать - ამ ცნობილ რუსულ სავარჯიშოში, წერტილ-მძიმის გადანაცვლებით შეიძლება ან ადამიანი ეშაფოტზე გაუშვა, ან შეიწყალო. 2020 წლის 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა ამ წინადადების შუაში დასვა მძიმე, შესაბამისად შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

პოლიტიკური ორომტრიალი

რამდენადანაც მოულოდნელად არ უნდა ჩანდეს ეს გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ 9 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა: „სახელმწიფო ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო თავისი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, ყველაფერს შეასრულებს.“ თუმცა, შემდგომ დღეებში პირველი ქართული პოსტ-კორონავირუსული მწავე პოლიტიკური დისკუსია კაზუისტიკამდე დავიდა. კერძოდ მხარეები დაობდნენ თუ ვინ რას გულისხმობდა 8 მარტის შეთანხმებაში. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს, შესაბამისად ვერანაირ გასათავისუფლებელ სიაზე შეთანხმება ვერ მოხდებოდა. ასევე საუბარი იყო რომ შეთანხმება ეხებოდა სასამართლო რეფორმას და არა კონკრეტულ პირებს. გამოითქვა მოსაზრება რომ ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დანაწილება, გამორიცხავს მმართველი პარტიის მიერ დაპირებების გაცემას, რომელიც სხვა შტოებს ეხება.

დასავლეთი დუმილს არღვევს

საქართველოს მმართველი ძალის ორჭოფობის ფონზე, ევროკავშირმა და აშშ-მ ცალსახა პოზიცია დაიჭირეს 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. მათ „ქართულ ოცნებას“ ხელშეკრულების ტექსტის ორმაგი ინტერპრეტაციების გზა მოუჭრეს. ითქვა რომ შეთანხმება ორ ნაწილიანი იყო, რომლის პირველი ნაწილი შეეხებოდა საარჩევნო სისტემის რეფორმას, ხოლო მეორე სასამართლო სისტემაში ჩარევის აღკვეთას. ამავდროულად სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ტვიტმა, ყოველგვარი ორაზროვნება დაუკარგა შეთანხმების მეორე პუნქტს: ის სწორედაც რომ გარკვეული პირების განთავისფულებას მოიცავდა.

პოლიტიკური ჭირვეულობა

ბუნებრივია, არცერთი ქვეყნის არცერთი ხელსიუფლება არ აღიარებს, რომ მის ციხეებში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები სხედან. შესაბამისად, 15 მაისამდელი განცხადებები შეგვიძლია განვიხილოთ როგორც „ოცნების“ ცრუ პოზიციონირება, რომლის მიზანი საკუთარ ამომრჩეველში სახელის შენარჩუნებაა. იცოდნენ რა რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწევდათ, ქართულმა ოცნება ასეთი მიზანსცენა გაითამაშა: მათ მოახდინეს შეთანხმების რეინტერპრეტაცია ისე რომ ნაკისრი ვალდებულებები არ მოიცავდა არავის განთავისუფლებას, უარყვეს პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი, და შემდგომში უკვე გამოშვების არასასიამოვნო პროცედურა ქალბატონ პრეზიდენტს გადააბარეს. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუციურ სისუსტეს, ასევე მისი წარდგენის ისტორიასა და არჩევის პერიპეტიებს, ეჭვგარეშეა რომ ის ქართული ოცნების მიმართად ლოიალარუად განწყობილია. შესაბამისად ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტს კონსულტაციების გავლის გარეშე მიეღო. ოცნების მესვეურთა მხრიდან შეწყალების შემდეგ გაკეთებული განცხადებებიც, რომელსაც პრეზიდენტის მსუბუქი კრიტიკის ელფერი დაჰკრავს, გვაფიქრებს რომ ეს გათამაშებაც თავდაპირველი სცენარის ნაწილი უნდა იყოს.

გიორგი ხატიაშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

16.05.2020
ნახვა 1053

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

პოლიტპატიმრების განთავისუფლება

პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი თუ პოლიტიკური ბრძოლის იარაღი?
10 თვე

Pacta sunt servanda ანუ შეთანხმებები უნდა შესრულდეს

თუ სახელმწიფო რაიმე ვალდებულებას იღებს ანდა საერთაშორისო...
11 თვე