მთავარი პოლიტიკა პოლიტპატიმრების განთავისუფლება

პოლიტპატიმრების განთავისუფლება

პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი თუ პოლიტიკური ბრძოლის იარაღი?
14.05.2020
ნახვა 1145

ფოტო: 1tv.ge

 

საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი და ამ ფონზე ჯერ კიდევ გაურკვეველია ის, თუ რა სისტემით ჩატარდება არჩევნები, რაც საკმაოდ არაჯანსაღი პროცესია დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე სახელმწიფოსთვის.

შეთანხმება ჩაშლის პირასაა

8 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის მოდელზე და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაც, წესით დროულად უნდა გახორციელებულიყო. თუმცა, დღეის მდგომარეობით შეთანხმება ჩაშლის პირასაა და ამის მიზეზი შეთანხმების ე.წ მეორე ნაწილია, რომელიც სასამართლო პროცესებში პოლიტიკურ ჩარევას ეხება.

ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვანაირად განმარტავს შეთანხმების მეორე ნაწილს და ორივე მხარე ცდილობს, მისი პოზიციების გასამყარებლად დაიმოწმონ მოლაპარაკების პროცესში ჩართული ფასილიტატორები (დიპლომატები).

ერთი შეხედვით, პროცესზე გარე დამკვირვებლისთვის, შესაძლოა გაუგებარი იყოს თუ რატომ გადავიდა შეთანხმების ძირითადი ფოკუსი მეორე ნაწილზე, მაშინ როცა მთელი ამ მოლაპარაკებების მამოძრავებელი სტიმული სწორედ საარჩევნო მოდელზე შეთანხმება იყო. პასუხის გასაგებად, უნდა განვიხილოთ ის მოტივები რაც ამოძრავებთ შეთანხმების მხარეებს და განსაკუთრებით ხელისუფლებას.

ხელისუფლების მიდგომა

ხელისუფლებას, მას შემდეგ, რაც მათ ჩააგდეს დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, სურდა აღედგინა მისი შელახული იმიჯი როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორიის თვალში. შესაბამისად, მათ არ ქონდათ სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ წასულიყვნენ დათმობაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშრიებით. თუმცა, მათ ჩათვალეს, რომ ამ დათმობის შემდეგ, აღარ არის საჭირო შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა შეთანხმების ტექსტში პირდაპირ არ ყოფილა მითითება პოლიტიკურ პატიმრებზე. ამას აქვს ორი მიზეზი: პირველი - პატიმრების განთავისუფლების შემთხვევაში, ხელისუფლება ცალსახად დაადასტურებს სასამართლო სისტემაში არსებულ პოლიტიკურ გავლენებს, ასევე იმას რო ქვეყანაში ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, რაც ფაქტიურად იმის აღიარებაა, რომ ხელისუფლების დანაწილებისა და დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპები ქვეყანაში მორღვეულია. ეს შესაძლოა ასეც არის, მაგრამ ამის აღიარება მმართველი ძალის მხრიდან კატასტროფის ტოლფასია. მეორე - ელექტორალური გათვლები. პატიმრების გათავისუფლებით, ხელისუფლება დაკარგავს ბოლო დროს (განსაკუთრებით პანდემიასთან ბრძოლის პროცესში) შეძენილ რეიტინგსა და იმიჯს. COVID-19-თან ბრძოლის პერიოდის განმავლობაში, ხელისუფლებამ უამრავი რესურსი დახარჯა საკუთარი რეიტინგისა და იმიჯის რეაბილიტაციისთვის, და ახლა, ამ პოზიციიდან, მას აღარ სურს დათმობაზე წასვლა და თვლის, რომ ეს მას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე სუსტად წარმოაჩენს.

შეთანხმებები უნდა სრულდებოდეს

მეორე მხრივ, არსებობს პოლიტიკის დაუწერელი პრინციპი, რომ შეთანხმებები უნდა სრულდებოდეს, ხოლო ის ვინც დააღვევს შეთანხმებას, მან შესაბამისი პოლიტიკური ფასიც უნდა გადაიხადოს. ხელისუფლებას ესმის, რომ დასავლელი პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა მათ საკმაოდ ძვირად შეიძლება დაუჯდეთ. ამიტომაც, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ოპოზიციის მხარდაჭერით მოხდეს. ქართულ ოცნებას, პარლამენტში არსებული დღევანდელი ბალანსით, ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია ცვლილებების მიღება, თუმცა, ისინი მაინც ცდილობენ ამ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის მიღებას. ერთი მხრივ, ეს განპირობებულია იმით, რომ ქართულ ოცნებას სურს პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის პროცესის წარმოჩენა დასავლეთის თვალში და მეორე მხრივ, ის ვერ ენდობა პარტიიდან წასულ დამოუკიდებელ დეპუტატებს. ოპოზიციური მხარდაჭერის ვერ მიღების შემთხვევაში, თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, შესაბამისად მნიშვნელოვნად გაიზრდება დამოუკიდებელი დეპუტატების „ფასი“. მაშინ როდესაც აღნიშნული ცვლილებების ვერ მიღება ფაქტიურად გარანტირებული კატასტროფის ტოლფასია ქართული ოცნებისთვის, დიდია ალბათობა იმისა, რომ ოცნებიდან წასულმა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გადამწყვეტ მომენტში ცვლილებების წინააღმდეგ მისცენ ხმა, საკუთარი პოლიტიკური მომავლის სასარგებლოდ.

ოპოზიციის მიდგომა

თავის მხრივ, ოპოზიციას ესმის, რომ ხელისუფლებას, მიუხედავად ბოლო დროს გაზრდილი რეიტინგისა და გარკვეულწილად რებილიტირებული იმიჯისა, მაინც სჭირდება მათი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად. ამიტომაც, ისინი რა თქმა უნდა ბოლომდე შეინარჩუნებენ მყარ პოზიციას პოლიტ-პატიმრებთან დაკავშირებით, რათა რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ხელისუფლებას წინა საარჩევნოდ როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორიის თვალში.

შესაბამისად, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. მათ მოუწევთ არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის. თუმცა, ძნელი სათქმელია სავარაუდო სცენარებიდან, რომელია ცუდი და რომელი უარესი.

დავით ნაროუშვილი

14.05.2020
ნახვა 1145

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ