მთავარი პოლიტიკა ტრიუკი გემოვნებით, ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

ტრიუკი გემოვნებით, ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

რა ბედი ელის არჩევნებს?
13.05.2020
ნახვა 1278

მტყუან-მართლის გასარკვევად, დასავლეთის კარზე მისულმა „ქართულმა ოცნებამ“, ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ევროკავშირისგან, სანაცვლოდ, ყვითელი ბარათი მიიღო.

ბოლო პერიოდია, ოპოზიციის, კერძოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, რადგან, მათივე განცხადებით, ხელისუფლებამ არ შეასრულა 2020 წლის 8 მარტს, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი, რაც პოლიტპატიმრების განთავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას გულისხმობდა. პარალელურად, ქართული ოცნება, მათ შორის პარლამეტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, სრულს პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და ამტკიცებს, რომ 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა. მტყუან-მართლის გარკვევის მიზნით, არჩილ თალაკვაძემ შეთანხმების ფასილიტატორებს მიმართა და სთხოვა, რომ საჯაროდ დაედასტურებინათ მისი განცხადების სისწორე, რომ 8 მარტის ხელმოწერილი შეთანხმებით ქართულ ოცნებას“ არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება. საბოლოოდ, არც დასავლეთის პასუხმა დააყოვნა და გზავნილები დიპლომატების შეზღუდული უფლებების გათვალისწინებით, საკმაოდ მწვავე და კატეგორიულია. როგორც ჩანს, დახურულ შეხვედრაზე ნამდვილად იყო საუბარი ზემოთჩამოთვლილი პირების გათავისუფლებაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება საჯაროდ უარყოფს. სამწუხაროდ, ქართული ოცნების მხრიდან პირობის დადება და შემდგომში მისი დარღვევა არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა, ამჯერად, შედეგები ბევრად სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ მმართველი ძალისთვის, არამედ საქართველოსთვის და ქართული დემოკრატიისთვის.

რას გულისხმობს 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება?

2019 წლის 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენების განსამუხტად, ქართული ოცნების პარტიის თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გასცა დაპირება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულიად პროპორციული წესით ჩატარდებოდა. თუმცა, 2019 წლის 14 ნოემბერს, ქართულმა ოცნებამ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში ჩააგდო, რამაც კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანა პოლიტიკური პროცესები. შედეგად, მოლაპარაკებებში პარტნიორი ქვეყნების ელჩები ჩერთვნენ და რამდენიმე თვიანი დიალოგის შედეგად, 2020 წლის 8 მარტს მიღწეულ იქნა კომპრომისული შეთანხმება, რომლის თანახმადაც მომავალ პარლამენტში, პროპორციული წესით 120, ხოლო მაჟორიტარული წესით 30 დეპუტატი იქნებოდა არჩეული. საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზეც.

დღეს, დავის საგანი სწორედ ეს მეორე ნაწილია. ოპოზიციის მტკიცებით, ამ შეთანხმების მიზანი მათ მიერ პატიმრებად მიჩნეული პირების, კერძოდ გიგი უგულავას, ბესიკ თამლიანის, გიორგი რურუას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას გულისხმობდა. შეხვედრაზე, რომ ნამდვილად დასახელდნენ კონკრეტული პირები, ადასტურებს „პატრიონთა ალიანსის“ ლიდერიც, ირმა ინაშვილი, რომელიც ჩამოთვლილ პირებს არ სცნობს პოლიტპატიმრებად და, შესაბამისად, მემორანდუმის ამ ნაწილს სწორედ ამ მიზეზით არ დაუჭირა მხარი. ის, რომ ტექსტში ნახსენებია პრეზიდენტი, როგორც შეწყალების დისკრეციული უფლების მქონე პირი, სწორედ იმით აიხსნება, რომ ზემოთჩამოთვლილი პირების გათავისუფლებაზე ნამდვილად იყო საუბარი. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე გათავისუფლებულია გათავისუფლებულია მხოლოდ 20 ივნისის მოვლენების გამო გასამართლებული ბესიკ თამლიანი.

ფასილიტატორების პოზიცია

11 მაისს გავრცელდა „საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების“ ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, 8 მარტის ისტორიული შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება, „ ერთი საარჩევნო სისტემას შეეხება, ხოლო მეორე კი - სასამართლო სისტემაში შესაძლო რეაგირებას. მსგავსი განცხადება გააკეთდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ გვერდზეც და ასევე განიმარტა, რომ ფასილიტატორების როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას, რასაც არჩილ თალკვაძე და, მმართველი ძალა მათგან ითხოვდა. მიუხედავა იმისა, რომ დიპლომატიური კორპუსი შეზღუდულია მკაფიო პოლიტიკური განცხადებების გაკეთების მხრივ, გავრცელებული ტექსტი საკმაოდ კატეგორიული და ინფორმაციულია. ნამდვილად დასტურდება, რომ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორი ნაწილი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, შესაბამისად, უნდა შესრულდეს ორივე პირობა.

მოგვიანებით, 12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშიმ გააკეთა კიდევ უფრო კონკრეტული განცხადება, რამაც დაადასტურა, რომ 8 მარტს არამხოლოდ სასამართლო სისტემისგან ჩაურევლობაზე, არამედ, კონკრეტულად, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეც იყო საუბარი. „ ჩვენ ველით პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემის მიღების ჩათვლით“,- ნათქვამია ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში.

რიშის კომენტარს გუშინვე გამოეხმაურა ქართული ოცნებისაღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი“ ერთმნიშვნელოვნად ეფუძნება არასწორ ინფორმაციას, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციისგან მუდმივად იღებს ამერიკული მხარე და მისივე თქმით, სინამდვილეში, საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები. აშშ-ს დადანაშაულება საქართველოზე საკმარისი ინფორმაციის არქონაში, მინიმუმ საშიში და არაპროფესიონალურია და „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მთავარი პარტნიორის მისამართით მსგავსი ბრალდებების წაყენებას.

რა ბედი ელის არჩევნებს?

საკონსტიტუციოცვლილებებისგანხორციელებასპარლამენტისსრულიშემადგენლობისარანაკლებსამიმეოთხედის, ე.ი. 113 დეპუტატისმხარდაჭერასჭირდება. ამ ეტაპზე, „ ქართულ ოცნებას“ 93 წევრი ჰყავს, თუმცა, ორი ოპოზიციური ფრაქციის, დამოუკიდებელი დეპუტატებისა“ და ” პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“, ასევე 17 დამოუკიდებელი დეპუტატის დახმარებით, რომლებიც მხარს უჭერენ აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, „ქართული ოცნება“ შეძლებს საკმარისი ხმების მოგროვებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მხარდაჭერის გარეშეც. შესაბამისად, თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, მომავალი საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდება.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, აუცილებლად მოიმატებს ბრალდებები, სპეკულაციები, ზოგადად, აიწევს პოლიტიკური ტემპერატურა. რა თქმა უნდა, პროცესების სწორად წარმართვაში, მისივე პოზიციიდან გამომდინარე, გადამწყვეტი როლი ხელისუფლებას ეკისრება. შიდა დონეზე, აქამდე ნაცადი ტრიუკები ახლა უკვე საერთაშორისო პარტნიორებთან, კარგად არ დასრულდება. იმედი ვიქონიოთ, რომ „ქართული ოცნება“ სასწორზე, საკუთარ რეპუტაციასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს, საქართველოს მომავალსა და ქართულ დემოკრატიასაც არ დადებს.

ჟანა სირბილაძე

13.05.2020
ნახვა 1278

კომენტარები