მთავარი საგარეო პოლიტიკა დიალოგის ხელოვნება რუსულად

დიალოგის ხელოვნება რუსულად

მოსკოვი საქართველოს და უკრაინას საპარლამენტო დიალოგის აღდგენას სთავაზობს
10.05.2020
ნახვა 1819

რუსეთის შეთავაზება

7 მაისს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა „Russia Today“-ის მიერ ორგანიზებული ვიდეოხიდის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი საქართველოსა და უკრაინასთან. „ჩემი კოლეგების, რუსი პარლამენტარების სახელით, მსურს დავადასტურო ჩვენი საყოველთაო მზაობა საპარლამენტო დიალოგის სრული მასშტაბით აღდგენისკენ, ჩვენს თანამოაზრეებსა და ოპონენტებთან“, – მიმართა კოსაჩევმა უკრაინის რადას დეპუტატ ოლეგ ვოლოშინსა და პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს, რომლებიც ასევე იღებდნენ ღონისძიებაში მონაწილეობას. კოსაჩევის თქმით, რუს პარლამენტარებს მწვავე თემების განხილვის არ ეშინიათ და მზად არიან, თანამოსაუბრეების არგუმენტები მოისმინონ. მისი შეფასებით, სწორედ პარლამენტარებმა უნდა წამოიწყონ ასეთი დიალოგი, როცა სხვა დონეზე ურთიერთობების აღდგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.

გარდა ამისა, 1 მაისს, რუსულ-ქართული დიალოგის შესაძლებლობა განიხილეს „ალექსანდრე გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის ფონდისა“ და „ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ ერთობლივ ონლაინ კონფერენციაზეც. კონფერენციაში მონაწილე ექსპერტებმა ისაუბრეს პანდემიის პირობებში ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე, საბანკო სექტორსა და სავალუტო ბაზრების სფეროში არსებულ ტენდენციებზე, მიგრაციის პროცესებსა და ტურისტული სექტორის მომავალზე.

გორჩაკოვის ფონდი“, რომელიც 2010 წელს, რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა, რუსეთის ე.წ. „რბილი ძალის“ პოლიტიკის აქტიური გამტარებელია პოსტსაბჭოთა სივრცეში. საინტერესოა, რომ აღნიშნული ფონდის სამეურვეო საბჭოში შედის კონსტანტინ კოსაჩევიც. როგორც ჩანს, საქართველოსთან ურთიერთობის „დათბობა“ ამ ეტაპზე, კოსაჩევს აქვს მინდობილი.

ქართული მხარის რეაქცია

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ, კოსაჩევის შეთავაზებაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ასეთი დიალოგისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს რუსეთის მხარის მზაობა ისეთი რთული საკითხების განსახილველად, როგორებიცაა, ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პრობლემატიკა და სხვა. მისი აზრით, რუსეთის მხრიდან არანაირი მზაობა არ იკვეთება ამ რთული საკითხების განსახილველად.

ანალოგიური რეაქცია ჰქონდათ საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებსაც: ისინი თანხმდებიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში საუბრის დაწყებამდე, რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

რატომ იჩენს რუსეთი ინიციატივას?

საინტერესოა, რომ რუსული მხარე, ამ დრომდე, საქართველოს აკისრებდა პასუხისმგებლობას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის გამო და ოფიციალური თბილისისგან ელოდა პირველი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, მოულოდნელად, გაყინული ურთიერთობის აღდგენის ინიციატივა სწორედ რუსეთის ფედერაციის საბჭოსგან წამოვიდა, „რუსი პარლამენტარების“ სახელით.

საყურადღებოა, რომ საპარლამენტო ურთიერთობის აღდგენის შეთავაზება საქართველოსა და უკრაინის მიმართ, კრემლის პროპაგანდისტული მედია-პლატფორმის, „Russia Today“-ის საშუალებით მოხდა, რომელსაც მსოფლიოს ირგვლივ, საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს. აღნიშნული მიუთითებს, რომ რუსეთი დიალოგის შეთავაზებით, კვლავ მშვიდობისმყოფელის ნიღბის მორგებას ცდილობს საერთაშორისო არენაზე. რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, კრემლს სურს რუსეთის, როგორც აგრესორი ქვეყნის იმიჯის დამსხვრევა იმ ქვეყნებისთვის დიალოგის შეთავაზებით, რომელთა ტერიტორიებიც აქვს მიტაცებული და რომელთა ოკუპაციას დღემდე განაგრძობს.

შესაძლოა, კრემლში ფიქრობენ, რომ ახლა სწორედ ხელსაყრელი დრო შეარჩიეს საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად, რადგან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომების გამო, მოსახლეობას პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მიეცემა (მოსკოვში კარგად ახსოვთ, რა მწვავე საზოგადოებრივი პროტესტიც მოჰყვა გასულ ზაფხულს, თბილისში სერგეი გავრილოვის ვიზიტს). თუმცა, ქართული პოლიტიკური სპექტრის პასუხი იმდენად ნეგატიური აღმოჩნდა, რომ რუსული თვალით დანახული „უმადური ქართველი ერი“ მეტად აღარ უნდა ელოდოს „ერთმორწმუნე მეზობლისგან“ მსგავსი „სიკეთის“ შეთავაზებას.

ანა ჯაფარიძე

10.05.2020
ნახვა 1819

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

„სიყვარულით რუსეთისგან“

ანუ როგორ მუშაობს რუსული სადეზინფორმაციო კამპანია კორონავირუსის...
1 წელი

ლუგარის ლაბორატორია - იმპერიული აკვიატება

რუსეთი და ჩინეთი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ამერიკულ...
1 წელი