მთავარი საგარეო პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს თავჯდომარედ დანიშვნა და იმპლიკაციები საქართველოში

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს თავჯდომარედ დანიშვნა და იმპლიკაციები საქართველოში

რატომ გახდა სააკაშვილი ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების მიზეზი?
09.05.2020
ნახვა 2280

ფოტო: ინტერპრესნიუსი

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 7 მაისს უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს თავჯდომარედ დაინიშნა. სააკაშვილი თანამდებაზე წარდგენა და დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტის - ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით მოხდა.

სააკაშვილის აღნიშნულ პოსტზე დანიშვნას წინ უძღოდა დიდი პოლიტიკური მღელვარება როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და საქმე თითქმის ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვამდე მივიდა.

საქართველოს ხელისუფლებამ, სააკაშვილის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ კონსულტაციებისთვის უკრაინიდან გამოიძახა საკუთარი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, რასაც ნეგატიური რეაქციები მოყვა როგორც უკრაინის ხელისუფლებისა და დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი წარმომადგენლებისგან, ასევე თავად ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოებაში.

უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენი ევრო-ატლანტიკური საგარეო პოლიტიკური ვექტორები, ისევე როგორც უსაფრთხოების გამოწვევები მეტ წილად თანხვედრაშია ერთმანეთთან. განსაკუთრებით პოზიტიური ურთიერთობა არსებობს ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის, ასევე მაღალია კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის დონე. მაშასადმე, ლოგიკურად ისმის კითხვა, თუ რატომ და როგორ შეიძლება გახდეს ერთი ადამიანის (თუნდაც ეს ადამიანი მნიშვნელოვანი პერსონა და ყოფილი პრეზიდენტი იყოს) თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინაში, ამხელა პოლიტიკური მღელვარების მიზეზი, განსაკუთრებით ქვეყნებს შორის ასეთი თანამშრომლობის და პარტნიორობის ფონზე.

მოვლენების ქრონოლოგია

მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის ახალი ფენომენი და ეს არც მისი პირველი ოფიციალური თანამდებობაა უკრაინაში.

პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ, 2013 წელს მიხეილ სააკაშვილმა დატოვა საქართველო, რაც დიდ წილად მის მიმართ მოსალოდნელი სამართლებრივი დევნით იყო განპირობებული. სააკაშვილი ჯერ აშშ-ში პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული, ხოლო შემდეგ საქმიანობა უკრაინაში განაგრძო. საქართველოს ექს-პრეზიდენტს პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს გადაწყვეტილებით 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, რამაც ავტომატურად გამოიწვია საქართველოს მოქალაქეობის ანულირება და შესაბამისად, 2015 წლიდან მოყოლებული მიხეილ სააკაშვილი აღარ არის საქართველოს მოქალაქე. 2015 წლის თებერვალში, პრეზიდენტ პოროშენკოს წარდგინებით სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარედ დაინიშნა, ხოლო მოგვიანებით იმავე წლის მაისში ის ოდესის გუბერნატორი გახდა. 2016 წლის ნოემბერში, პრეზიდენტ პოროშენკოსთან დაპირისპირების გამო, სააკაშვილმა ჯერ გუბერნატორის თანამდებობა დატოვა, შემდეგ კი დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა უკრაინის სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად. პოლიტიკური პროცესების გამწვავების პარალელურად უკრაინაში, პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებამ დაიწყო მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა, რაც საბოლოოდ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით და პოლონეთში გაძევებით დასრულდა 2017 წელს. სააკაშვილი თვლიდა რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და ქვეყნიდან გაძევება არალეგალურად მოხდა და ეს პოროშენკოს ხელისუფლების უკანონო, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მის თავიდან მოსაშორებლად. უკრაინაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ 2019 წლის მაისში, პრეზიდენტ ზელენსკის ერთ-ერთი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენა იყო. ამის შემდეგ სააკაშვილი დაბრუნდა უკრაინაში და მას შემდეგ არ წყდებოდა სპეკულაციები მის სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

2020 წლის 22 აპრილს, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ სააკაშვილის კანდიდატურა წარადგინა უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე რეფორმების მიმართულებით, რაც თავად მიხეილ სააკაშვილმაც დაადასტურა. თუმცა მოგვიანებით, უკრაინის მინისტრმა საბჭომ უკან გაიწვია ეს წარდგინება (სავარაუდოდ, საკმარისი საპარლამენტო მხარდაჭერის მოპოვების პრობლემი გამო) და საბოლოოდ სააკაშვილი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს თავჯდომარედ დაინიშნა.

გაოხმაურება საქართველოსა და უკრაინაში

სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის თაობაზე ინფორმაციის გავრცელების თანავე, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა პროცესისთვის ხელის შეშლას და მის როგორც ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებისთვის საფრთხის წარმოჩენას. განცხადებების გააკეთეს უმაღლესი თანამდებობების პირებმა - პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა და პარლამენტის თავჯდომარემ. პრემიერ-მინისტრ გახარიას განცხადებით, პარტნიორის მიერ ძებნილი ადამიანის დანიშვნა ვიცე-პრემიერად კატეგორიულად მიუღებელია. პარლამენტის თავჟდომარემ წერილი მისწერა მის კოლეგას, უკრაინის ვერხოვნა რადას სპიკერს დმიტრო რაზუმკოვს, სადაც აღნიშნავდა, რომ სააკაშვილის დანიშვნა ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე შეარყევდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ სააკაშვილის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნა პრინციპულად მიუღებელია ქართული მხარისთვის. ქართული ოცნების დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა კი სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვაც არ გამორიცხა.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართულ ოცნებას ქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი ვიცე-პრემირად დანიშვნისთის საჭირო საპარლამენტო მხარდაჭერის მობილიზებას ვერ შესძლებდა და ამიტომაც იყვნენ ასეთი აქტიურები და გაბედულები. გათვლა კეთდებოდა იმაზე, რომ კანდიდატურის ჩავარდნის შემდეგ, ეს წარმოეჩინათ საკუთარ მიღწევად და გამარჯვებად. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის წარდგინების გაწვევის და მისი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს თავჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, ქართულ ოცნებას მოუწია რიტორიკის და ტონის შეცვლა. ელჩის გამოწვევის შესახებ განცხადებები გადაკეთდა ელჩის საკონსულტაციოდ გამოძახებად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭებაზე მითითებები გადაკეთდა სააკაშვილის არაკომპეტენტურობასა და წარუმატებლობაზე მითითებებით. ამას გარდა, ქართული ოცნება ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ახალი თანამდებობა ქართულ საზოგადოებაში წარმოაჩინოს როგორც უმნიშნელო და დაბალი რანგის. კახა კალაძემ კი ამ თანამდებობას მოგონილი უწოდა.

საქართველოს ხელისუფლებოს წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ ამ არც თუ ისე სასიამოვნო განცხადებებს, გამოეხმაურნენ უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები. უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და შესაბამისად, მისი თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინის შიდა საქმეა და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარის მიერ უკრაინიდან მისი ელჩის გამოძახება კონსულტაციებისთვის არასწორი ნაბიჯი და შეცდომა იყო. განცხადება ასევე გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სადაც აღნიშნა რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა არ შეიძლება გახდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვის ან შერყევის საფუძველი.

რატომ გახდა სააკაშვილი ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების მიზეზი?

სამართლებრივი პერსპექტივა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები საქართველოში 2013 წელს დაიწყო, ხოლო 2014 წელს ოფიციალურად წარედგინა ბრალი. პირველი საქმე, რომელიც სასამართლოში გადაიგზავნა განხივლისთის იყო ე.წ 7 ნოემბრის საქმე, რომელსაც შემდეგ მოჰყვა ტელეკომპანია იმედისა და პატარკაციშვილების ოჯახის ქონების მითვისების საქმეები, ასევე გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულების შეწყალების, ვალერი გელაშვილის ცემისა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეები. სულ სააკაშვილის წინააღმდეგ 10-მდე საქმე აღძრა საქართველოს პროკურატურამ, საიდანაც, სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო 4 საქმეში (7 ნოემბრის და იმედის საქმე, ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულების შეწყალების საქმეები). ჯამში, მიხეილ სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი საქართველოში.

ჩვენი ამოცანა არ არის სააკაშვილის ბრალეულობის ან უდანაშაულობის დამტკიცება, თუმცა ფაქტია რომ თავად სასამართლო და საგამოძიებო პროცესის და სტანდარტის მიმართ არსებობს უამრავი კითხვები როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სააკაშვილის ექსტრადაცია. ბრალის წარდგენის პერიოდიდან, სააკაშვილი აქტიურად საქმიანობდა აშშ-ში, უკრაინაში, პოლონეთში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში და შესაბამისად, ის რომ ქართულმა მხარემ ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების წარდგენა ამ ქვეყნებთან ექსტრადაციის შესახებ თანხმობის მისაღწევად, მიუთითებს სამართლებრივ პროცესში არსებულ ხარვეზებზე.

პოლიტიკური პერსპექტივა

ქართული ონცების პოლიტიკურ დღისწესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია ნაციონალურ მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილს. ხელისუფლებაში მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც, ქართული ოცნების პოზიციონირება ძირითადად ხდება არა საკუთარი იდეებისა და პოლიტიკების ირგვლივ, არამედ ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ, ქართული ოცნების იდენტობას გარკვეულწილად განსაზღვრავს ნაციონალური მოძრაობა და ე.წ სისხლიანი 9 წლის პარადიგმა. შესაბამისად ქართულ ოცნების წინაშე მუდმივად დგას ორი მნიშვნელოვანი ამოცანა. პირველი - შეინარჩუნოს ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირების დინამიკა, რაც თავისთავად გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის შენარჩუნებას. და მეორე - მუდმივად დააზიანოს ნაციონალური მოძრაობის იმიჟი და შექმნას მისგან „ბუა“, რომლითაც ერთი მხრივ, დააშინებს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს და მეირე მხრივ, მოახდენს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზაციას (რაც ნათლად გამოჩნდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში).

აქედან გამომდინარე, ქართულ ოცნებას აქვს მარტივი ამოცანა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. დევნილი და სუსტი მიხეილ სააკაშვილის დისტანციური აქტიურობა ქართულ პოლიტიკაში სასარგებლოა ქართული ოცნებისთვის და შესაბამისად, მოქალაქეობა ჩამორთმეული, დევნილობაში მყოფი სააკაშვილის იმიჯი აძლიერებს ხელისუფლების ელექტორალურ პოზიციებს. მაგრამ დიდ ქვეყანაში პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი შედარებით ძლიერი სააკაშვილის ფიგურა სახიფათოა როგორც შიდა პოლიტიკური პროცესისთვის ისე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთის. ქართულ ოცნებას, სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნით, ხელიდან გამოეცალა ის „ბუა“ რომლის დაბრუნებითაც ის გამუდმებით აშინებდა ამომრჩეველს და ამავდროულად ნაციონალურ მოძრაობას მიეცა მისი როგორც რეფორმატორული და ძლიერი პოლიტიკური მოძრაობის იმიჯის რეაბილიტაციის საშუალება.

დავით ნაროუშვილი

09.05.2020
ნახვა 2280

კომენტარები