მთავარი უსაფრთხოება „სიყვარულით რუსეთისგან“

„სიყვარულით რუსეთისგან“

ანუ როგორ მუშაობს რუსული სადეზინფორმაციო კამპანია კორონავირუსის პანდემიის პერიოდში
06.05.2020
ნახვა 2058

კორონავირუსის (Covid-19) პანდემიად გამოცხადებისთანავე, რუსეთმა აქტიურად დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც, მიზნად ისახავდა და ისახავს აუდიტორიის დაბნევას, პანიკის და შიშის დათესვას, ზოგადად, დასავლეთისა და დასავლური სახელმწიფოების მიმართ მცდარი აზრებისა და წარმოდგენების ჩამოყალიბება-გავრცელებას. მაშინ როდესაც, მთელი სამყარო დღემდე, აქტიურად იბრძვის უხილავი მტრის წინააღმდეგ, რუსეთი სარგებლობს შექმნილი მდგოამრეობით და კიდევ უფრო ართულებს რეალობას მოსახლეობაში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რეგიონალური თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ უნდობლობის გაღვივებით. რუსეთის მხრიდან მსგავსი კრიზისის მისსავე სასარგებლოდ და საკუთარი გავლენების გასაფართოებლად გამოყენება ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ კრემლისთვის რაიმე ზღვარი, წითელი ხაზები, არ არსებობს და რომ რუსეთი მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაშია დასავლეთთან, თუნდაც ისეთ მძიმე პერიოდში, როგორც პანდემიაა.

რუსული სადეზინფორმაციო კამპანია

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისების საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება რუსეთისთვის ახალი არაა. 1980-იან წლებში, კაგებეს ცნობილი კამპანია “ოპერაცია ინფექცია“ მიზნად ისახავდა შეთქმულების თეორიის გავრცელებას, რომლის თანახმადაც ვირუსი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო შექმნილ - გავრცელებული. იმ პერიოდში, ინფორმაციის დასავლურ აუდიტორიამდე მიღწევას გარკვეული დრო სჭირდებოდა, თუმცა, დღეს, გლობალიზაციისა და დიგიტალიზაციის ეპოქაში, ინფორმაციით მანიპულირება ბევრად უფრო მარტივია. რუსული პროპაგანდის აქტიურად გასავრცელებლად, შეიქმნა ისეთი მედიები როგორებიცაა Russia Today და Sputnik, რომლებიც მათ პარტნიორ საინფორმაციო სააგენტოებთან ერთად, მრავალ ქვეყანაში, ადგილობრივ ენებზე მაუწყებლობენ, მათ შორის ქართულად, სომხურად, არაბულად, იტალიურად, ესპანურად და ა.შ. კრემლი, დეზინფორმაციის გასავრცელებლად ასევე იყენებს სოციალურ მედიას, Facebook-სა და Twitter-ს, სადაც ტროლებისა და ბოტების დახმარებით, ყოველდღიურად, მასობროვად, ავრცელდებს პრო-რუსულ ნარატივს.

რუსული დეზინფორმაცია და Covid-19

2020 წლის 16 მარტს გამოქვეყნდა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მიერ მომზადებული შიდა ანგარიში, სადაც რუსეთი პირდაპირაა დადანაშაულებული Covid-19-ის პანდემიის პერიოდში მასობრივი დეზინფორმაციის გავრცელებაში. ანგარიშის მიხედვით, რუსული პროპაგანდის მიზანი ქაოსური მდგომარეობის შექმნა და, საბოლოო ჯამში, ადგილობრივი თუ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის პანდემიის წინააღმდეგ ეფექტურ რეაგირებაზე ხელის შეშლაა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სოციალურ მედიაში დარეგისტრირებული კრემლთან კავშირში მყოფი მომხმარებლები აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ მესიჯები განსხვავებულია, მორგებულია ადგილობრივ რელობაზე, თუმცა, არის ისეთი ნარატივიც, რომელიც უნივერსალურია, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების დადანაშაულება ვირუსის შექმნა-გავრცელებაში. ამ არგუმენტის გასამყარებლად, რუსული მედიასაშუალებები აქტიურად ციტირებდნენ ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის ექსპერტს იგორ ნიკულინს, რომელიც ირწმუნება, რომ Covid-19 ამერიკის მიერაა შექმნილი აზიური რასის გასანადგურებლად.

რუსმა ფილოსოფოსმა, ალექსანდრე დუგინმა, რომელიც ცნობილია თავისი ანტიდასავლური განწყობებით, კორონავირუსის გავრცელებაში ბრალი ლიბერალიზმს, თავისუფალ ვაჭრობას და პირადად, ჯორჯ სოროსს დასდო.

კრემლთან დაკავშირებული მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი ასევე ცხადყოფს, რომ რუსეთი ცდილობს იმ აზრის პოპულარიზაციასაც, რომ დასავლური სახელმწიფოები, დემოკრატიული რეჟიმები ვერ ახერხებენ კრიზისთან გამკლავებას, მაშინ როდესაც ავტოკრატიულმა რეჟიმებმა, რუსეთმა და ჩინეთმა შეძლეს ვირუსის ეფექტურად შეკავება. ჯერ კიდევ მარტში, რუსეთმა იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად, სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნა, წარწერებითსიყვარულით რუსეთისგან“. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გზავნილის 80% აბსოლუტურად უსარგებლო აღმოჩნდა, თუმცა უშუალოდ დახმარების ფაქტი მასობრივად გაზიარდა პრო-რუსული მედია საშუალებების მიერ და საკმაოდ დადებითადაც შეფასდა იტალიაში და არა მხოლოდ იტალიაში. სამწუხაროდ, არც ფასადურობაა ახალი რუსული პოლიტიკისთვის. ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთიზრუნავსდაეხმარებაყველას, საკუთარი მოქალაქეების გარდა. ბოლო მონაცემებით, უკონტროლოა რუსეთში, განსაკუთრებით, მოსკოვში არსებული მდგომარეობა. საკმაოდ მაღალი დაინფიცირების რიცხვია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში, ექიმები ჩივიან, რომ, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით, შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე უწევთ პაციენტებთან მუშაობა. თუმცა, იმის გამო, რომ რუსეთიდან ინფორმაცია რთულად ვრცელდება, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, მოსახლეობის ნაწილი იღებს კრემლის მიერ მოწოდებულ რეალობას და შემდგომში, ნებსით თუ უნებლიეთ, თვითონვე ხდება დეზინფორმაციის გამავრცელებელი.

რუსული სადეზინფორმაციო კამპანია საქართველოში Covid-19-ის პერიოდში

პანდემიის პერიოდში, რუსულ დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, ვერც ქართული საზოგადოება გადაურჩა. პირიქით, საქართველო, ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რადგან პრო-რუსული ქართულენოვანი მედია საშუალებები უკვე წლებია აქტიურად ცდილობენ ალტერნატიული რეალობის შექმნას ყველა მნიშვნელოვან თემაზე, ხშირად წარმატებულადაც. პირველი სამიზნე, ტრადიციულად, ლუგარის ლაბორატორია გახდა, რომელსაც, განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა და ღირებულება აქვს საქართველოსთვის.

დეზინფორმაციის გამარცელებელი წყაროების მესიჯები დიდად არ განსხვავდება ევროპული მაგალითებისგან. ქართულენოვანი სპუტნიკის, ტვობიექტივის“, საქართველო და მსოფლიო, News-Front საქართველო, გაზეთის ასავალდასავალის გვერდებზე ვკითხულობთ, რომ ვირუსი აშშ- მიერ არის შექმნილი და რომ ევროკავშირი არაეფექტური აღმოჩნდა კრიზისთან ბრძოლაში. ბოლო დროს, განსაკუთრებით აქტუალური გახდა 5G მობილური ინტერნეტის თემაც და მასონებისა და ბილ გეითსის დადანაშაულება ვირუსის შექმნაგავრცელებაში. ხელოვნურად ხდება საკმაოდ სენსიტიური თემების წამოწევა, როგორებიცაა სამომავლოდ, მოსახლეობის მასობრივი დაჩიპვა, ვრცელდება მესიჯები, რომ პანდემიის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვები, სინამდვილეში მმართლმადიდებლობის დევნას ემსახურება. რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში დეზინფორმაციის გამავრცელებელ მედიები რაიმე სანდო, მეცნიერულ არგუმენტს თუ კვლევას ვერ იშველიებენ. იმის გამო, რომ რთულია რაიმე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ინტერნეტ პროპაგანდისთვის, რუსეთი კვლავაც აქტიურად განაგრძობს დეზინფორმაციის გავრცელებას.

რამდენად წარმატებულია რუსული სადეზინფორმაციო კამპანია?

ამ ეტაპზე, რთულია შეფასებების გაკეთება, რადგან პროცესი კვლავაც მიმდინარეობს და მომავალში, მოქალაქებიის ქცევაზე, გადაწყვეტილბებზე და პრეფერენციებზე დაკვირვებით შეგვეძლება უფრო ღირებული დასკვნების გამოტანა. თუმცა, უკვე საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ათასობით ადამიანი იწონებს და აზიარებს პრო-რუსულ ნარატივს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მსგავს სიტუაციაში, გადაწყვეტი მნიშნელობა ენიჭება მთავრობისა და ექსპერტების მხრიდან საზოგადოებასთან მუდმივ კომუნიკაციას, თუნდაც ყველაზე აბსურდული მითის განეიტრალებას. სხვა შემთხევვაში, დაგროვებული კითხვები გამოიწვევს უფრო მეტს ქაოსს, გაურკვევლობას, რაც აუცილებლად შეუშლის ხელს სახელმწიფო ინსტიტუტებს სწორ და სწრაფ რეაგირებაში, ეფექტური ანტიკრიზისული პოლიტიკის შექმნა-განხორციელებაში.

ჟანა სირბილაძე

06.05.2020
ნახვა 2058

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

ლუგარის ლაბორატორია - იმპერიული აკვიატება

რუსეთი და ჩინეთი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ამერიკულ...
1 წელი