მთავარი პოლიტიკა ეკონომიკური საკონსულტაციო პლატფორმა

ეკონომიკური საკონსულტაციო პლატფორმა

რა მიზანს ემსახურება პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ახალი ინიციატივა?
04.05.2020
ნახვა 1175

ფოტო: საქართველოს მთავრობა

 

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით შეიქმნა ახალი საკონსულტაციო პლატფორმა, რომელიც იმუშავებს როგორც კრიზისულ, ისე პოსტ-კრიზისულ ეკონომიკურ საკითხებზე. პლატფორმაში ჩართულნი არიან მთავრობის, ეროვნული ბანკის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები (არასამთავრობო, კვლევითი და საკონსულტაციო ორგანიზაციები და ე.წ Think-Tank-ები). ამ ინიციატივის ძირითადი მიზანია შეიქმნას კოორდინირებული პოსტ-კრიზისული ეკონომიკური გეგმა და ასევე მოხდეს მთავრობის მიერ კრიზისულ პერიოდში გატარებული ეკონომიკური ღონისძიებების შეფასება და ანალიზი. მთავრობის მხრიდან პლატფორმის მუშაობას კურირებს ბექა ლილუაშვილი - პრემიერ მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. პროცესში ასევე ჩართულია ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

საკონსულტაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა, 8 აპრილს, პრემიერ მინისტრ გახარიას შეხვედრა ანალიტიკურ და კვლევით ორგანიზაციებთან ვიდეო კონფერენციის საშუალებით. შეხვედრის დროს, დამსწრეებმა ისაუბრეს მთავრობის მიერ კრიზისულ პერიოდში განხორციელებული გადაუდებელი ეკონომიკური ღონისძიებების შესახებ და ასევე, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ეკონომიკური სტრატეგიების შესახებ პანდემიასთან გასამკლავებლად. სწორედ ამ შეხვედრის დროს გაჟღერდა ინიციატივა საკონსულტაციო პლატფორმის შექმნის შესახებ.

პლატფორმის პირველი ოფიციალური ვიდეო-შეხვედრა

საკონსულტაციო პლატფორმის პირველი ოფიციალური ვიდეო-შეხვედრა 1 მაისს გაიმართა, რომელშიც გაცილებით მეტი არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრის განმავლობაში იმსჯელეს ისეთ თემებზე როგორებიცაა: მსხვილი ბიზნესის, ტურიზმის და სამშენებლო-დეველოპერული სფეროს ხელშეწყობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის პოლიტიკა, კერძო სექტორში კორპორაციული მმართველობის განვითარება (როგორც პოსტ-კრიზისული ინსტრუმენტი) და საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესაძლებლობა ლარის მიწოდების ლიკვიდობის ზრდით. შეხევდრაში ასევე მონაწილეობს USAID-ის (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო) „ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის საკონსულტაციო ფორმატში საქმიანობას.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში მთავრობის წარმომადგენლებმა ყურადღება ორ საკითხზე გაამახვილეს. პირველი, ეს იყო შეხვედრის განმავლობაში მონაწილეების მხრიდან მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების პოზიტიურად შეფასება (თუმცა თავდ არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ) და მეორე, ის ინიციატივები, რომელიც გაჟღერდა შეხვედრის განმავლობაში. განსაკუთრებით საინტერსოა ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთების საკითხი. როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, შეხვედრის დროს, მონაწილეების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლარზე გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს, რასაც ძირითადად განაპირობებს ლარის მიწოდების ლიკვიდობა და გაზრდილი საკრედიტო რისკები. ეროვნული ბანკმა, უკვე არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად დაანონსა ახალი ინსტრუმენტების დამატება ლიკვიდობის მიწოდების უზრუნველსაყოფად, რაც გარკვეულწილად შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს ბაზარზე. საოპერაციო კუთხით, ეროვნულ ბანკის მთავრ ფუნქციას სწორედ საპროცენტო განაკვეთების სტაბილურობა წარმოადგენს და შესაბამისად, შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ეროვნული ბანკის საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საკონსულტაციო პლატფორმის ფორმატი

მსგავსი საკონსულტაციო ფორმატი, კარგად აპრობირებული მეთოდია დასავლეთის ბევრ ქვეყანაში და მისი მნიშნელობა განსაკუთრებით დიდია კრიზისულ სიტუაციებში. პანდემიამ უდიდესი დარტყმა მიაყენა ქვეყნების ეკონომიკებს და შესაბამისად, კოორდინირებული და შეთანხმებული ეკონომიკური გეგმებისა და პოლიტიკების შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ პირობებში.

წარსული გამოცდილების და საკონუსლტაციო პლატფორმაში მონაწილე ორგანიზაციების გათვალისწინებით (რომელთაგანაც ბევრი მთავრობის მიმართ საკმაოდ კრიტიკული პოზიციით გამოირჩევა), ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნოდეს. ბოლო წლებში, მთავრობა შედარებით ხისტი და არა-კონსტრუქციული დამოკიდებულებით გამოირჩევა არასამათავრობო სექტორის მიმართ, განსაკუთრებით კი ისეთი ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ხშირად აკრიტიკებენ როგორც მთავრობის მიერ გატარებულ სხვადასხვა პოლიტიკებს ასევე თავად პოლიტიკურ პროცესს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობის ინიციატივა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ეკუთვნის. მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა იღებს დიდი რაოდენობით ფინანსურ დახმარებას ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან პანდემიასთან გასამკლავებლად და ასვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან ხდება დამატებით ფულადი რესურსების მობილიზაცია, მნიშვნელოვანია მსგავსი საკოორდინაციო მექანიზმის არსებობა, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს უფრო ეფექტიანი და ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას და მეორე მხრივ, შეასრულებს ერთგვარი მაკონტროლებლის ფუნქციას, რაც შეამცირებას მობილიზებული ფინანსური რესურსების არამიზნობრივად და არაკეთილსინდისიერად ხარჯვის რისკებს.

შეფასება

როგორც არ უნდა იყოს, ეს ინიციატივა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. მთავრობა, თავის მხრივ, მიიღებს კოორდინაციის და ჩართულობის უფრო მაღალ დონეს, რაც გაუადვილებს მას როგორც კრიზისული და პოსტ-კრიზისული ეკონომიკური გეგმის შემუშავების და დახვეწის პროცესს, ასევე კომუნიკაციას საზოგადოებასა და დონორებთან. საზოგადოებას კი, არასამთავრობო და კერძო სექტორის მეტი ჩართულობით, მიეცემა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკების უფრო ეფექტურად კონტროლის საშუალება, რაც მნიშნელოვნად ზრდის მობილიზებული რესურსების მიზნობრივად და გამჭირვალედ ხარჯვის შანსებს.

დავით ნაროუშვილი

04.05.2020
ნახვა 1175

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმა

მთავრობამ COVID-19-ის პანდემიასთან და მის შედეგებთან საბრძოლველი...
8 თვე