მთავარი უსაფრთხოება ვიეტნამური გაკვეთილი

ვიეტნამური გაკვეთილი

45 წლის წინ, 1975 წლის 30 აპრილს, სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქი საიგონი დაეცა
01.05.2020
ნახვა 1313

ინდოჩინეთის ნახევარკუნძლზე მდებარე სახელმწიფო ვიეტნამი ყოველთვის დღევანდელი ფორმით არ არსებობდა. 1950-იან წლებში მსგავსად კორეისა, ვიეტნამი გაყოფილი იყო ორ ნაწილად, და ისევე როგორც კორეაში, ჩრდილოეთს აკონტროლებდნენ კომუნისტები, ხოლო სამხრეთს ანტი-კომუნისტები. დაახლოებით 20 წლის განმვლობაში, ჩრდილოეთ ვიეტნამის რეგულარული საჯარისო ფორმირებები და მათი მხარდაჭერილი პარტიზანული რაზმები - ვიეტკონგი - ცდილობდნენ მოესპოთ სამხრეთ ვიეტნამის სახელმწიფო და ის კომუნისტური ჩრდილოეთისთვის დაექვემდებარებინათ.

ზუსტად 45 წლის წინ, 1975 წლის 30 აპრილს, სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქი საიგონი დაეცა. ვიეტნამის რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. ის შეიერთა ჩრდილოეთ ვიეტნამმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღემდე ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ერთმა სუვერენულმა სახელმწიფომ მეორე მთლიანად შთანთქა. მხოლოდ ორ მიახლოებულ მაგალითს თუ გავიხსენებთ: 1990 წელს სადამ ჰუსეინმა სცადა ქუვეითის ანექსია, და ერთ წელიწადში ერაყი სამხედრო გზით გამოაძევეს ქუვეითის ტერიოტრიიდან. ასევე 1950 წელს ჩრდილოეთ კორეამ წარუმატებლად სცადა სამხრეთი კორეის დაპყრობა.

ციხე შიგნიდან ტყდება

ცივი ომის პირობებში, ამერიკა არ და ვერ დაუშვებდა კომუნისტების შეუზღუდავ ექსპანსიას. შესაბამისად სამხედრო მოქმედებებში, სამხრეთის დასაცავად აშშ-ც ჩაერთო.

ვიეტნამის ომი გახლდათ ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტი. გარდა საგრძნობი სამხედრო დანაკარგისა (60,000-მდე ჯარისკაცი), ეს კონფლიქტი იქცა თავად ამერიკის შიგნით უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის და საზოგადოების გაყოფის საფუძველად. ჩრდილოეთ ვიეტნამის ხელმძღვანელობას და მის ხელქვეითებს ვიეტკონგში თავიდანვე კარგად ესმოდათ, რომ პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას ისინი აშშ-ს ვერ მოუგებდნენ. შესაბამისად, მათი მიზანი გახლდათ მოწინააღდეგის დემორალიზება და მისთვის ბრძოლის გაგრძელების სურვილის მოსპობა. მისდევდნენ რა მაო ძედუნის პარტიზანული ომის თეორიას, კომუნისტი ვიეტნამელების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მტრის ბანაკში დაპირისპირებების გამწვავება. ისინი ბრწყინვალედ აცნობიერებდნენ, რომ რაც უფრო გაიწელებოდა ომი, დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს აუცლილებლად გამოიწვევდა როგორც მსხვერპლით ასევე ომის ეკონომიკური ტვირთით უკმაყოფილებას. ხოლო გართულებული პოლიტიკური პრობლემები არ მისცემდა ამერიკას საშუალებას წარმატებულად გაეგრძელებინა სამხედრო ოპერაციები.

1973 წელს, პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებით პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა გამოიყვანა ამერიკის სამხედრო ნაწილები ვიეტნამიდან. თუმცა არანაირი მშვიდობა ამ ხელშეკრულებას არ მოუტანია. ომი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არ დასრულებულა, პირიქით ჩრდილოეთ ვიეტნამს საშუალება მეიცა დასუსტებული და მიტოვებული სამხრეთი დასაპყრო. მიუხედავად გარეგნული დაპირებისა, რომ სამხრეთ ვიეტნამს არ მიატოვებდნენ, ნიქსონს ესმოდა რომ ამერიკის გამოსვლა ვიეტნამის რესპუბლიკის გარდაუვალ კოლაფსს ნიშნავდა. ეს ზავი ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა: წინასაარჩევნო დაპირების შესრულება, და სამხრეთ ვიეტნამისთვის სიცოცხლის ერთი-ორი წლით გახანგრძლივება, რომ პირდაპირ ნიქსონის ადმინისტრაციას არ დაბრალებოდა სამხრეთ ვიეტნამის დაცემა.

ავღანეთი - ახალი ვიეტნამი?

ისტორია მეორდება. ამჯერად უკვე ავღანეთია ადგილი სადაც ამერიკა და მისი მოკავშირეები ჩართულინი არიან კონფლიქტში ბარბაროსულ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელიც პარტიზანული ბრძლის ტაქტიკას იყენებს. პრეზიდენტ ტრამპს სურს ამერიკის ჯარი ავღანეთიდან გამოიყვანოს ნებისმიერ ფასად, რადგანაც მისი აზრით ამერიკელი ხალხი გადაიღალა 19 წლიანი ომით. თალიბებიც მზად არიან ზედაპირულ სამშვიდო მოლაპარაკებებზე წამოვიდნენ, ოღონდ დააჩქარონ ამერიკელების გასვლა ქვეყნიდან. ასევე გვესმის დაპირებები, რომ ავღანეთს არ მიატოვებენ და ის მარტო არ დარჩება მტრის წინაშე.

ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ კონფლიქტი ავღანეთში აშშ-ს გასვლით არ დასრულდება. თალიბანი, ვიეტკონგის მსგავსად, არ გაჩერდება სანამ ქაბულში ავღანეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ზის. ერთადერთი საკითხავია გაძლებს თუ არა ავღანეთის კანონიერი მთავრობა, სამხრეთ ვიეტნამის ხელისუფლების მსგავსად, მინიმუმ ორი წელიწადი მაინც. სამხრეთ ვიეტნამის მაგალითი გვასწავლის, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, ზესახელმწიფოს ლიდერებმა შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვან.

გიორგი ხატიაშვილი

01.05.2020
ნახვა 1313

კომენტარები