მთავარი პოლიტიკა მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმა

მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმა

მთავრობამ COVID-19-ის პანდემიასთან და მის შედეგებთან საბრძოლველი ანტი-კრიზისული გეგმა წარადგინა
24.04.2020
ნახვა 1612

ფოტო: საქართველოს მთავრობა

 

მთავრობამ, 24 აპრილს, COVID-19-ის პანდემიასთან და მის შედეგებთან საბრძოლველი ანტი-კრიზისული გეგმა წარადგინა.

გეგმის საჯარო პრეზენტაცია, ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, თავად პრემიერ-მინისტრმა გახარიამ გააკეთა.

გეგმა მოიცავს კრიზისულ პერიოდში ხელისუფლების მიერ შემუშავებული ღონისძიებებისა და ქმედებების ერთობლიობას, როგორც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, ისე კომერციული საქმიანობისა და ფინანსური ინსტიტუტების მიმართულებით. წარმოდგენილი გეგმა ეხება მხოლოდ კრიზისულ პერიოდს, ხოლო პოსტ-კრიზისულ გეგმას, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა რამოდენიმე თვეში შემოგვთავაზებს, იმ შედეგებისა და მონაცემების შესაბამისად, რაც კრიზისული პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდება.

3 ეტაპიანი გეგმა

პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი გეგმა მოიცავს 3 ეტაპს.

პირველი ეტაპი, ეს გახლდათ ვირუსის გავრცელების საპასუხოდ გატარებული გადაუდებელი დახმარების ღონისძიებები, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებებით, რომელიც დიდწილად იყო რეფლექსური და აუცილებლობით განპირობებული და შესაბამისად, ნაკლებად ეფუძნებოდა ეკონომიკურ გათვლებს.

ჯანდაცვის კუთხით, ეს ღონისძიებები, მოიცავდა ქვეყნის მასშტაბით შემოღებულ საგანგებო მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეზღუდვასა თუ აკრძალვას. სოციალური მიმართულებით კი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების დაფინანსებასა და საბანკო ვალდებულებების გადავადებას. ეკონომიკის მიმართულებით, ფიზიკური პირებისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობას, სამშენებლო მასალების ფასის ზრდის დაზღვევას, ტურიზმის სფეროში მომუშავე იურიდიული პირებისთვის დამატებითი საგადასახადო შეღავათების შემოღებას, სასურსათო პროდუქციაზე (9 ძირითადი პროდუქტი) ფასების ზრდის დაზღვევას მსხვილ იმპორტიორებთან კონტრაქტების გაფორმების საშუალებით და ავტოტრანსპორტის იმპორტის საბაჟო გადასახადების გადავადება და სუბსიდირება.

ფინანსური კუთხით, პირველი ეტაპი ასე გამოიყურება:

  • კომუნალური გადასახადების დაფინანსება - 150 მლნლარი (3 თვის მანძილზე - თვეში 50 მლნ)
  • სასურსათო პროდუქციის ფასების დაზღვევა - 15 მლნ ლარი
  • ტურიზმის სფეროს დახმარება - 100 მლნ ლარი (90 მლნ გადასახადების უკან დაბრუნება, 10 მლნ საბანკო სესხების სუბსიდირება)
  • ავტოტრანსპორტის იმპორტირების საბაჟო გადასახადების გადავადება და სუბსიდირება - 50 მლნ ლარი
  • სამშენებლო მასალების ფასის ზრდის დაზღვევა - 200 მლნ ლარი

ჯამში I ეტაპზე გაწეული ხარჯები: 515 მლნლარი (პლიუს ჯანდაცვის ხარჯები თებერვალი-აპრილის პერიოდში)

მეორე ეტაპი, ეს არის კრიზისულ პერიოდზე გათვლილი ეკონომიკური და სოციალური ქმედებების ერთობლიობა, რომელიც ეფუძნება არსებულ საპროგნოზო მონაცემებსა და ეკონომიკურ პარამეტრებს და, შესაბამისად, არის მეტად მიზნობრივი და შედეგებზე ორიენტირებული. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გათვლებით საქართველოს საპროგნოზო ეკონომიკური ზრდა 2020 წელს იქნება -4%, რაც ნიშნავს საბიუჯეტო შემოსავლების 1.8 მილიარდ ლარიან კლებას. მთლიანობაში კი გაზრდილი ხარჯებისა და შემცირებული შემოსავლების გამო, ბიუჯეტს დამატებით 3,9 მილიარდი ლარის რესურსი დასჭირდება. ამ დეფიციტის შესავსებად და ზოგადად ეკონომიკური ზარალის მინიმიზაციისა და პოსტ-კრიზისულ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირებისა და ხელშეწყობისათვის საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიაღწია შეთანხმებას 3 მილიარდი დოლარის (დაახლოებით 9,5 მილიარდი ლარი) ოდენობის ფინანსური რესურსის მობილიზაციის თაობაზე. ამ 3 მილიარდიდან, 1.5 მილიარდი დოლარი (დაახლოებით 4,75 მილიარდი ლარი) განკუთვნილი იქნება საბიუჯეტო რესურსების შესავსებად, ხოლო დარჩენილი 1.5 მილიარდი დოლარი კერძო და საბანკო სექტორისთის იქნება ხელმისაწვდომი.

მესამე ეტაპის შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მართალია, ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს ამ შეთანხმების საგარეო დახმარებად წარმოჩენას მოსახლეობის თვალში და გამუდმებით იმეორებს, რომ მათ ასე სწრაფად და ეფექტიანად შეძლეს ამ საგარეო დახმარების მობილიზება, თუმცა, სიცხადისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ეს დახმარება რეალურად არის სესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთი და ვადები ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, ფაქტია, რომ მისი გასტუმრება საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ შემდეგი წლების და შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში. თავისთავად, სესხის აღების ფაქტი არ არის ცუდი და მეტიც, ეს აუცილებელი და გარდაუვალი ქმედებაა მსგავს კრიზისულ სიტუაციაში, თუმცა საზოგადოებასთან ინფორმაციის მსგავსი სახით მიწოდება არის პოლიტიკური-მარკეტინგული სვლა და მოსახლეობის მანიპულაციის მცდელობა.

გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამა

რაც შეეხება თავად ამ გეგმით გათვალისწინებულ კონკრეტულ პროგრამას, ის იყოფა სამ ნაწილად: მიზნობრივი სოციალური პროგრამები, კერძო სექტორის ხელშეწყობა და ჯანდაცვის ხარჯები.

განვიხილოთ თითოეული მათგანი დეტალურად და ყველასთვის გასაგებ ენაზე.

მიზნობრივი სოციალური პროგრამები:

  • დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მიიღებენ თვეში 200 ლარს 6 თვის განმავლობაში (ჯამში 1200 ლარს). ამ დახმარებით ისარგებლებს 350,000 მოქალაქე და ჯამში დიხარჯება 460 მილიონი ლარი. აქ საყურადღებოა ის, რომ ამ მონაცემების მიხედვით კორონა ვირსუსით გამოწვეული კრიზისის გამო, საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით კონტრაქტით დასაქმებულთა თითქმის ნახევარმა დაკარგა სასმსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, რაც საგანგაშო მონაცემია და მიუთითებს ვირუსის შედეგად წარმოქმნილ უზარმაზარ ზიანზე ქვეყნის ეკონომიკაზე.
  • დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებსაც შეუნარჩუნდათ სამსახური და ხელფასი მიიღებენ საშემოსავლო გადასახადზე შეღავათებს. 750 ლარამდე ოდენობის ხელფასი სრულიად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში 750 ლარი თავისუფლდება გადასხადისგან, ხოლო დანარჩენი იბეგრება ჩვეულებრივად. 1500 ლარზე ზემოთ ხელფასს მსგავსი შეღავათი არ შეეხება. პროგრამის ღირებულებაა 250 მილიონი ლარი. ეს თანხა სავარაუდოდ დაუბრუნდებათ დამსაქმებლებს (კომპანიებს) და არა დასაქმებულებს და შესაბამისად ისინი თავად გადაწყვეტენ როგორ გამოიყენებნ მას.
  • არაფორმალურ სექტორში ან თვითდასაქმებული ადამიანები, შემოსავლების დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მიიღებენ ერთჯერად დახმარებას - 300 ლარს. ჯამში ამისთვის გამოყოფილია 75 მლნ ლარი, რაც გულისხმობს, რომ მსგავსი დახმარებით სარგებლობას შეძლებს მაქსიმუმ 250 ათასი მოქალაქე (75,000,000/300). პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს შემოსავლების დაკარგვის დასაბუთება. თვითდასაქმებულებად ითვლებიან ადამიანები, რომლებიც ეწევიან რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობას (მაგალითად სოფლად დასაქმებული ადამიანები, დამლაგებლები, გარე მოვაჭრეები და ა.შ) მაგრამ არ იხდიან გადასახადებს და შესაბამისად, ოფიციალურად მათი შემოსავლები არ არის დეკლარირებული. ასევე, თვითდასაქმებულებად ითვლებიან ის ადამიანები რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა იურიდიული სუბიექტებისთვის და იღებენ არა დეკლარირებულ ანაზღაურებას (ე.წ ხელზე გადახდა). ლოგიკურია, რომ არც ერთი კომპანია არ გარისკავს რამოდენიმე ათას ლარიან ჯარიმას იმისთვის, რომ მისცეს ცნობა თვითდასაქმებულს მათთან მუშაობის, ან შემოსავლების დაკარგვის თაობაზე. აუცილებელია მთავრობამ მეტი სიცხადე შემოიტანოს და განმარტოს რა იგულისხმება შემოსავლების დაკარგვის დასაბუთებაში, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ეს დახმარება. განსაკუთრებით იმ ფონზე რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა ძირითადად გაცილებით უარესია ვიდრე დაქირავებით დასაქმებული ადამიანებისა.
  • დამატებით თვეში 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ 6 თვის განმავლობაში:
    1. ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65,00-დან 100,000 მდეა (70,000 ოჯახი - 45 მილიონი ლარი).
    2. ოჯახები რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100,000 მდეა და ჰყავთ 16 წლამდე ასაკის სამი ან მეტი შვილი (21,000 ოჯახი - 13 მილიონი ლარი).
    3. მკვეთრად გაოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები (40,000 მოქალაქე - 25 მილიონი ლარი).
  • პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება 2021 წლის იანვრიდან
    1. ყველა პენსიონერის პენსია გაზირდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა. (ინფლაცია - ეს არის საქონლისა და მომსახურების მსყიდველობითი უნარის შემცირება, ანუ თუ გუშინ რაღაცების შესაძენად გვჭირდებოდა 100 ლარი და დღეს იგივე რაღაცების შესაძენად გვჭირდება 110 ლარი, ესეიგი ინფლაცია არის 10%)
    2. 70 წლამდე და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკნომიკური ზრდის 80%. (ანუ თუ ქვეყნის რეალური ეკონომიკურ ზრდა 2021 წელს იქნება 6-6,5%, რაც საკმაოდ ოპტიმისტური მაჩვენებელია, 70 წელს გადაცილებულთა პენსიას დაემატება მისი 80% ანუ 5 ლარი)
    3. მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის 25 ლარზე ნაკლები. (რეალურად ინფლაცია და ეკონომიკური ზრდის 80%-იანი დანამატი 2021 წლიდან, დიდი ალბათობით, ისედაც არ აცდება 20-25 ლარს, შესაბამისად პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ რომ პენსია გაიზრდება 20 ლარით ყველასთვის და 25 ლარით 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის)
  • ძალაში რჩება 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის 30 ლარიანი დაგეგმილი ზრდა 1 ივლისიდან

კერძო სექტორის ხელშეწყობა

  • ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება - შემდეგი ერთი წლის განმავლობაში ჯამში 600 მილიონი ლარი
  • კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი (ფული სესხების გასაცემად)
  • 500 მილიონი ლარის დახმარება კერძო სექტორს, მათ შორის
    1. საკრედიტო-საგარანტიო სქემა. გულისხმობს ბიზნესისთვის სესხების აღების პროცესში სახელმწიფოს გარანტორად შესვლას. გარანტიით გაიცემა 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელი. გარანტიის ოდენობა იქნება ახალ სესხებზე 90%-მდე, რესტრუქტურიზაციაზე - 30% მდე. ჯამში დაიხარჯება 300 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან.
    2. აწარმოე საქართველოში პროგრამის საქმიანობის არეალის და მასშტაბების გაფართოება. ასევე, სესხის/ლიზინგის თანადაფინასნების პერიოდის 24-დან 36 თვემდე გაზრდა და მინიმალური ზღვრის დაწევა; საბრუნავი საშუალებების დაფინანსების ზრდა. პროგრამის ღირებულება უცნობია.
  • სოფლის მეურნებოის და რეგიონული განვითარების მხარდაჭერა
    1. სოფლის მეურნეობის გრანტების ზედა ჭერის გაზრდა 20 ათასიდან 30 ათასამდე.
    2. აგროკრედიტები - ერთწლიანი კულტურების დაფინანსება. გულისხმობს სესხის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას. სესხების სავარაუდო ჯამური მოცულობა 50 მილიონი ლარი. პროდუქტით ისარგებლებს 5000 მეწარმე.
    3. სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერა - 2020 წელს სამელიორაციო საფასურისგან სრულიად გათავისუფლება და წინა წლებში დაგროვილი დავალიანებების სრულიად ჩამოწერა. (უცნობია საპროგნოზო ღირებულება)
    4. 3 წლის განმავლობაში მოხდება 1,2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია, რაც ულისხმობს მიწის მესაკუთრეობასთან და ზომებთან დაკავშირებული იურიდიული პროცედურების მოგვარებას.

ჯანდაცვის ხარჯები

პანდემიასთან საბრძოლველად ჯანდაცვის სისტემის მოსამზადებლად და გასაძლიერებლად ჯამში დაიხარჯება 350 მილიონი ლარი. ჯერ-ჯერობით ამ თანხის დეტალურ ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ჯამში კრიზისთან საბრძოლველად მობილიზებული ფინანსური რესურსების ოდენობა ასე გამოიყურება:

  • სოციალური პროგრამები 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი
  • ეკონომიკური პროგრამები და კერძო სექტორის ხელშეწყობა - 2 მილიარდ 110 მილიონი ლარი
  • ჯანდაცვის ხარჯები 350 მილიონი ლარი
  • ჯამში 3,5 მილიარდი ლარი.

დასკვნა

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ეს არის კრიზისული ბიუჯეტის მოცულობა და პოსტ-კრიზისული გეგმა მომავალში გახდება ცნობილი. თუმცა, თუ ვიხელმძღვანელებთ უკვე არსებული მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მოზიდული დაახლოებით 9,5 მილიარდი ლარი, ამას დამატებული ხარჯების შემცირებით დაზოგილი 300 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან, ევროკავშირისა და ამერიკისგან დახმარების სახით მიღებული დაახლოებით 1 მილიარდი ლარი, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მთავრობას დამატებით 7-8 მილიარდი ლარის რესურსი ექნება პოსტ-კრიზისული აქტივობების განსახორციელებლად, ანუ 2-ჯერ მეტი ვიდრე კრიზისულ პერიოდში დაიხარჯება. შესაბამისად, შეიძლება გაჩნდეს კითხვები, ხომ არ ჯობდა უფრო მეტი თანხების დახარჯვა კრიზისულ პერიოდში მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად, მაშინ როცა, თავად ეს მონაცემები და რიცხვებიც ცხადყოფს, თუ რამდენად დიდია კორონა ვირუსის ეფექტი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატიის მიზანი არ არის შემოთავაზებული გეგმის ეკონომიკური ეფექტიანობის ან სოციალური მიზანშეწონილობის ანალიზი, მაინც გვინდა გამოვყოთ რამდენიმე მნიშნელოვანი საკითხი და გამოწვევა, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლით და რომლებსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.

პირველი - ეს არის გამჭირვალობა. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ხარჯების მაქსიმალური გამჭირვალობა, რათა არ გჩნდეს კითხვები კორუფციული გარიგებებისა და კრიზისული სიტუაციის ეონომიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად გამოყენების თაობაზე. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა სახელმწიფო აპირებს დიდი მოცულობით სესხის აღებას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რომლის გადახდაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოუწევს საკუთარის შრომის ფასად, მნიშნელოვანია რომ ამ რესურსების ხარჯვა მოხდეს მაქსიმალურად გამჭირვალედ და ეფექტიანად.

მეორე - შემოთავაზებული გეგმის მიზნობრივი სოციალური დახმარებები, ვადებში გაწერილია მაისიდან ოქტომბრამდე, რაც ერთი მხრივ, საეჭვოდ ზუსტად ემთხვევა მოახლოებულ არჩევნებს (რაც თავისთავად გამოიწვევს პოლიტიკურ სპეკულაციებს, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ხელისუფლებას ეს გათვლები) და მეორე მხრივ, ამ პროგრამაში უგულვებელყოფილია უკვე განვლილი პერიოდი, როდესაც ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლები და შეექმნათ ეკონომიკური პრობლემები. ამიტომ, კარგი იქნებოდა ათვლის დაწყება მარტიდან, ან მინიმუმ აპრილიდან და არა მაისიდან.

მესამე - მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, თვითდასაქმებულებს, რომელთა შემოსავლები ისედაც საკმაოდ მწირია, მთავრობა მხოლოდ 300 ლარით დაეხმარება, რაც დღევანდელი საარსებო მინიმუმის გათვლებით ადამიანს (აღარაფერს ვამბობთ ოჯახზე) თვე-ნახევრის განმავლობაში ეყოფა. თუ გავითალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკური საქმიანობა პრაქტიკულად თითქმის ორი თვეა შეზღუდული აქვს ყველა თვითდასაქმებულს და ასევე, იმას რომ თვითდასაქმებულების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს დანაზოგი, გამოდის რომ ეს ადამიანები ფაქტიურად შიმშილის და სხვა ადაიანების დახმარების იმედად დატოვეს.

მეოთხე - პრემიერ მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დახმარების რაოდენობა აუცილებლად იქნებოდა საარსებო მინიმუზე მეტი. საქსტატის მონაცემებით 2020 წლის მარტში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 206 ლარია (წყარო). შესაბამისად სამსახურის და შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის 200 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში სცდება საარსებო მინიმუმის მოთხოვნებს. გამოდის რომ, მიუხედავად პრემიერის დაპირებისა, დახმარების ოდენობა მაინც საარსებო მინიმუზე ნაკლებია, რაც რბილად რომ ვთქვათ უხერხულია და უხერხულია არა იმიტომ რომ პრემიერმა დანაპირები არ შეასრულა, არამედ, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ და იხდიდნენ გადასახადებს სახელმწიფო ბიუჯეტში, მთავრობა დასახმარებლად მათ მიერ შევსებული ბიუჯეტიდან საარსებო მინიმუმსაც კი ვერ სთავაზობის ასეთი მასშტაბის კრიზისის დროს!

დავით ნაროუშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

24.04.2020
ნახვა 1612

კომენტარები