მთავარი უსაფრთხოება ოკუპაცია, რომელსაც პანდემიაც ვერ აჩერებს

ოკუპაცია, რომელსაც პანდემიაც ვერ აჩერებს

COVID-19 და აგრესიული რუსული პოლიტიკა
24.04.2020
ნახვა 1649

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთმორწმუნე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ახალი ძალით შეუტიეს. 17 აპრილს განახლებული მცოცავი ოკუპაციის ტალღა, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო დანაყოფების გადასროლა და რუსეთის საგარეო უწყების სადეზინფორმაციო კამპანია რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შესახებ - ეს ყველა მექანიზმი მოსკოვმა ერთბაშად აამუშავა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ მიუხედავად რუსეთში მძვინვარე კორონავირუსის პანდემიისა და ნავთობის ფასის რეკორდული გაუფასურებისა, რაზეც დიდად არის დამოკიდებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა და ასევე, პოლიტიკური სტაბილურობა, საქართველო კვლავ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების სამიზნეში აღმოჩნდა.

მცოცავ ოკუპაციას პანდემიაც ვე ჩერებს

მიმდინარე წლის 17 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს. საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა მოჰყვა.

მანამდე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი-ქურთაევი და მისი მეუღლე, თათია ადიკაშვილი, „კარანტინში მოთავსების მიზნით“, ცხინვალში გადაიყვანეს.

რუსეთის უკანონო ქმედებებს მკაცრი განცხადებები მოჰყვა როგორც საქართველოს სახელმწიფო უწყებების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მათ ერთხმად დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებები და ადგილზე ვითარების ესკალაციის მცდელობა, რაც გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას.

შექმნილ სიტუაციას საუკეთესოდ ასახავს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის შეფასება, რომლის თქმითაც, რუსეთი კორონავირუსს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გასაგრძელებლად კვამლის ფარდად იყენებს.

მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ ვითარებაში, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სახელმწიფოების მხრიდან, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი, მხარდაჭერისა და გამოხმაურების გარეშე არ დარჩენილა.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო დანაყოფების მობილიზება

17 აპრილს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, ანექსირებული ყირიმიდან რუსეთს თავისი სამხედრო დანაყოფები ოკუპირებულ აფხაზეთში გადაჰყავდა. გავრცელებული ცნობით, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფების 13 სპეციალური ავტომობილისგან შემდგარი კოლონა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გაემგზავრა.

თავდაპირველად, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა, როლანდ ჯოჯუამ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ყირიმიდან აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე, საკუთარი გეგმის ფარგლებში, სასწავლო მიზნებით მიემართებოდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებებშიც ჩაერთვებოდნენ.1 მოგვიანებით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას თხოვნის საფუძველზე, რუსული საჯარისო ნაწილები სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ.

ცნობისათვის, ოკუპირებული აფხაზეთის, .. მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 3 შემთხვევაა დადასტურებული.

კრემლის დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ

იმავე დღეს, 17 აპრილს, კრემლმა კვლავ განაახლა ბრალდებები საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის მისამართით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პენტაგონმა საქართველოს ხელისუფლებას ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე ცდების დიაპაზონის გაფართოება შესთავაზა და არ უნდა გამოირიცხოს, რომ მსგავს ლაბორატორიებში და განსაკუთრებით, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, ამერიკელების მიერ სხვადასხვა სახიფათო დაავადებების შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ლუგარის ლაბორატორია კრემლის დეზინფორმაციის სამიზნე გახდა. თუმცა დღეს, როდესაც ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მთავარი საყრდენი სწორედ ლუგარის ლაბორატორიაა, რუსეთი ცდილობს ჩრდილი მიაყენოს როგორც ცენტრის საქმიანობას, ასევე აშშ-საქართველოს თანამშრომლობას.

დროში თანხვედრა თუ პასუხი სუს-ის ანგარიშზე?

საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულ მოვლენებს წინ უსწრებდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 2019 წელს, საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსეთის ფედერაციის ექსპანსიური პოლიტიკა წარმოადგენდა. 16 აპრილს წარდგენილი ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში, რუსეთი გავლენის მოსაპოვებლად კვლავ ახორციელებდა ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით სამხედრო ზეწოლას, ასევე მიმართავდა სხვადასხვა სახის ფარულ კიბეროპერაციებსა და მედიამანიპულაციებს.

ამავე ანგარიშის თანახმად, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ე.წ. ჰიბრიდული საფრთხეები. რუსეთისთვის „ჰიბრიდული ომის“ ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები, ასევე ადგილზე მოქმედი დე ფაქტო რეჟიმები. „აღნიშნული ძალები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ მათ შორის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა უკანონო სამხედრო წვრთნები, მოქალაქეთა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია. ამასთანავე, რუსეთი მიმართავს ისტორიული ფაქტების გაყალბების მცდელობებს, რისთვისაც აქტიურად იყენებს დე ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სწორედ სუს-ის ანგარიშზე ერთგვარი პასუხი იყოს ის ქმედებები, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ანგარიშის გამოქვეყებიდან მეორე დღეს განახორციელეს.

ფაქტია, რომ მოცემული პრობლემები მიმდინარე წელსაც არ კარგავს აქტუალობას. მცოცავი ოკუპაციითა და სამხედრო სიძლიერის დემონსტრირებით, რასაც თან ერთვის წარმოებული დეზინფორმაცია, რუსული აგრესია კვლავ საქართველოს უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად რჩება.

შემაშფოთებელია, რომ რუსეთი საკუთარ ექსპანსიურ პოლიტიკაზე გლობალური პანდემიის დროსაც არ ამბობს უარს, როდესაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალისხმევით ებრძვის უხილავ მტერს. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი „ჩრდილოელი მეზობლისა“ და მისი მარიონეტული რეჟიმების მტრულ და არაჰუმანურ სახეს.

ანა ჯაფარიძე

1https://www.ekhokavkaza.com/a/30561873.html

24.04.2020
ნახვა 1649

კომენტარები