მთავარი საგარეო პოლიტიკა ერთი ვირუსი - ორი ჩინეთი

ერთი ვირუსი - ორი ჩინეთი

ერთი ქვეყანა, ორი სისტემა...
22.04.2020
ნახვა 1940

ერთი ქვეყანა, ორი სისტემა - ეს პრინციპი ჩინეთის ლიდერს დენ სიაოპინის ეკუთვნის. 1980-იან წლებში ის გულისხმობდა კომუნისტურ ჩინეთში მაკაოს და ჰონგ-კონგის ინტეგრაციას, მათი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემების ცვლილების გარეშე.

წითელი ჩინეთი

დღესდღეობით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვერ მალავს აღტაცებას იმით, თუ როგორ უმკლავდება ჩინეთი კორონავირუსულ პანდემიას. იმ ფონზე, როდესაც დასავლურ ქვეყნებს საკმარისი რაოდენობის პირბადის შეკერვაც კი უჭირთ, გაჩნდა მოსაზრება ჩინური მოდელის და ზოგადად ავტორიტარიზმის დემოკრატიაზე უპირატესობის შესახებ. მართლაც, ერთი შეხედვით ქვეყანამ, რომლის მოსახლეობა თითქმის მილიარდ ნახევარ ადამიანს შეადგენს, მოახერხა და უმკაცრესი საკარანტინო ზომებით თითქმის მთლიანად აღმოფხვრა შიდა გავრცელება. ხოლო დაახლოებით 85 ათასი დადასტურებული შემთხვევით, ჩინეთი მასზე ბევრად მცირერიცხოვან ქვყნებს ჩამოუვარდება, როგორებიცაა აშშ, გერმანია, იტალია, საფრნაგეთი და ესპანეთი.

ტყუილი, ტყუილი და სტატისტიკა

ოფიციალურმა სტატისტიკამ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში. ზოგიერთი გათვლებით, გვიან იანვარში, სანამ ქალაქი უჰანი და მთლიანად ჰუაბეის პროვინცია ჩაიკეტებოდა, ინფიცირების მაჩვენებელი უკვე შეადგენდა დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს. ჩინეთი აცხადებს რომ კოვიდ 19-გან მთლიან ქვეყანაში 5 ათასზე ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ როდესაც ალტერნატიული დათვლებით მარტო ქალაქ უჰანში შეიძლება 40 ათასზე მეტი გარდაცვლილი იყოს. ასევე ჟღერდება ინფორმაცია, რომ ადრეული იანვრის კრიტიკულ დღეებში, როდესაც ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე იცოდა პანდემიის მასშტაბები, მან ერთი კვირის დაგვიანებით გააფრთხილა მოსახლეობა და საშუალება მისცა ჩინური საახალწლო დღესასწაულებისთვის მილიონობით ადამიანს დაეტოვებინა ჰუაბეის პროვინცია.

მეორე ჩინეთი

მითიური მეორე რუსეთისგან განსხვავებით, რომელსაც ქართველები უშედეგოდ მოველით, დედამიწაზე მართლაც არსებობს მეორე და თანაც დემოკრატიული ჩინეთი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არ გახლავთ ერთადერთი ჩინური სახელმწიფო. კონტინენტური ჩინეთისგან ვიწრო სრუტით გამოყოფილი არის კუნძული ტაივანი, სადაც 1949 წლიდან, თავი შეაფარა ჩინეთის რესპუბლიკამ. ჩინეთის რესპუბლიკა, იგივე ტაივანი, 1971 წლამდე გაეროს უშიშროების საბჭოში იკავებდა ჩინეთისთვის განკუთვნილ ადგილს. ამჟამად, ტაივანს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები აქვს 15 სახელმწიფოსთან, მათ შორის წმინდა საყდართან (ვატიკანი). პეკინი ტაივანს მის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, და სახელმწიფოთა უმეტესობა ერიდება კომუნისტური ჩინეთის გაღიზიანებას, შესაბამსიად არ სცნობს ჩინეთის რესპუბლიკას. აღსანიშნავია რომ მიუხედავად აშშ-ს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკისა, რომელიც აღიარებს სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, როგორც ჩინელი ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენელს, ამერიკას ძალიან მჭიდრო სამხედრო-ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს ტაივანთან. ამერიკის ინსტიტუტი ტაივანში, არაოფიციალური საელჩოს ფუნქციასაც კი ასრულებს.

ავტორიტარიზმი თუ დემოკრატია?

ტაივანის სამაგალითო ბრძოლა კორონავირუსთან, ადასტურებს რომ დემოკრატიული ჩინეთი არანაკლები თუ არა მეტი ეფექტურობით უმკლავდება პანდემიას, ვიდრე ტოტალიტარული ჩინეთი. 24 მილიონიან ქვეყანას, რომელსაც შარშან 3 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავდა კონტინენტური ჩინეთიდან, სულ 425 კოვიდ-19 შემთხვევა აქვს დაფიქსირებული და აქედან 6 გარდაცვლილი. ამავდროულად ტაივანმა დაახლოებით 57 ათასი ადამიანი დატესტა, და ერთერთი მოწინავე ქვეყანაა მოსახლეობის მასობრივ აგრესიულ ტესტირებაში.

ჩინეთისგან გასხვავებით, სადაც ავტორიტარული წნეხის გამო ქვედა რგოლებს ზემდგომებისთვის ინფორმაციის მიწოდების ეშინოდათ და რამაც საპასუხო ზომების მიღება დააყოვნა, ტაივანმა სწრაფად იმოქმედა. დეკემბრის ბოლოდან დაიწყო უჰანიდან ჩამოსული მგზავრების თვითმფრინავშივე შემოწმება. ასევე იანვრიდან, ჩინეთიდან ჩამოსულ ადამიანებს დაუწესდათ სიმპტომების ყოვედღიური მონიტორინგი. ტაივანი გახლდათ პირველი ქვეყანა რომელმაც 26 იანვარს ჩინეთის მოქალაქეების შემოსვლა აკრძალა. აგრეთვე ტაივანმა აიცილა თავიდან, დანარჩენ მსოფლიოში გაჩენილი პირბადეების მწვავე დეფიციტი: თავიდანვე შეიზღუდა ნიღბების უკონტროლო გაყიდვა, ხოლო საწარმოო ძალების მობილიზებით ქვეყანა დღეში 8 მილიონ პირბადეს აწარმოებს. ამასთან ერთად ვირუსთან ბრძოლაში ტაივანი წარმატებით იყენებს თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, იქნება ეს მოსახლეობის ინფორმირება თუ კარანტინში მყოფების მონიტორინგი.

ტაივანი საერთაშორისო ასპარეზზე

კრიზისის პირობებში ტაივანის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ცაი ინგ ვენმა განაცხადა რომ მისი ქვეყანა დახმარების ხელს გაუწვდის მსოფლიოს სახელმწიფოებს და მათ შორის 10 მილიონ პირბადეს დაურიგებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ტაივანს 5.6 მილიონი ნიღბის მიწოდებისთვის.

ცაკლე აღნიშვნის ღირისია, რომ მოუხედავად შესაშური საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისა, ჩინეთის ზეწოლის გამო, ტაივანი მოწყვეტილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო). მას დამკვირვებლადაც კი ეკრძალება მონაწილეობის მიღება ჯანმოს სხვადასხვა სტრუქტურების მუშაობაში. ჯერ კიდევ 2019 წლის 31 დეკემბერს ტაივნმა წერილობით მიმართა ჯანმოს უჰანში მიმდინარე ატიპიური პნევმონიის უჩვეულო შემთხვევებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი არ მიუღია.

გიორგი ხატიაშვილი

22.04.2020
ნახვა 1940

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

პოსტ-კორონავირუსული სამყარო

ჩინეთი თუ ამერიკა?
1 წელი