მათ დანაშაულს ხელს უწყობს დისტანციური მუშაობის სუსტი ოპერატიული დაცვა, არასაკმარისი კონცენტრაცია, პანიკა და/ან უბრალოდ თანამშრომლების უპასუხისმგებლობა. ქაოსი დამნაშავეთა წისქვილზე ასხამს წყალს. ასე ხდება როგორც ვირტუალურ, ასევე რეალურ ცხოვრებაში. ყველა ამ საჭირბოროტო საკითხის შეჯამებით შემუშავდა სხვადასხვა რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინებით შეგვიძლია დავიცვათ როგორც ჩვენი პირადი, ასევე ფირმის კუთვნილებაში არსებული მრავალი მონაცემი. გაგაცნობთ რამდენიმე მნიშვნელოვან და ყველაზე მარტივად შესასრულებელ რეკომენდაციას:
- გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე უცნობი ადრესატის მიერ ელ. ფოსტაზე გამოგზავნილ შეტყობინებებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი სხვადასხვა სახის პროდუქტს ან განსაკუთრებულ ფასდაკლებას გთავაზობენ.
- არ გახსნათ უცნობი ადრესატის მიერ გამოგზავნილი თანდართული ფაილები და არ გადახვიდეთ ელ. ფოსტაზე გამოგზავნილ ლინკებზე.
- უფრთხილდით ერთმანეთის მსგავს დომენებს, ელექტრონულ ფოსტასა და ინტერნეტ სერვისებზე მოსულ შეტყობინებებში დაშვებულ ორთოგრაფიულ შეცდომებს, ასევე ელ-ფოსტაზე გამოგზავნილი შეტყობინებების უცნობ ადრესატებს.
- დარწმუნდით, რომ უკვეთავთ საქონელს ავთენტური წყაროდან. ამის ერთ-ერთი საშუალებაა, არ გადავიდეთ ელ. ფოსტაში სარეკლამო მიზნით გამოგზავნილ ლინკებზე. კარგი ხერხია შევამოწმოთ სასურველი ფირმა Google-ის საძიებო ველში და სწორედ ამ გვერდის შუამავლობით გადავიდეთ სასურველ ინტერნეტ გვერდებზე.
დისტანციური მუშაობის მომავალი
უდაოა, რომ დისტანციური მუშაობა უახლოეს მომავალში სამსახურეობრივი მოვალეობის უწყვეტად შესრულების საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს. თავდაპირველად ამ რევოლუციას კარგად განვითარებული ქვეყნები გაივლიან, განსაკუთრებით ეკონომიკურ, ფინანსურ და ინფორმატიკულ სექტორში. დისტანციური მუშაობის ასეთი განვითარება დაკავშირებული იქნება ჩვენი მუშაობის სტილისა და ჩვევების შეცვლასთან და დიდად სავარაუდოა, რომ მოგვიწევს მათთან შესაგუებლად ახალი ტრენინგების გავლაც. ვისწავლეთ და მივეჩვიეთ პირბადის ხმარებასა და ხელების დეზინფიცირებას, ახლა დროა უფრო მეტი რამ გავიგოთ კიბერდანაშაულის შესახებ.
ამჟამად ძალიან ბევრი დაწესებულება თუ სხვადასხვა ბიზნეს ობიექტი საკმაოდ ქაოტურ პირობებში ფუნქციონირებს. ხშირ შემთხვევაში დინსტანციური მუშაობა ხორციელდება შესაფერისი ოპერატიული დაცვის გარეშე. მოკლედ რომ ვთქვათ, მომავალი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებს ე.წ. აიტიშნიკებს ეკუთვნით. ფირმაში სპეციალური განყოფილების არსებობა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ინფორმაციულ სისტემებს და დაიცავს მონაცემებს კიბერშეტევებისგან, მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ფირმის უსაფრთხოებაში.
როგორც ანალიტიკოსი მიროსლავ ჩიეშიელსკი აღნიშნავს: ელასტიური დისტანციური მუშაობა მოითხოვს განსხვავებული სტილის კოორდინაციას, კონტროლს, მოტივაციასა და კომუნიკაციას, ანუ საჭიროებს საქმიანობის წარმოების ახალი სტრუქტურის შექმნას. ეს პროცესი ასევე მოითხოვს ახალ გადამზადებასა და ტრენინგებს ვირტუალური ფორმით ჯგუფური მუშაობის საკითხებზე.
დისტანციურმა მუშაობამ შეიძლება დაგვაკარგვინოს უნარი ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროფესიული და ოჯახური ცხოვრება. სახლში ყოფნის დროს მუდმივად მოგვიწევს ვიყოთ პროფესიულ მზადყოფნაში. ეს ფაქტორი შეიძლება გამოყენებული იყო დამსაქმებლის მიერ მოსთხოვოს თავის დასაქმებულს უფრო მეტად იყოს მის განკარგულებაში. ეს ფაქტი შესაბამისად აისახება ოჯახურ ურთიერთობებზეც. ამავდროულად ფსიქოლოგებს გაუჩნდებათ ახალი განზომილება ფსიქოანალიზისთვის...
ბაზარზე გამოჩნდება ახალი ტიპის ავეჯი. დღესაც კი შეიძლება შევხვდეთ აქტიური სავარძლის რეკლამას, რომელიც განკუთვნილია დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის და რომელიც ხელს უწყობს ე.წ. აქტიურ ჯდომას. აქტიური ჯდომა, ხშირად დინამიურ ჯდომადაც მოხსენიებული, აიძულებს კუთნების გარკვეულ ნაწილს იყოს მუდმივად ჩართული ჯდომის პროცესში. შეიძლება ნიშნავდეს ეს იმას, რომ იმაზე ნაკლებად ვიმოძრავებთ ვიდრე ახლა?
დისტანციური მუშაობა არის შანსი უნარშეზღუდული ადამიანების უფრო მეტი გააქტიურებისაც. უნდა ველოდოთ თუ არა ამ სოციალურ ფენაში დასაქმებულთა რიცხვის ზრდას?
დისტანციური მუშაობის მომავალი განვითარება არსებული ფაქტია. უმეტესობა ჩვენგანი ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არის, მაგრამ შესამჩნევად ნაკლები რაოდენობის დამსაქმებელია ამ პროცესისთვის ტექნიკურ მზადყოფნაში. საინფორმაციო ტექნოლოგებისაა ახლა ბურთი და მოედანი. ყველაზე მეტად მობილური და კარგად დაცულნი გამოვლენ ამ კრიზისიდან გამარჯვებულნი. რა ბედი ელით დანარჩენებს? იქნებ აქაც რევოლუცია და ახალი რეალობა გველის წინ, რეალობა, სადაც ამჟამინდელი დამსაქმებლები როლებს შეიცლიან და დასაქმებულები გახდებიან...
ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი