მთავარი პოლიტიკა პოლიტიკური ორთაბრძოლა პანდემიის პირობებში

პოლიტიკური ორთაბრძოლა პანდემიის პირობებში

ოპოზიცია ხელისუფლებას მწვავე ბრალდებებით უპირისპირდება
17.04.2020
ნახვა 2384

ფოტო: საქართველოს მთავრობა

პოლიტიკური მათემატიკა?

მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისას, ფაქტიურად ბეწვის ხიდზე გადის, ოპოზიცია პოლიტიკური ქულების დასაწერად, შანსს არ უშვებს ხელიდან. საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. არაერთი საერთაშორისო გავლენიანი გამოცემა გამოეხმაურა გლობალური პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს წარმატებულ ბრძოლას და პოზიტიურად შეფასდა მთავრობის მიერ გადადგმული დროული და ეფექტური ნაბიჯები. მიუხედავად მთავრობის მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომებისა, რაც არცთუ მცირე დისკომფორტს უქმნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქვეყნის ეკონომიკას, თვალსაჩინოა, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა და მმართველი გუნდის რეიტინგი, პანდემიის ფონზე, გაიზარდა. აღნიშნული კი, რა თქმა უნდა, ოპოზიციურ ძალებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული, მიზეზები კი არც თუ ისე ცოტაა, რის გამოც შესაძლებელია ხელისუფლებასთან დაპირისპირება და საარჩევნოდ ქულების მობილიზება.

ორთაბრძოლის ილეთები

თვალი რომ გადავავლოთ ბოლო პერიოდში ოპოზიციის ტაქტიკურ სვლებს, კარგად ჩანს, თუ როგორ იწვევს ის ხელისუფლებას პოლიტიკურ ორთაბრძოლაში, რომლის ეფექტიც საბოლოოდ, არჩევნების შედეგებში უნდა აისახოს. ოპოზიციის კრიტიკის მთავარი სამიზნე შექმნილი სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია, ხშირად ისმის ასევე კრიტიკა ჯანდაცვის სფეროს მიმართულებითაც (სწრაფი ტესტების მოთხოვნა, პირბადეების სკანდალი და ..). მართალია, ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ის გარკვეული საკითხების პოლიტიზებას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას არ უნდა ემსახურებოდეს.

ცალკეული ოპოზიციური პარტიების წვლილი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად, ხელისუფლების ნაბიჯების პერმანენტული კრიტიკითა და ხმამაღალი განცხადებებით შემოიფარგლება. ზოგ შემთხვევაში, მათი სამოქალაქო აქტივობა და ხალხმრავალი ე.წ. საქველმოქმედო ღონისძიებები (მაგ. პირბადეებისა და სანიტარული საშუალებების დარიგება), ვირუსით ინფიცირების მასშტაბების ზრდას უფრო უწყობდა ხელს, ვიდრე მის წინააღმდეგ ბრძოლას. იმ დროს, როდესაც ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვს, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, მოქალაქეებს სააღდგომოდ ეკლესიებში მისვლისა და ზიარებისკენ მოუწოდებს. „ახლა უნდა ვეზიაროთ, ვიაროთ წირვაზე“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ბიუროს სხდომაზე და ისიც დასძინა, „ზოგ-ზოგიერთები ისე ნუ იზამთ, რომ ძალიან გააბრაზოთ მრევლი“. „მრევლის გაბრაზებაში“ იგი ალბათ, მოახლოებულ არჩევნებზე, მმართველი გუნდისთვის ხმების დაკარგვას გულისხმობდა?

28 მარტს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროპის ქალაქებში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში დახმარება შესთავაზა ხელისუფლებას, თუმცა - საკუთარი პირობებით. პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ავიაკომპანია და საჭირო ფინანსები მოიძია, რაც დაახლოებით 1000 მოქალაქის საქართველოში უფასოდ ჩამოყვანისთვის საკმარისი იქნებოდა. თუმცა, აუცილებელ პირობად, მთავრობის ხელშეწყობა დაასახელა და მოითხოვა ფრენების ნებართვა, საბაჟო და სასაზღვრო მომსახურეობა და სამედიცინო კონტროლის უზრუნველყოფა.

ხელისუფლებამ შეთავაზება არ მიიღო. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში ქვეყანას დახმარება არ სჭირდება და თუ ვინმეს ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ფული სპეციალურად კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში ჩარიცხოს.

ცნობისათვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით, საქართველოში უკვე დაბრუნდა 5500-ზე მეტი მოქალაქე, საზღვარგარეთ კი, საელჩოები და საკონსულოები 4000-ზე მეტ მოქალაქეს დაეხმარნენ. უახლოეს მომავალში, საქართველოში დაბრუნებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მარტივი ამოცანაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეს შეთავაზება ერთგვარად აკნინებდა ხელისუფლების ძალისხმევას, რაც მან საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად გასწია, მეორე მხრივ კი, მიმართული იყო სწორედაც, პოლიტიკური ქულების მოხვეჭისაკენ, რასაც მას მოუტანდა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაში შეტანილი წვლილი.

წინააღმდეგობა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თაობაზე

21 აპრილს იწურება საგანგებო მდგომარეობის ერთთვიანი ვადა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური მდგომარეობის გამო, მთავრობა განიხილავს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების შესაძლებლობას. ამ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ კონკრეტული ანტიკრიზისული და ფინანსური გეგმის წარდგენის გარეშე, როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე, ეკონომიკის თვალსაზრისით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს. უპირველესი მოტივი, რის გამოც ოპოზიცია ხელისუფლებას უპირისპირდება, ის მძიმე ეკონომიკური შედეგია, რაც შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მოჰყვეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი მოთხოვნილი ეკონომიკური გეგმის წარდგენას.

გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა სწორედ ახლა შედის კორონავირუსის გავრცელების კრიზისულ ფაზაში, რის გამოც, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, უბრალოდ მიზანშეწონილი არ იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს ის დიდი ფინანსური დახმარებაც, რასაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები უწევენ პანდემიის პირობებში ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შესამცირებლად. როგორც პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, წლის ბოლომდე, საქართველოსთვის საერთაშორისო დახმარების სახით, ხელმისაწვდომი დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი იქნება.

საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმების რღვევის კონტურები

ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის ტონი განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯით, ხელისუფლებამ დაარღვია 8 მარტს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმება, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც გულისხმობდა. საუბარია 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების: ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლებაზე (ბესიკ თამლიანი წინასწარი პატიმრობიდან 23 მარტს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა). ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ პანდემიის სიტუაციით ისარგებლა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება დაარღვია. მათი პოზიციით, თუ არ შესრულდება ხელისუფლების დაპირება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შეთანხმება ჩავარდება.

ხელისუფლება უარყოფს როგორც ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას, ასევე კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების დაპირებასაც. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომ პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი. მისივე განმარტებით, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება „ქართული ოცნების“ მხრიდან შესრულდება.

ოქრუაშვილის სასამართლო განაჩენს აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი გამოეხმაურნენ და და ყველა ხელმომწერ მხარეს 8 მარტის შეთანხმების პირობების სრულად დაცვისკენ მოუწოდეს. „ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას,“- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

როგორც ჩანს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დიდი სიმწვავით იჩენს თავს.

რელიგიური მსახურება პანდემიის დროს

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რელიგიური მსახურების ჩატარება და ტაძრებში ხალხმრავლობის პრობლემა სერიოზულ გამოწვევად იქცა. ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას არათანმიმდევრული მიდგომისა და მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გამონაკლისის დაშვების გამო ადანაშაულებენ. ბზობის დღესასწაულზე, ეკლესიებში ხალხმრავლობამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევას ერთნაირად არ პასუხობს. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ ხელისუფლება ისეთ ძლიერ ინსტიტუტთან, როგორიც ეკლესიაა, უუნაროა. მოძრაობა ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე კი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების ჩამონათვალში, ცალკე პუნქტად უნდა გამოყოფილიყო ეკლესიაში შეკრების შეზღუდვაც.

14 აპრილს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სრულად აქვთ გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ასევე, სახელმწიფოს ინსტიტუტების მნიშვნელობის ნაწილში და „ოქროს ბალანსის“ გამოსანახად მუშაობა მიმდინარეობს. მან ისიც აღნიშნა, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, გამკაცრება და მეტი ეფექტურობა იგეგმება.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე რამდენიმე დღე დარჩა. კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა კი არამხოლოდ სახელმწიფოსა და ეკლესიის პოზიციაზე, არამედ მოსახლეობის კეთილგონიერებაზეც დიდად არის დამოკიდებული.

ალბათ დამეთანხმებით, წინასაარჩევნოდ ოპოზიცია თუ ქულების მოპოვებას ცდილობს, ამაში უჩვეულო არაფერია. მთავარია, პოლიტიკურ მხარეთა დაპირისპირებამ სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესები არ დააზარალოს. წინ ბრძოლის დიდი გზაა გასავლელი, უპირველესად კი გლობალური პანდემიის წინააღმდეგ...

ანა ჯაფარიძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

17.04.2020
ნახვა 2384

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

პანდემია და ეკლესიის სოციალური (უ)პასუხისმგებლობა

როგორია ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის?
11 თვე