მთავარი პოლიტიკა პანდემია და ეკლესიის სოციალური (უ)პასუხისმგებლობა

პანდემია და ეკლესიის სოციალური (უ)პასუხისმგებლობა

როგორია ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის?
16.04.2020
ნახვა 1467

ეკლესია, სხვა სოციალურ და პოლიტიკური ინსტიტუტებთან ერთად, პანდემიასთან ბრძოლის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორია. ეკლესია და მისი მრევლი არ არის საზოგადოებისგან ცალკე მდგომი კუნძული, ის ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად ვირუსის გავრცელება ან გავრცელების მომატებული საფრთხის შექმნა ეკლესიაში პირდაპირ აისახება მთლიანად ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეკლესია, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირი საზოგადოებრივი შეკრებების ადგილია და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინება და დაცვა.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ეკლესიებში უსაფრთხოებისა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვაზე? რა თქმა უნდა, პირველ რიგში - სახელმწიფოს და ხელისუფლებას, როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ძირითად აქტორს და შემდეგ, უკვე თავად ეკლესიას და საპატრიარქოს, როგორც საკუთარ მრევლსა და სასულიერო იერარქებზე პასუხისმგებელ და მზრუნველ ინსტიტუციას.

თავიდანმე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ამ სტატიის მიზანი არ არის საეკლესიო ტრადიციებისა და კანონიკური ნორმების შეფასება ან ანალიზი, არამედ ჩვენ გვსურს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების და დამოკიდებულების განხილვა პანდემიის ჭრილში.

მართლმადიდებლური სამყაროს პასუხი პანდემიაზე

COVID 19-ის პანდემიის საპასუხოდ ზომები მიიღო არაერთმა რელიგიურმა კონფესიამ და ორგანიზაციამ მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ისეთმა დიდმა კონფესიებმაც, როგორებიცაა ისლამი, ჰინდუიზმი, კათოლიკური ეკლესია. ყველა მათგანმა შეაჩერა სახალხო, რიტუალური მსახურებები და დაემორჩილა სახელმწიფო ხელისუფლების აკრძალვებსა და შეზღუდვებს. მაგრამ, რომ არ მოხდეს საკითხის კონფესიური დაპირისპირების ან შეჯიბრობითობის კუთხით წარმოჩენა, მიმოვიხილოთ მართლმადიდებლურ სამყაროში განვითარებული მოვლენები, როგორც ერთი რელიგიური აღმსარებლობისა და მეტ-ნაკლებად მსგავსი ევქარისტიული და კანონიკური წესრიგის მქონე რელიგიური სივრცის.

რუსეთში ვირუსის გავრცელების ზრდასთან ერთად, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილემ, მოსახლეობას მოუწოდა დარჩნენ სახლებში და იქედან მიადევნონ თვალი საეკლესიო ლიტურგიებს.

საბერძნეთში ეკლესიისა და ხელისუფლების შეთანხმებით, საერთოდ შეჩერდა საეკლესიო ღვთისმსახურება მთელ საბერძნეთში 16 მარტს. ამ შეზღუდვის დარღვევის გამო კი დააკევეს მიტროპოლიტი, ერთ-ერთი უმაღლესი სასულიერო პირი საეკლესიო იერარქიაში.

რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მსახურება დაშვებულად ცნო მხოლოდ ღია სივრცეებში და არა შენობებში (ეკლესიებში). ბულგარეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც მოუწოდა მრევლს სახლში დარჩენისკენ, თუმცა არ შეუწყვიტავთ საეკლესიო მსახურება.

მკაცრი შეზღუდვები დაწესდა მონტენეგროში, სადაც, ასევე შეჩერდა საეკლესიო მსახურება, ხოლო ალბანეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საეკლესიო ლიტურგიები ონლაინ სივრცეში გადაიტანა.

პოლონეთის ეკლესია გარკვეული პერიოდი არ ემორჩილებოდა 10 მარტის საგანგებო რეჟიმით შემოღებულ შეზღუდვებს, თუმცა 25 მარტს ხელისუფლებამ უკვე მიიღო ახალი საგანგებო კანონი რომლის მიხედვითაც 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა რელიგიურ დაწესებულებებში (2-ზე მეტი ზოგადად მოქალაქეებისთვის).

შეზღუდვები არ ვრცელდება მხოლოდ ბელარუსის მართლმადიდებლურ ეკლესიებში. გამომდინარე იქედან, რომ თავად ქვეყანას არ აქვს ამ დრომდე მკაცრი შეზღუდვები და საგაგებო მდგომარეობა შემოღებული, ეკლესიებიც აგრძელებენ ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას.

უკრაინის მართლმამდიდებლური ეკლესია, რომელიც ბოლო დროინდელი მოვლენების გამო ორ ნაწილადაა გაყოფილი, სრულად ემორჩილება ქვეყანაში დადგენილ შეზღუდვებსა და აკრძალვებს. უკრაინის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, თავიდან წინააღმდეგი იყო აკრძალვების შემოღების და აგრძელებდა საეკლესიო მსახურებას. შედეგად, კიევის პეჩორის ლავრა, აპრილის დასაწყისში, გახდა ინფექციის გავრცელების კერა. კორონა ვირუსით დაავადდა 30-მდე სასულიერო პირი და გარდაიცვალა მონასტრის არქიმანდრიტი ნექტარიუსი. საავადმყოფოში გადაიყვანეს ლავრის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი პავლე, რომელმაც მოგვიანებით აღიარა საკუთარი შეცდომა და დაუდევრობა ვირუსთან მიმართებით და განაცხადა რომ, ეკლესია ზედმიწევნით დაიცავს ჯანდაცვის ორგანოების რეკომენდაციებს და აკრძალვებს.

რა მდგომარეობაა საქართველოში?

საქართველოში ეკლესიის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო ვირუსის გავრცელების პირველივე კვირებიდან. ბიზნესის დიდ ნაწილსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე დაწესებულ შეზღუდვებს ბუნებრივად მოჰყვა შეკითხვები ეკლესიისა და საპატრიარქოს პოზიციასა და მიდგომებზე. 20 მარტს, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, გაიმართა სინოდის ხდომა საპატრიარქოში, რომელსაც უნდა ემსჯელა საეკლესიო მსახურებაში ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე. სხდომამ დაადგინა, რომ არ იდგა ამგვარი ცვლილებების აუცილებლობა. „ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე!“ - ნათვქამი იყო საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. შესაბამისად, გამოიკვეთა საპატრიარქოს შედარებით ხისტი პოზიცია, რომ ისინი არ აპირებდნენ არავითარ კომპრომისზე წასვლას საკუთარ ტრადიციებსა და დადგენილ პრაქტიკებთან.

მოახლოებულ აღდგომის და მასთან დაკავშირებული სხვა რელიგიური დღესასწაულების პერიოდში ეკლესიებში მუდმივად ხალხმრავლობაა ხოლმე. შესაბამისად, 21 მარტ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად დაწესებულ შეზღუდვებს გადაადგილებასა და ერთ სივრცეში ადამიანების შეკრების თაობაზე, თითქოს ლოგიკურად უნდა შეეზღუდა ამგვარი დღესასწაულების და მასთან დაკავშირებული სახალხო რიტუალების ჩვეულებისამებრ ჩატარების შესაძლებლობა. თუმცა, საპატრიარქომ უარი განაცხადა ამგვარი აკრძალვების მიღებასა და საეკლესიო რიტუალებში მრევლის მონაწილეობის შეზღუდვაზე, რაც პრინციპში პირდაპირ დაპირისპირებას ნიშნავდა ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, როდესაც ხელისუფლების უფლებამოსილება და ძალაუფლება მნიშვნელოვნად ფართოვდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და კონსტიტუცია ხელისუფლებას ანიჭებს მსგავს სიტუაციაში მოქმედების სრულ ლეგიტიმურობას და ვალდებულებასაც კი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, მოერიდნენ საპატრიარქოსთან ღია დაპირისპირებას და პროცესებმა კულუარებში გადაინაცვლა.

რამდენიმე კვირის განმავლობაში, სრულიად საზოგადოება ელოდა საპატრიარქოსა და მთავრობას შორის მიმდინარე ფარული მოლაპარაკებეების შედეგებს. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როდესაც, ჯერ ერთ-ერთი ეკლესიის სტიქროსანს დაუდგინდა კორონა ვირუსი, შემდეგ ერთ-ერთ სასულიერო პირს (მღვდელს) და ბოლოს საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს. შედგა, არაერთი შეხვედრა და მოლაპარაკება მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის და ამ პროცესში ორივე მხრიდან უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული.

მოლაპარაკების შედეგები ჯერ 13 აპრილს უნდა გამხდარიყო ცნობილი, შემდეგ თარიღმა 14 აპრილისთვის გადაიწია, საბოლოოდ კი 15 აპრილს გაკეთდა ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მხრიდან საკმაოდ მოკლე და მშრალი განცხადებები, რაც აშკარად არ შეესაბამებოდა თემის აქტუალობასა და საზოგადოების არსებულ მოლდინებს. საპატრიარქოს განცხადებით სააღდგომო მსახურება ჩვეულებრივ ჩატარდება ქვეყნის მასშტაბით. მრევლის წარმომადგენლები ტაძრებში მივლენ კომენდანტის საათის დაწყებამდე (21 საათი) და ეკლესიებს კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ (6 საათი) დატოვებენ. ეკლესიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ დამსწრეებს შორის დისტანცირებას და ადგილზე ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვას.

მოსალოდნელი შედეგები

ეს გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, რომ ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის მიერ პანდემიასთან საბრძოლველად აქამდე განხორციელებულ ბევრ ქმედებასა და გადაწყვეტილებას, რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. თუ მართლმადიდებლურ ეკლესიას შესწევს უნარი ჩაატაროს ხალხმრავალი მსახურებები, ისე, რომ ამით არ შექმნას ვირუსის გავრცელების რეალური საფრთხე, მაშინ იგივე წესების დაცვით რატომ არ შეუძლიათ სხვა რელიგიისა და აღმსარებლობის წარმომადგენლებს თავიანთი რიტუალების შესრულება?
  2. იგივე მიზეზით, რატომ არ შეუძლიათ ბიზნესის წარმომადგენლებს განაგრძონ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა, იქნება ეს კვების ბიზნესი თუ სასაქონლე მაღაზიები, თუკი ისენი საპატრიარქოს მსგავსად დაიცავენ გარკვეულ ნორმებსა და სტანდარტებს?
  3. თუკი ეკლესიაში მისული მრევლი არ არღვევს საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვას სამზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ, მათ შორის დისტანციის არსებობის გამო, მაშინ რატომ არ შეიძლება სხვა მასობრივი ღონისძიებების გამართვა იგივე სტანდარტის დაცვით? და თუკი ირღვევა კანონი და ხელისუფლებას არ შესწევს მისი აღსრულების უნარი ან იყენებს შერჩევით მიდგომას, მაშინ არის თუ არა დისკრიმინაციული სხვა ადამიანების დაჯარიმება იგივე დარღვევების გამო და ეწინააღმდგება თუ არა ეს თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს?
  4. თუკი სააღდგომო ლიტურგიას შედეგად მოყვება ახალი ეპიდემიოლოგიური აფეთქება და ვირუსის გავრცელების ზრდა, რაც თავის თავად გულისხმობს ადამიანების გარდაცვალების რისკს, ვის უნდა დაეკისროს ამაზე პასუხისმგებლობა, ეკლესიას თუ სახელმწიფოს?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივია. რა თქმა უნდა სააღდგომო ლიტურგიის მრევლის დასწრებით ჩატარება ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს და ეკლესიის მიერ შემოთავაზებული ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს ამ რისკების მინიმიზაციას. რა თქმა უნდა გაზრდილ საფრთხეებზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ რიგში სახელმწიფოს.

აქ უფრო მნიშნელოვანია გავარკვიოთ, თუ რატომ უღირს ხელისუფლებას სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის და მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება და რატომ რისკავს საპატრიარქო მის რეპუტაციასა და საზოგადოების უსაფრთხოებას.

ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ამ შემთხვევაში არის შიში. შიში არა საპატრიარქოსთან დაპირისპირების, არამედ ამ დაპირისპირების შედეგად ამომრჩევლების და ხელისუფლების დაკარგვის შიში. საარჩევნო წელს, ხელისუფლება ვერ რისკავს საპატრიარქოსთან ღია დაპირისპირებას, თუმცა მათ ისიც კარგად ესმით, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მძიმე სოციალურ და ჯანდაცვის მდგომარეობაზე მათ დაეკისრებათ და ესეც ფაქტიურად ხელისუფლების დაკარგვას ნიშნავს. თუმცა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ საპატრიარქოსთან ღია დაპირისპირება გარდაუვალი მარცხის ტოლფასია, მაშინ როცა ეპიდემიოლოგიური აფეთქება ალბათობაა, რომლის მაქსიმალურად კონტროლს შეეცდებიან მათ ხელთ არსებული ყველა რესურსით და სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში საპატრიარქოს სახით ერთგვარი განტევების ვაცს შექმნიან.

რაც შეეხება საპატრიარქოს, მათთვის ეს არის ძალაუფლების დემონსტრირების და რეპუტაციული რეაბილიტაციის შანსი, განსაკუთრებით ბოლოდ დროს მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე (ციანიდის საქმე, მეუფე პეტრე ცაავას ბრალდებები). ძნელია იმის დაჯერება, რომ საპატრიარქო უბრალოდ ცდილობს ხელისუფლებასთან ვაჭრობას და გარკვეული დივიდენდების მიღებას ამ სიტუაციაში, როგორც ეს სხვა დროს ხშირად ხდებოდა ხოლმე, რადგან წარმოუდგენელია ადამიანების სიცოცხლის რისკის ფასად ვაჭრობა და ამგვარად მოლაპარაკებების წარმოება. საპატრიარქო უბრალოდ ცდილობს მისი საკმაოდ დაზიანებული რეპუტაციის აღდგენას და მრევლის მობილიზაციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესიების აბოსლუტური უმრავლესობის საქმიანობა შეზღუდულია მთელს მსოფლიოში და ამ ფონზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ფუნქციონირება გაზრდის მისი საკრალიზაციის და მითოსურობის განცდას. თუმცა, საპატრიარქოს მხრიდან ეს ბეწვის ხიდზე გავლაა, და ეს შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს მთლიანად საზოგადოებასა და ქვეყანას.

შეიძლება ბევრ ადამიანს სჯერა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილება არ შეაჩეროს საეკლასიო მსახურება და არ შეუზღუდოს მრევლს ეკლესიებში მისვლა პანდემიის პირობებში, არის ეკლესიის და მისი იერარქების მხრიდან ძლიერი რწმენისა და კანონიკური წესების ერთგულების გამოვლინება. თუმცა, თუკი საბერძნეთის, უკრაინის, რუმინეთის, სერბეთის და თვით რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც კი მოახდინა მის ევქარისტიულ დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა და სახელმწიფოს რეკომენდაციების გათვალისწინება, შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი მიდგომა სულ მცირე მიამიტური და ნაივურია. თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ჩვენი მიზანი არ არის ეკლესიის შიდა საკითხების და კანონიკის ანალიზი და არც ის მიგვაჩნია სწორად, რომ მრევლი დავადანაშაულოთ მისი რწმენებისა და შეხედულებების გამო. პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და საპატრიარქოს და ნაკლებად მრევლს, რომელიც მისი რწმენიდან გამომდიანრე ემორჩილება სასულიერო იერარქების მოწოდებებს.

დავით ნაროუშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

16.04.2020
ნახვა 1467

კომენტარები