მთავარი საგარეო პოლიტიკა აზერბაიჯანი და COVID-19

აზერბაიჯანი და COVID-19

აზერბაიჯანს რეგიონში ყველაზე მკაცრი საკარანტინო პოლიტიკა აქვს
15.04.2020
ნახვა 2321

რეგიონის ყველაზე მდიდარ ქვეყანაში, აზერბაიჯანში COVID 19-ის გავრცელება 28 თებერვლიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით, დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობით, პირველ ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით, სულ, კორონავირუსი დაუდგინა 1197 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 351, ხოლო გარდაიცვალა 13.

კარანტინი და მოქალაქეთა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა, აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მკაცრი საკარანტინო პოლიტიკა აქვს. 2020 წლის 5 აპრილიდან, დაწესდა მკაცრი შეზღუდვები მოქალაქეების გადაადგილებაზე. 65 წელს ზემოთ პირებს საერთოდ აეკრძალათ სახლიდან გასვლა, ხოლო დანარჩენებს მხოლოდ სამ შემთვევაში ეძლევათ სახლის დატოვების უფლება: 1) ექიმთან ვიზიტის 2) მაღაზიაში, აფთიაქში ან ბანკში და 3) ახლობლის დაკრძალვაზე წასვლის შემთხვევებში. პროცედურა საკმაოდ მარტივია, მოქალაქე ირჩევს სახლის დატოვების სასურველ მიზეზს და შესაბამისი უწყებებიდან იღებს თანხმობას SMS-ის სახით. საინტერესოა, რომ თუ კი სხვა ყველა შემთხვევაში მოქალაქეს მხოლოდ 2 საათით შეუძლია სახლის დატოვება, დაკრძალვაზე წასვლისას ლიმიტი არ არსებობს. ინფორმაციის გაყალბებისა და შეზღუდვების დარღვევის მიზეზით, უკვე ათეულობით პირია აზერბაიჯანში დაჯარიმებული თუ დაკავებული.

COVID-19 და კრიზისის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა

თვითიზოლაციის დარღვევას ედავება აზერბაიჯანის მთავრობა ოპოზიიცის წარმომადგნლებს. ამ ეტაპზე, ცნობილია, რომ დაკავებულია ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მინიმუმ 16 პირი. მსგავს ნაბიჯებს უკვე მოჰყვა შეფასებები უფლებადამცველების მხრიდან, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას კრიზისის პოლიტიკური მიზნების გამოყენებაში ადანაშაულებენ. როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ხელისუფლება ასრულებს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ 19 მარტს, ნოვრუზის დღესასწაულზე გაჟღერებულ მუქარას. პრეზიდენტმა ოპოზიციასმეხუთე კოლონაუწოდა და პოლიტიკური იზოლაციით დაემუქრა.

ეკონომიკური დახმარების პაკეტი

მთავრობის მიერ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას, რა თქმა უნდა, მოჰყვა საწარმოების, ოფისების, რესტორნებისა და მაღაზიათა უმრავლესობის დახურვა, გარდა სასურსათო ქსელებისა და აფთიაქებისა. მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ კომპანიების თანამშრომლებს, რომლებმაც შეაჩერეს მუშაობა კორონავირუსის პანდემიის გამო, ორი თვის განმავლობაში ხელფასი ბიუჯეტიდან მიეცემათ. უმუშევრებს კი, რომელთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია, სახელმწიფო 190 მანათით (352 ლარი) დაეხმარება, ასევე ორი თვის განმავლობაში. დახმარების პაკეტში გათვალისწინებულია სწავლის გადასახადის დაფარვა იმ სტუდენტებისთვისაც, რომელთა ოჯახებსაც მცირე შემოსავალი აქვთ.

აზერბაიჯანის ეკონომიკა და COVID-19

კორონავირუსის გავრცელებამ და ეკონომიკური აქტივობების შემცირებამ, ნავთობის ფასის რეკორდული ვარდნა გამოიწვია. ეს კი აზერბაიჯანისთვის საკმაოდ დიდი დარტყმაა, რადგან ეკონომიკის 45% სწორედ ნავთობისა და გაზის სექტორზე მოდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, აზერბაიჯანის ბიუჯეტი გათვლილია 53$ ბარელ ნავთობზე, დღეს კი მისი ღირებულება 33$-ია.

მთავრობამ უკვე გამოყო 600 მილიონამდე აშშ დოლარი ბიუჯეტიდან, რომლის მიზანი ეკონომიკის სტიმულირება იქნება. თუმცა თუ შეზღუდვები 20 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება, რაც მოსალოდნელია, ხოლო ნავთობის დაბალი ფასიც შენარჩუნდება საერთაშორისო ბაზარზე, მაშინ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემია აზერბაიჯანის ეკონომიკას საკმაოდ ძვირად დაუჯდება.

ჟანა სირბილაძე

15.04.2020
ნახვა 2321

კომენტარები