NATO vs COVID-19

ნატოს მართვისა და კონტროლის სისტემას შეუძლია უნიკალური როლი შეასრულოს პანდემიასთან ბრძოლისას
06.04.2020
ნახვა 922

გლობალური ვითარება

მთელს მსოფლიოში მიღებული შეკავების ზომების მიუხედავად, ვირუსის გავრცელება კვლავ გრძელდება. 6 აპრილის მონაცემებით, კორონა ვირუსით პლანეტის მასშტაბით 1 276 302 ადამიანია ინფიცირებული. ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 69 000 გადააჭარბა. ამათგან ყველაზე მეტი, დაახლოებით, 15 887 ადამიანი არის გარდაცვლილი იტალიაში. ხოლო დაინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვლინდა, დაახლოებით - 337 646 ადამიანი. ასევე, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი აქვს ესპანეთს - 12 641, საფრანგეთს - 8 078, გაერთიანებულ სამეფოს - 4 934.

NATO-ს მინისტრების შეხვედრა

არსებობს მოსაზრება, რომ ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, მიუხედავად იმისა, რომ ის ჰუმანიტარული ორგანიზაცია არა არის. NATO არის ერთადერთი მრავალეროვნული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც კრიზისული სიტუაციების მართვის და კონტროლის სისტემა აქვს და ჰყავს პერსონალი ოპერაციების განსახორცილებელად. მისი მისია კი წევრი სახელმწიფოების დაცვაა.1

2 აპრილს, ნატოს ისტორიაში პირველად მინისტერიალის შეხვედრა ონლაინ გაიმართა. განსახილველი ძირითადი საკითხი იყო თუ რა ღონისძიებები უნდა იქნეს გატარებული COVID-19-ის წინააღმდეგ. მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამედიცინო აღჭურვილობის ნატოს ძალების მეშვეობით ტრანსპორტირების შესახებ. წევრები შეთანხმდნენ, რომ გამოყოფილი იქნება სამედიცინო პერსონალი, მასალები და აღჭურვილობა. ასევე, გამოყენებული იქნება ორგანიზაციის სამედიცინო, მეცნიერული და ტექნოლოგიური რესურსები ინოვაციური გამოსავლის მისაღწევად. გენერალ ვოლტერსს დაევალა აუცილებელი სამხედრო მხარდაჭერის კოორდინირება კრიზისთან საბრძოლველად. ასევე, მას დაევალა სამხედრო-საჰაერეო ძალების მეშვეობით, სწრაფი გზებით ევროპის კონტინენტზე მედიკამენტების მიწოდება მოკავშირეებისათვის. მინისტერიალზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აპრილში ჩატარდეს თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრა პანდემიასთან ბრძოლის კოორდინაციის მიზნით.2

რუსეთის და ჩინეთის აქტიურობა ნატოს ტერიტორიაზე

გასულ თვეს იტალიაში კორონა ვირუსის მასიურად გავრცელების დროს ევროკავშირს დააგვიანდა დახმარების გაწევა. არსებული ვაკუუმით კარგად ისარგებლა ჩინეთმა და რუსეთმა. სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდებით ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს იტალიაში. ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად იტალიაში 100 რუსი სამხედრო ექიმი ჩავიდა. ჯგუფში იყო რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვითი ჯარების სარდლის მოადგილე გენერალ-მაიორი სერგეი კიკოტი. რუსული და ჩინური სახელმწიფო მედიის საშულებებით ფართოდ გაშუქდა ეს მოვლენა. იტალიის კრიზისი ანტი დასავლური პროპაგანდისთვის იქნა გამოყენებული. რუსული პრო სახელისუფლებლო მედიის გარდა აღნიშნული მოვლენა ფართოდ გაშუქდა სოციალურ მედიაში. რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა ალექსეი პუშკოვმა ტვიტერზე შეგნებულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია თითქოს და პოლონეთმა საჰაერო სივრცე არ დაუთმო რუსულ თვითმფრინავებს. ამ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება დაიწყეს რუსმა ბლოგერებმა. სამწუხაროდ დეზინფორმაციის ამ კამპანიაში ჩაიკარგა ის ფაქტი, რომ რუსული დახმარების უმეტესობა უბრალოდ უვარგისი აღმოჩნდა.

უკვე მოგვიანებით ბუნდესვერმა იტალიიდან და საფრანგეთიდან პაციენტები გერმანიაში გადმოიყვანა სამკურნალოდ. 15 პოლონელი ექიმი კი, ჩავიდა იტალიაში კოლეგების დასახმარებლად. ასევე, დიდი რაოდენებით სამედიცინო დახმარება გაიგზავნა იტალიაში. აპრილის თვის დასაწყისში თურქული სამხედრო თვითმფრინავებით სამედიცნო და ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა ესპანეთსა და იტალიაში, რომლის მართვას და კოორდინირებას ნატო ახორციელებდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს დახმარება ცოტათი დაგვიანებული იყო. იტალიის საზოგადოების იმედგაცრუება გამოიწვია იმან, რომ მარტის დასაწყისში არ იყო სისტემური და კოორდინირებული დახმარება არც ევროკავშირიდან და არც ნატოდან. პანდემიის პირველ ეტაპზე სახელმწიფოებმა უფრო თვით დახმარებას მიმართეს და ძალიან სუსტი იყო ინიციატივები საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან.

უხლოეს დღეებში COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის, როგორც საქართველოში და ასევე მსოფლიოში. ნატოს მართვისა და კონტროლის სისტემას, რესურსებსა და შესაძლებლობებს შეუძლია უნიკალური როლი შეასრულოს პანდემიასთან ბრძოლისას სახელმწიფოების ძალისხმევის კოორდინაციის პროცესში. ასევე, 2 აპრილის მინისტერიალზე გადაწყდა საქართველოსა და უკრაინისთვის დახმარება ჰიბრიდულ ომთან ბრძოლაში და მათი ჩართვა საჰაერო სარადარო მონაცემების გაცვლით პროგრამაში.

ლევან გეგეშიძე

1. The Coronavirus Pandemic Should Be NATO’s Moment, By Elisabeth Braw. https://www.defenseone.com/ideas/2020/03/coronavirus-pandemic-natos-moment/164239/. Accessed 5/04/2020.

2. Press conference by NATO Secretary-General Jens Stoltenberg following the meeting of NATO Ministers of Foreign Affairs. https://www.nato.int/cps/en/natohq/opinions_174772.htm?selectedLocale=en Accessed 5/04/2020

06.04.2020
ნახვა 922

კომენტარები