მთავარი პოლიტიკა Covid-19 ოკუპირებულ ტერიტორიებზე

Covid-19 ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ახალი საფრთხეები და შესაძლებლობები საქართველოსთვის?
08.04.2020
ნახვა 2717

კორონა ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიებზე. რა მდგომარეობაა ადგილზე, რა შესაძლებლობები აქვთ დე-ფაქტო ხელისუფლებებს პანდემიასთან საბრძოლველად და რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად. ეფექტური პოლიტიკისა და ქმედებების დასაგეგმად მნიშნელოვანი იქნება სიტუაციის სწორი ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.

ბოლო პერიოდამდე, არც აფაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში არ ხდებოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინება. ცხინვალში მარტის ბოლომდე დაშვებული იყო სოციალური აქტივობები და სპორტული შეჯიბრებებიც კი ტარდებოდა, ხოლო აფხაზეთში 22 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რაც თავისთავად მასობრივ შეკრებებს გულისხმობს. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როდესაც აქტიურად ხდებოდა რუსეთიდან ადამიანების ნაკადების მოძრაობა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

სიტუაცია აფხაზეთში

აფხაზეთში ვირუსის გავრცელების პირველი შემთხვევა გალის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. საეჭვო სიმპტომების მქონე ქალბატონისა და მისი ოჯახის წევრების გადმოყვანა და ტესტირება მოხდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქალბატონს, რომელსაც დაუდგინდა COVID-19, ჰქონდა რუსეთში მოგზაურობის ისტორია. გუშინ, 7 აპრილს, ასევე, ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების მეორე შემთხვევა გუდაუთაში. დიდი ალბათობით, ესეც არის რუსეთიდან იმპორტირებული შემთხვევა. ოფიციალური ინფორმაციით, ტესტირება მოხდა სოხუმის ლაბორატორიაში, თუმცა, ამ ფაქტის დადასტურება, ისევე როგორც სოხუმის ლაბორატორიული შესაძლებლობების და მისი საიმედოობის დადგენა ამ ეტაპზე რთულია, სანდო წყაროს და ადგილზე გადამოწმების შესაძლებლობის არ ქონის გამო. ოფიციალური სოხუმი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათ შემოიტანეს PCR ტესტები რუსეთიდან, თუმცა აქვთ თუ არა ადგილზე ამ ტესტების გამოყენებისთვის საჭირო აღჭურვილობა და ექსპერტიზა უცნობია. რთულია, ასევე იმის განსაზღვრა რეალურად გავრცელების რა მასშტაბებია ადგილზე, რადგან არ არსებობს ინფორმაცია კარანტინში მყოფ და სავარაუდო სიმპტომების მქონე ადამიანების შესახებ, ამასთანავე, არ ვიცით რა სიხშირით ტარდება ტესტირება მოსახლეობისთვის და რამდენად სანდოა ეს ტესტები.

აფხაზეთში, 20 მარტიდან მოყოლებული, ხდება სამედიცინო აღჭურვილობისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს გავლით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთმა ოფიციალურად ჩაკეტა საზღვრები 14 მარტს, ის მიანც აძლევს გალის მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას სამედიცინო მომსახურების მისაღებად. შესაბამისად, ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის შეინიშნება დახურული და არაოფიციალური, მაგრამ მაინც გარკვეული სახის კომუნიკაცია და მზაობა თანამშრომლობისთვის გლობალურ პანდემიასთან საბრძოლველად.

სიტუაცია სამხრეთ ოსეთში

რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა სამხრეთ ოსეთში, სადაც პანდემიის გავრცელებასთან ერთად, უკვე ჰუმანიტარული კატასტროფის საშიშროებაც დგას. სოხუმისგან განსხვავებით, ოფიციალური ცხინვალი არ აღიარებს ვირუსის გავრცელების ფაქტს. ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობა უარს აცხადებს საქართველოსთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე და საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე. მეტიც, ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ქართულ მხარეს ადანაშაულებს ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნის მცდელობაში, მიზეზად კი ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის გახშირებას და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ვირუსის პოტენციური გადამტანების შესვლას ასახელებს. ის, ასევე ადანაშაულებს ქართულ სპეცსამსახურებს ვირუსის ექსპორტის მცდელობაში და აცხადებს, რომ ქართული მხარე რეალურ მონაცემებსაც აყალბებს და მსოფლიოს უმალავს ინფორმაციას ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შესახებ. თუმცა, ამ პროპაგანდისა და სიძულვილის გაღვივებისკენ მიმართული რიტორიკის მიღმა, რეალურად საკმაოდ რთული ვითარებაა ადგილზე. სამხრეთ ოსეთს არ გააჩნია არც სათანადო სამედიცინო აღჭურვილობა და არც რესურსები მასობრივი იზოლაციის პირობებში მყოფი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად. ადგილზე არ არსებობს ტესტირების შესაძლებლობა და იმ ფონზე, როდესაც ბოლო კვირებში უამრავი ადამიანი დაბრუნდა რუსეთიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან საგანგებო მდგომარეობის გამო, არსებობს ვირუსის უკონტროლოდ გავრცელებისა და ჰუმანიტარული კატასტროფის დადგომის რეალური საფრთხე. ამას გარდა, ბოლო თვეებში, ისედაც გართულებული მიმოსვლის ფონზე, ვირუსის გავრცელების შემდეგ სამხრეთ ოსეთმა საერთოდ ჩაკეტა ე.წ საზღვარი საქართველოსთან და, შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც მანამდე ახერხებდნენ პროდუქტების და მედიკამენტების მიღებას საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან, ახლა სრულ იზოლაციაში მოექცნენ. განსაკუთრებით მოწყვლადია ახალგორის მოსახლეობა, რომლებსაც პრაქტიკულად შეეზღუდა სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა.

რა არის საქართველოს პოლიტიკა და როგორი უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია?

საქართველოს ხელისუფლება მის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ცდილობს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონა ვირუსის გავრცლებასთან საბრძოლველად. ენგურის გამშვებ პუნქტზე მოეწყო საველე კარავი სადაც ხდება გადმოსული მოსახლეობის პირველადი შემოწმება და კონტროლი. ასევე, დაგვიანებით მაგრამ მაინც აქტიურად მიმდინარეობს რუხის სამედიცინო ცენტრის აღჭურვა ინფექციურ დაავადებების სამკურნალო აპარატურით. ქართულ და აფხაზურ სამედიცინო პერსონალს შორის არის მუდმივი კონტაქტი და ქართული მხარე ცდილობს დაეხმაროს მათ როგორც კონსულტაციებითა და ექსპერტიზით, ასევე სამედიცინო აღჭურვილობით საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენებით. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართულ და აფხაზურ მხარეს შორის მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა არხების გამოყენებით, თუმცა ამაზე ღიად საუბარი არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის.

საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდის“ კავკასიის რეგიონის საკითხების უფროსი მკვლევარის ტომ დე ვაალის აზრით კი კორონავირუსი შეიძლება გახდეს კონფლიქტის გადატვირთის შესაძლებლობა საქართველოსთვის. დე ვაალი ამისთვის სამ მნიშვნელოვან ელემენტს ასახელებს. ესენია, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის გაღრმავება პანდემიის ჭრილში, აფხაზეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან ახალი ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით და ე.წ quid pro quo (სამსახური სამსახურის ნაცვლად) მიდგომა, რაც გულისხმობს იმიას რომ საქართველოს მხრიდან გარკვეული დახმარებების გაწევის პარალელურად, აფხაზურმა მხარემაც უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები, როგორიცაა, მაგალითად, აფხაზეთში გალის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

თუმცა, ტომ დე ვაალის მიდგომა ძირითადად ეფუძნება ორმხრივ მექანიზმებს, რაც თავის თავში გულისხმობს აფხაზური მხარის სურვილს და მზაობას ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან. თანამშრომლობა, ვირუსის და კრიზისის პირობებში, როდესაც საქმე ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება, სხვა დატვირთვის და პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კრიზისის დასრულების შემდეგ ეს თანამშრომლობა შენარჩუნდება. თუმცა, ფაქტია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარება დადებითად იმოქმედებს ურთიერთობების დინამიკასა და საზოგადოებრივ აზრზე, მაგრამ ეს ზედმეტი ოპტიმიზმის საბაბს არ უნდა გვაძლევდეს. (გავიხსენოთ წლების განმავლობაში გაწეული სამედიცინო დახმარება და უფასო ელექტროენერგიის მიწოდება).

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან საჭიროების შემთხვევაში გალში ქართველი სამედიცინო პერსონალის შეყვანის და ადგილზე სამედიცინო ცენტრის აღჭურვისა და გადამზადების მიმართულებით, რასაც თავისი სტრატეგიული და ოპერაციული მნიშვნელბა ექნება როგორც ვირსუთან საბრძოლველად ისე სამომავლო ურთიერთობებისთვის.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, უნდა გაძლიერდეს ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მოხდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და სამედიცნო დახმარების გაწევა. ამ ეტაპამდე, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება სრულიად დესტრუქციულ მიდგომას ინარჩუნებს, თუმცა სავარაუდოდა რომ კრიზისის დამძიმების ფონზე მათ მოუწევთ საკუთარი პოლიტიკის გადახედვა და ამ დროისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს დროული და ეფექტური რეაგირებისთვის.

ასევე არ უნდა დაგვრჩეს მხედველობის მიღმა მდგომარეობა თავად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. გავრცელების ზრდასთან ერთად, მაშინ როდესაც თავად ვითხოვთ დახმარებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებას არ ეყოს არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსები ოკუპირებული ტერიტორიების დასახმარებლად. ამიტომაც მოთხოვნილ დახმარების პაკეტებში ან თავიდანვე უნდა შევიყვანოთ ოკუპირებული ტერიტორიები ან გაკეთდეს ცალკე მოთხოვნა ამ მიმართულებით დახმარების მისაღებად.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლა შესაძლოა კარგი საშუალება გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ურთიერთობები რადიკალურად გაუმჯობესდება, განსაკუთრებით კი ოფიციალურ დონეზე, თუმცა არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ გაჩნდეს ახალი პიროვნული და ადამიანური ურთიერთობები და ქართული მხარე წარმოჩინდეს როგორც პასუხისმგებლიანი, რაციონალური აქტორი, რაც მცირედით მაინც გააუმჯობესებს ჩვენს იმიჯს და აღქმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საზოგადოებებში.

დავით ნაროუშვილი

08.04.2020
ნახვა 2717

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, სისხლი დეფიციტშია

კიდევ ერთი გამოწვევა მსოფლიოს გარშემო ქვეყნებისთვის
1 წელი