მთავარი ეკონომიკა როგორ ეხმარება დასავლეთი საქართველოს COVID-19-ის დაძლევაში?

როგორ ეხმარება დასავლეთი საქართველოს COVID-19-ის დაძლევაში?

კორონა ვირუსის ეკონომიკური შედეგები და საგარეო დახმარების მნიშვნელობა
01.04.2020
ნახვა 2109

გლობალური ეკონომიკური რეცესია

მსოფლიო კორონა ვირუსის პანდემიას ებრძვის. მაშინ როდესაც არ არსებობს ვაქცინა, ყველაზე ეფექტური მექანიზმი ვირუსთან საბრძოლველად სოციალური დისტანცირება და მკაცრი შეზღუდვებია, თუმცა ამას თავისი საკმაოდ დიდი ეკონომიკური ფასი აქვს.

რთულია კორონა ვირუსის გრძელვადიანი ეკონომიკური შედეგების პროგნოზირება იმ ფონზე როდესაც ვირუსის გავრცელების დინამიკა ჯერ კიდევ მზარდია და დაზუსტებით შეუძლებელია იმის განსაზღვრა როდემდე შენარჩუნდება მკაცრი შეზღუდვების რეჟიმი სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, გლობალური ეკონომიკური რეცესია და კრიზისი უკვე სახეზეა და ექსპერტების და მსხვილი ფინანსური ორგანიზაციების გათვლებით შედარებით ზუსტი რიცხვები და პროგნოზები მაისის თვეში გვექნება.

საქართველოს შეთხვევაში, უკვე შეიძლება ითქვას რომ ეკონომიკური შედეგები საკმაოდ დიდი და მტკივნეული იქნება. საგანგებო შეზღუდვების გამო შეჩერებულია უამრავი ბიზნესი და მთლიანი სექტორები, შემოსავალი შეუწყდა ან შეუმცირდა უამრავ თვითდასაქმებულსა და მცირე მეწარმეს. ამას ემატება ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდა.

ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ ტურისტული სეზონი მთლიანად ჩავარდა და შესაბამისად ამ სექტორთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ბიზნესები დიდ ფინანსურ ზარალს უნდა ელოდნენ. ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს (2019 წლის მთლიანი მონაცემები ჯერ არ არის გამოქვეყნებული) ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა ამ წელს საქართველოს GDP 17.6 მილიარდი იყო. გამოდის რომ ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 20% ტურიზმის სექტორიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული. ასევე მკვეთრად შემცირებულია უცხოური გზავნილების მოცულობაც, საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარზე.

ჯერ-ჯერობით, ზუსტად არ ვიცით რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს საქართველოს მთავრობა და რა ეკონომიკური სტიმულირების გეგმას შემოგვთავაზებს ის, თუმცა შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ საგარეო დახმარების გარეშე, შიდა რესურსებით ეკონომიკური პრობლემების დაძლევა შეუძლებელი იქნება.

აშშ-ს რეაქცია

ამერიკისა და ევროპის მაგალითზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ ინტერვენციის და სტიმულირების ის მოცულობა, რაც აუცილებელი იქნება ეკონომიკის ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად და პრე-კრიზისულ მაჩვენებლებზე გასასვლელად. აშშ-ს მთავრობამ შეიმუშავა 2 ტრილიონ დოლარიანი სტიმულირების პაკეტი და ამჟამად განიხილავს მეორე 2 ტრილიონი დოლარის მოცულობის ინფრსატრუქტურულ პაკეტს, კრიზისის შემდეგ ეკონომიკის სწრაფად ამუშავებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. აშშ-ს GDP 2019 წელს იყო 21,5 ტრილიონი დოლარი, ანუ უხეში გათვლებით ამერიკა GDP-ის 10%-ს დახარჯავს კორონა ვირუსთან და მისგან გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან საბრძოლველად.

სიტუაცია ევროკავშირში

მსგავსი სიტუაცია ევროკავშირშიც. ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, ევორკავშირი კრიზისთან საბრძოლველად 900 მილიარდი ევროს ალოკაციას მოახდენს, რაც ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 7,3%-ია. ამას დამატებული ეროვნული მთავრობების შიდა ძალისხმევა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აშშ-ს მსგავსად ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც ეკონომიკური დახმარების მოცულობა 10-დან 15%-მდე იმერყევებს.

დახმარება საქართველოსთვის

ამ ეკონომიკური გათვლებით, საქართველოს 6-6,5 მილიარდი ლარი დასჭირდება ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად და ნირმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად, რაც რა თქმა უნდა მხოლოდ შიდა რესურსებით შეუძლებელი იქნება. 30 მარტს, ევროკავშირმა საქართველოს უკვე გამოუყო დახმარების პირველი პაკეტი 120 მილიონი ევროს ოდენობით, საიდანაც 30 მილიონი ევრო სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად დაიხარჯება, 70 მილიონი ბიზნესის დასახმარებლად, ხოლო 20 მილიონი მოხმარდება სხვადასხვა ლოკალურ საგრანტო პროგრამებს, რომლებიც გამიზნული იქნება საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის დასახმარებლად. ამას გარდა ევროკავშირმა დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობის დახმარების პაკეტი, რომლის ფარგლებში პროგრამის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი) 1 მილიარდამდე ევროს მიიღებენ დახმარების სახით.

შესაბამისად, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ექსპერტულ წრეებში გავრცელებული მოსაზრება რომ დასავლეთი ვერ შეძლებს საქართველოს დახმარებას, რადგან მათ საკუთარი ეკონომიკური პრობლემები და ამოცანები აქვთ გადასაჭრელი, სიმართელს არ შეესაბამება. პარტნიორებთან სწორი მუშაობისა და თანამშრომლობის ყველა მექანიზმის ეფექტური გამოყენებით საქართველო შეძლებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საგარეო დახმარების მიღებას.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ, საგარეო დახმარების მისაღებად და ეფექტური ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის შესაქმნელად აუცილებელი იქნება მთავრობისა და ოპოზიციის თანამშრომლობა. 2020 წელი საარჩევნო წელია საქართველოში და ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ექნება თანამშრომლობას პარტიებს შორის, როგორც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში, ასევე შიდა ეკონომიკური სტიმულირების გეგმის შემუშავებისას, რათა ხელისუფლების ცვლილების პირობებშიც უზრუნველყოფილი იყოს პროცესის სისტემურობა და განგრძობადობა.

დავით ნაროუშვილი

01.04.2020
ნახვა 2109

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

საქართველოში კარანტინია

31 მარტიდან მთელი ქვეყანა დე ფაქტოდ კარანტინში იმყოფება
1 წელი

კორონავირუსი და 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები

კორონავირუსის კრიზისი და წინასაარჩევნო გამოწვევა
1 წელი

ვირუსი საზღვრების გარეშე

მდგომარეობა ჩვენს სამეზობლოში
1 წელი