მთავარი უსაფრთხოება საქართველოში კარანტინია

საქართველოში კარანტინია

31 მარტიდან მთელი ქვეყანა დე ფაქტოდ კარანტინში იმყოფება
31.03.2020
ნახვა 985

ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

 

31 მარტიდან მთელი ქვეყანა დე ფაქტოდ კარანტინში იმყოფება. ასევე, დღეიდან ძალაშია ე.წ. საკომენდანტო საათი. მოქალაქეებს საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. დროის ამ მონაკვეთში მხოლოდ სააფთიაქო ქსელები იმუშავებენ. იკრძალება ასევე სამზე მეტი მოქალაქის შეკრება.

დღეიდან სრულად აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში. შეიზღუდება ავტობუსები, მეტრო; შეზღუდვა ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის საქალაქთაშორისო გადაადგილებასაც. აკრძალვა არ ვრცელდება ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებზე, მხოლოდ იმ დათქმით, რომ მასში სამზე მეტი ადამიანი არ უნდა იმყოფებოდეს. 70 წლის ზემოთ მოქალაქეებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა.

ქვეყნის დიდი ქალაქების შესასვლელებში განთავსდება საკონტროლო გამშვები პუნქტები. მათი ფუნქცია იქნება მოძრაობის კონტროლი და მოქალაქეების თერმოსკრინინგის განხორციელება.

გამოწვევები საგანგებო მდგომარების დროს

როგორც ცნობილია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. აკრძალული იყო 10 კაცზე მეტის შეკრება. მარნეულის და ბოლნისის რაიონები საკარანტინო ზონად იქნა გამოცხადებული. აშკარაა, რომ ხელისუფლების ეს ზომები დროული და ეფექტიანიც იყო. ოფიციალური მონაცემებით, 30 მარტის მდგომარეობით კორონავირუსით ქვეყნაში მხოლოდ 100 ადამიანი იყო დაინფიცირებული. მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების დარღვევებს. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის ცალკეული სასულიერო პირებისა და მრევლის დაუმორჩილებლობა. ასევე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და მასთან აფილირებულმა არასამთვრობო ორგანიზაციამ დაარღვია კანონის მოთხოვნა, რასაც მოჰყვა მათი დაჯარიმება. სასულიერო პირების მიერ კანონის დარღვევა კი, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა. ასეთ კრიზისულ სიტუაციაში არ შეიძლება საზოგადოებაში არსებობდეს „პრივილიგირებული ჯგუფები“ და „დანარჩენები“ , რომლებზეც ვრცელდება კანონი. ეს ძირს უთხრის ჩვენს ისედაც სუსტ სოციალურ კაპიტალს. 30 მარტს პოლიციამ 104 ადამიანი დააჯარიმა შეკრების წესის დარღვევისთვის. 6 იურიდიული პირი დაჯარიმდა აკრძალული ეკონომიკური საქმიანობისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფულადია ჯარიმა საკმაოდ მაღალია. 3000 ლარი ფიზიკურ პირისთვის და 15 000 ლარი იურიდიული პირისთვის.

ოპოზიციის პასუხისმგებლობა

ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ერთიანობა. ერთიანობა ხალხის, მთავრობის და იმ პროფესიონალი სახელმწიფო მოხელეების (ეპიდემიოლოგები, ექიმები, ძალოვანის სტრუქტურის ოფიცრები) რომელიც უშუალოდ მართავენ ამ პროცესებს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურ ოპოზიციას აქვს განსაკუთრებული როლიც და პასუხისმგებლობაც. მართალია მას არ შეუძლია უშუალოდ გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე და გადაწყვეტილების პროცესზე, მაგრამ შეუძლია არ დააზიანოს პროცესები. ვირუსი, როგორც მტერი უტევს სახელმწიფოს, ერს და თითოეულ ჩვენთაგანს, ამიტომ ამ კრიზისულ ფაზაში საჭიროა ქვეყნის ხელისუფლების „მხარდაჭერა“. ეს შესაძლებელია ყველაზე კარგად თავშეკავებაში გამოხატოს. ოპოზიციის მხრიდან აქტიურობას მხოლოდ ერთ შემთხევაში აქვს მორალური გამართლება თუ ხელისუფლება ისეთ შეცდომებს უშვებს, რომ კოლაფსი გარდაუვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ნეგატიური გავლენა იქონიოს პროცესებზე, რაც ასევე აისახება მათ პოლიტიკურ მომავალზეც.

ზოგადად იდეალური იქნებოდა თუ ხელისფლება მოახერხებდა და ამ ეროვნული ამოცანის გადაწყვეტის პროცესში ოპოზიციასაც ჩართავდა, მაგრამ ეს ალბათ მომავლში, დღეს კი ამ სენთან ჩვენს ხელთა არსებული შეზღუდული რესურსების, მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტების და სუსტი სოციალური კაპიტალით მოგვიწევს გამკლავება.

ლევან გეგეშიძე

31.03.2020
ნახვა 985

კომენტარები