მთავარი პოლიტიკა კორონავირუსი და 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები

კორონავირუსი და 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები

კორონავირუსის კრიზისი და წინასაარჩევნო გამოწვევა
25.03.2020
ნახვა 2788

ახალი კორონავირუსისგან (COVID-19) დამდგარი რისკების ფონზე, მაშინ როდესაც უცნობია თუ როდის დასრულდება კრიზისი და საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე რაიმე პროგნოზის გაკეთება, კიდევ უფრო რთულდება.

2020 არჩევნების წელია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთში, ახალ ზელანდიაში, ისლანდიაში, საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბოლივიაში. ამ უკანასკნელში, კორონავირუსის საფრთხის გამო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 3 მაისს უნდა ჩატარებულიყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კი სადაც საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერშია დაგეგმილი, უკვე აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია არჩევნებში ელექტრონულად ხმის მიცემის პრაქტიკის ქვეყნის მასშტაბით დანერგავზე, რათა არ შეიზღუდოს დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი პრინციპი - ხმის მიცემის უფლება. რა ბედი ელის, უკვე მწვავე დისკუსიების საგნად და ქართული დემოკრატიის საზომად ქცეულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

საპარლამენტო არჩევნები და საგანგებო მდგომარეობა

საქართველოს კონსტიტუციის 37- მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. 2020 წლის კალენდრის თანახმად, მომავალი არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. თუმცა საინტერესოა, რომ თუ საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45- და არაუგვიანეს მე-60 დღეს. გამოდის, თუ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, მაშინ არჩევნები მინიმუმ 45 დღით გადაიდება.

მსგავსი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან არსებული ინფორმაციით კორონავირუსის კრიზისი აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს. თუ პროგნოზი გამართლდა, არჩევნები ოქტომბერში უპრობლემოდ ჩატარდება, მაგრამ წინაასაარჩევნო პროცესები მნიშვნელოვნად შეფერხდება. ოპოზიციურ პარტიებს გაუჭირდებათ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიების ჩატარება. თუმცა, საბოლოო ჯამში, შედეგებზე უმნიშვნელოვანესი გავლენა მაინც მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება. თუ ქართული ოცნება შეძლებს და ეფექტურად უპასუხებს საფრთხეებსა და გამოწვევებს, ოპოზიციურ პარტიებს გაუჭირდებათ ქართული ოცნების, როგორც პარტიის და მისი მაჟორიტარული კანდიდატების დამარცხება.

კორონავირუსის კრიზისი - წინასაარჩევნო გამოწვევა თუ უპირატესობა მმართველი გუნდისთვის

საქართველოს მთავრობამ, პირველი შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, საკმაოდ სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასარიდებლად და ქართული მოდელი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულადაც შეფასდა. ჯერ-ჯერობით რაიმე ოფიციალური კვლევა არ გამოქვეყნებულა, თუმცა საზოგადოებისგან წამოსული შეფასებებიდან ცალსახაა რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ქართული ოცნების რეიტინგი გაიზარდა.

უდაოა, რომ არჩევნების წელს მსგავსი კრიზისის შექმნა გარკვეულ უპირატესობას და საგანგებო მდგომარეობის საკუთარი ინტერესების სასარგებოდ გამოყენების საშუალებას აძლევს ხელისუფლებას. მმართველმა გუნდა ინკასო დაადო დამოუკიდებელ არხებს „მთავარსა“ და „TV პირველს“ იმ დროს, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას არ შეუძლია პროტესტის გამოხატვა და საკუთარი აზრის ქუჩაშიდაფიქსირება. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ ხელისუფლება საკმაოდ დიდი დილემის წინაშეც დააყენა. კერძოდ, შეასრულოს მოვალეობა, აღასრულოს კანონის უზენაესობა და დაკარგოს საპატრიარქოს მხარდაჭერა თუ მისცეს ამ უკანასკნელს ლიტურგიის ჩატარებისა და ერთი კოვზით ზიარების პრინციპის გაგრძელების საშუალება, შესაბამისად, შეინარჩუნოს მართლმადიდებელი მრევლის ხმები.

ნებისმიერ შემთხვევაში, კორონავირუსს და მისგან გამოწვეულ კრიზისს აუცილებლად ექნება გავლენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესსა და შედეგებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემიებთან თანაცხოვრება ჩვენი მომავალია, აუცილებელია დროულად დაიწყოს ელექტრონულად ხმის მიცემის მოდელის დანერგვაზე მუშაობა. სწორი მოდელის შერჩევა, იქნება ეს ამერიკული, ესტონური თუ რაიმე სხვა, უნდა გახდეს დებატების საგანი. რაც ნამდვილად უდაოა ისაა, რომ არსებული სისტემა მსგავს კრიზისებში არარელევანტურია, რადგან ეს უკანასკნელი ვერ აძლევს მოქალაქეებს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის - არჩევნების გზით საკუთარი ნების დაფიქსირების საშუალებას.

ჟანა სირბილაძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

25.03.2020
ნახვა 2788

კომენტარები