მთავარი საგარეო პოლიტიკა ვირუსი საზღვრების გარეშე

ვირუსი საზღვრების გარეშე

მდგომარეობა ჩვენს სამეზობლოში
23.03.2020
ნახვა 2436

ახალი კორონავირუსის covid-19-ის გავრცელების მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება. ამ დროის მონაცემებით მსოფლიოში 339,709 (23 მარტის 10 საათის საათის მონაცემებით) დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 113,718 შემთხვევას უკვე ჰქონდა შედეგი (14,704 გარდაცვლილი, 95,892 გამოჯანმრთელებული), ხოლო 225,991 მიმდინარე შემთხვევაა. დინამიკაში ვირუსის გავრცელების არეალი და ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერ-ჯერობით მზარდია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია.

მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 5(8) უკვე გამოჯანმრთელდა, 49 პაციენტი კი სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. კარანტინში ამ დროისთვის იმყოფება 3254 ადამიანი, საიდანაც 233 სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა.

ხელისუფლებამ 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც ტარდებოდა მთელი რიგი ღონისძიებები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამ ღონისძიებებისა და საყოველთაო მზაობის პირობებში საქართველო ამ დრომდე ახერხებს ვირუსის გავრცელების ეფექტურ კონტროლს, თუმცა გავრცელების დინამიკა ჩვენთანაც მზარდია და როგორც დარგის ექსპერტები და ვირუსთან საბრძოლველად შექმნილი სამთავრობო კომისიის წევრები აცხადებენ, მოსალოდენელია ვირუსით დაინფიცირებულთა მატება და გავრცელების არეალის ზრდა ქვეყანაში.

უკვე დაფიქსირდა მეზობელი სახელმწიფოდან ვირუსის იმპორტის შემთხვევაც. 22 მარტს, მარნეულში ასაკოვან ქალს დაუდგინდა კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევა, რომლის სავარაუდო მიზეზიც აზერბაიჯანში მოგზაურობას უკავშირდება. იმის გამო, რომ ინფიცირებულს ქონდა კონტაქტი ბევრ ადამიანთან (90-ზე მეტი) და ვერ ხერხდება წყაროს ზუსტად დადგენა, მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა და მთლიანად საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. მოეწყო საველე ჰოსპიტალი და ადგილზე სიტუაციას პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ

ამ ფონზე საინტერესო იქნება მიმოვიხილოთ რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, განსაკუთრებით კი სომხეთსა და აზერბაიჯანში, რადგან როგორც ხშირად ხდება, ჩვენ ამჯერადაც საინფორმაციო ვაკუუმში ვიმყოფებით ამ ორ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. თუ მედიაში მეტ-ნაკლებად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთსა და თურქეთში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ მდგომარეობასა და გატარებულ ღონისძიებებზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ მშრალი რიცხვები და სტატისტიკა. ამიტომ, შევეცდებით მიმოვიხილოთ იქ არსებული სიტუაცია. გამომდინარე იქედან, რომ უკვე დადასტურდა აზერბაიჯანიდან ვირუსის იმპორტის შემთხვევა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება ამ ქვეყნებში არსებული სიტუაციის გაცნობა, არა მხოლოდ ეპიდ, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან ჩვენი ეკონომიკის რეაბილიტაცია დიდ წილად სწორედ ამ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე იქნება დამოკიდებული.

მდგომარეობა სომხეთში

სომხეთში მდგომარეობა მეტ-ნაკლებად კონტროლს ექვემდებარებოდა, თუმცა ბოლო ორ დღეში შემთხვევათა რაოდენობამ მკვეთრად იმატა და არსებობს საფრთხე, რომ სიტუაცია შედარებით უკონტროლო გახდეს. 22 მარტის მონაცემებით სომხეთში 194 დადასტურებული შემთვევაა, საიდანაც 58 შემთხვევა ბოლო ორ დღეში დაფიქსირდა (24 შემთხევა 21 მარტს და 34 შემთვევა 22 მარტს).

სომხეთში პირველი შემთხვევა 1 მარტს დაფიქსირდა, იტალიაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ქალბატონი, რომელიც ცნობილია როგორც პაციენტი ნომერი 1. ამ ქალბატონთან, რომელიც ასევე პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტია სომხეთში, არის დაკავშირებული ე.წ ეჩმიაძინის კლასტერი. ქალბატონი იმყოფებოდა ნიშნობაზე რა დროსაც მოხდა სხვა ადამიანების დაინფიცირება. მეორე პაციენტთან ერთად, რომელსაც ასევე ჰქონდა იტალიაში მოგზაურობის ისტორია, და რომელთანაც დაკავშირებულია ერევნის კლასტერი, სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით მათზე მოდის შემთხვევათა უმრავლესობა (158 – 194-დან). მეორე პაციენტი, ასევე ქალბატონი, იტალიიდან დაბრუნების შემდეგ 2 დღის განმავლობაში მუშაობდა სამკერვალო ქარხანაში მიუხედავად სიმპტომებისა, რა დროსაც მოხდა რამდენიმე ათეული ადამიანის ინფექცირება.

სომხეთის ხელისუფლებამ კორონა ვირუსთან საბრძოლველად შექმნა სპეციალური კომისია, ვიცე-პრემიერის მერ გრიგორიანის ხელმძღვანელობით, სადაც ერთიანდებიან სახელმწიფო და სამედიცინო უწყებების წამყვანი თანამდებობის პირები. ასევე შეიქმნა გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი რომელიც უზუნველყოფს მოსახელეობის ინფორმირებას. 16 მარტს სომხეთმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა 30 კალენდარული დღით 14 აპრილამდე. სომხეთმა ჩაკეტა საჰაერო და სახმელეთო საზღვრები, ასევე შეზღუდა სატვირთო გადაზიდვები ირანთან და მხოლოდ საქართველოს გავლით ხდება ამ ეტაპზე სახმელეთო ტვირთბრუნვა. დახურულია ყველა საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა მარკეტების, აფთიაქების, მედიის, სამედიცინო და ძალოვანი უწყებებისა. განსხვავებით საქართველოს ქეისისგან, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებდა გამოხატვის უფლების შეზღუდვასაც. აიკრძალა ეპიდემიასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის საჯაროდ გაჟღერება სამთავრობო საინფორმაციო წყაროების მითითების და მათთან შეთანხმების გარეშე, თუმცა მოგვიანებით დიდი კრიტიკის შემდეგ მთავრობამ შეარბილა მედია რეგულაციები. ასევე აიკრძალა 20 ადამიანზე მეტის შეკრება და ნებისმიერი მოთხოვნა იზოლაციასა და კარანტინზე გახდა სავალდებულო, დაუმორჩილებლობა კი ისჯება მინიმალური ხელფასის 5-მაგი ოდენობით.

რთულია ეკონომიკური მდგომარეობა სომხეთში, რუბლის გაუფასურების და ირანთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვის შემდეგ სწრაფად უფასურდება სომხური ვალუტა. სომხეთმა დასახმარებლად დიასპორის წარმომადგენლებს მიმართა და ასევე შეიმუშავა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი. პაკეტი მოიცავს სპეციალური შეღავათების სისტემას ბიზნესისთვის, რაც გულისხმობს არსებული საბანკო ვალდებულებების გადავადებას, ამ მთავრობის მიერ მათ თანადაფინანსებას და სუბსიდირებას საჭიროების შემთხვევაში. ასევე მთავრობა დაეხმარება ყველა საჭიროების მქონე ასაკოვან მოქალაქეს საკვებითა და პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთებით.

საგულისხმოა სომხეთის ეპიდ დინამიკის პრეცენდენტი საქართველოსთვის. სომხეთის მთავრობა აგრესიული შეკავების პოლიტიკით ახერხებდა გავრცელების კონტროლს 3 კვირის განმავლობაში. პირველი 120 პაციენტიდან 112 იყო ორი იდენტიფიცირებული კლასტერიდან და მიმდიანრეობდა მათი კონტაქტების კვლევა და იზოლაცია, თუმცა როგორც კი დაფიქსირდა რამდენიმე ახალი შემთხვევა უცნობი წყაროებიდან, 2-3 დღეში მკვეთრად იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა. 16 მარტის მონაცემებით სომხეთში იყო 45 დადასტურებული შემთხვევა, 22 მარტს კი 190. ცნობისთის საქართველოში 45 ინფიცირებული 21 მარტის მონაცემებით იყო დაფიქსირებული. შესაბამისად ის, რომ ამ ეტაპზე საქართველო ახერხებს გავრცელების და კლასტერების კონტროლს, არ იძლევა მოდუნების და დამშვიდების საშუალებას. ნებისმიერ დროს შესაძლოა სიტუაცია უკონტროლო გახდეს, ამიტომ მიღებული ზომების ეფექტური აღსრულება და კონტროლი უნდა გაგრძელდეს მაქსიმალური ინტენსივობით.

სომხეთში კორონა ვირსუთან დაკავშირებით ახალი ამბები იხილეთ აქ.

მდგომარეობა აზერბაიჯანში

რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ ეპიდ სიტუაცია და ვირუსის გავრცელების სიტუაცია თითქმის საქართველოს იდენტურია. აზერბაიჯანში პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დაფიქსირდა, ამჟამად კი დადასტურებულ ინფიცირებულთა რაოდენობა 65-ს აღწევს, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა. დაინფიცირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ირანიდან დაბრუნებული აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ადრეულ ეტაპზევე დაიწყო პრევენციული ღონისძიებები. 27 თებერვალს შეიქმა მინისტრთა კაბინეტი კორონა ვირუსთან საბრძოლველად. კაბინეტს ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ჯანდაცვის მინისტრ ოგტაი შირალიევთან ერთად. პირველი შემთხვევის დაფიქსირების მეორე დღიდანვე აზერბაიჯანმა ჩაკეტა საზღვარი ირანთან. 14 მარტს შეზღუდა გადაადგილება საქართველოსა და თურქეთთან, ხოლო 18 მარტს რუსეთთან.

განსხვავებით საქართველოსა და სომხეთისგან, აზერბაიჯანს ოფიციალურად საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია, თუმცა დააწესა მთელი რიგი შეზღუდვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით. გაუქმდა მასობრივი ღონისძიებები, შეიზღუდა სავაჭრო და გასართობი ობიექტების მუშაობის ხანგრძლივობა 21 საათამდე, 23 მარტიდან კი საერთოდ იზღუდება დიდი სავაჭრო ცენტრების საქმიანობა. საჯარო დაწესებულებები აგრძელებენ ჩვეულებრივად ფუნქციონირებას, 29 მარტიდან იგეგმება დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. ასევე, 29 მარტიდან შეიზღუდება საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა.

შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანი ნაკლებად აგრესიულ პოლიტიკას მიმართავს კორონა ვირუსთან საბრძოლველად საქართველოსა და სომხეთთან შედარებით და მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობით ის საქართველოს უსწრებს, რადიკალური ნაბიჯების გადადგმასა და მკაცრი შეზღუდვების დაწესებას არ ჩქარობს. ასევე, სომხეთისა და საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანში დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევა. 12 მარტს გარდაიცვალა კორონა ვირუსით ინფიცირებული ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა სხვა თანმდევი რთული სამედიცინო ჩვენებები (თირკმელების უკმარისობა).

ეპიდ დინამიკა ბოლო 5 დღის მანძილზე გაიზარდა და დღეში საშუალოდ 10 ახალი ინფიცირებულია ქვეყანაში.

კორონა ვირუსის გავლენა აზერბაიჯანის ეკონომიკასა და ვალუტაზე ჯერ-ჯერობით არ არის ისეთი კრიტიკული, როგორც ეს საქართველოსა და სომხეთის შემთხვევებშია. შედარებისთვის აზერბაიჯანული მანათი დოლართან მიმართებით უცვლელ კურსს ინარჩუნებს ბოლო 25 დღის განმავკლობაში, მაშინ როდესაც ქართული ლარი და სომხური დრამი 10-15 პროცენტით გაუფასურდა. აზერბაიჯანში, სახელმწიფოს ხელში გაცილებით დიდი რესურსებია მობილიზებული და შესაბამისა,დ აზერბაიჯანის ეკონომიკური მედეგობა შედარებით მაღალია დანარჩენ ორ ქვეყანასთან შედარებით. თუმცა, კორონა ვირუსის პარალელურად ისტორიულ მინიმუმზეა ნავთობის მსოფლიო ფასიც, რასაც ასევე მნიშნელოვანი გავლენა აქვს აზერბაიჯანის ეკონომიკაზე. აზერბაიჯანის მთავრობამ უკვე გამოყო 558 მილიონი დოლარი სარეზერვო ფონდიდან მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და კორონავირუსის შედეგებთან საბრძოლველად.

შედარებით სუსტად ფასდება აზერბაიჯანის სამედიცინო რესურსები და მზაობა. ყოველ ასი ათას მოსახლეზე კრიტიკული, რეანიმაციული საწოლების რაოდენობით აზერბაიჯანი ბოლო ადგილზეა ევროპაში და შესაბამისად, ეპიდემიის სწრაფად გავრცელების შემთხვევაში აზერბაიჯანი სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება განსაკუთრებით ბაქოსგან დაშორებულ რეგიონებში.

დასკვნა

მთლიანობაში შესაძლოა ითქვას, რომ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დაახლოებით მსგავსი ეპიდ მდგომარეობაა, სომხეთში მცირედით გაზრდილი დინამიკით. სომხეთისა და საქართველოს პასუხი კორონა ვირუსის გავრცელებაზე ამ ეტაპამდე იყო აგრესიული შეკავების პოლიტიკა, რაც რაციონალური და ლოგიკურია ჩვენი შეზღუდული ეკონომიკური რესურსებიდან გამომდინარე. საქართველო და სომხეთი ამ ეტაპზე უკეთ არიან სამედიცინო თვალსაზრისით მომზადებული ვირუსთან ეფექტურად საბრძოლველად, თუმცა აზერბაიჯანს მეტი ფინანსური რესურსი და პოლიტიკური სისტემის მობილიზაციის შესაძლებლობა გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში კორონას ეპიდემიას თან დაერთო ნავთობის ფასის დაცემა მსოფლიო ბაზარზე, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკებზე ვირუსის მიერ მიყენებული ზიანი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის გაცილებით რეზონანსული იქნება ამ ქვეყნებში ინტერვენციის და რესტიმულირების ნაკლები შესაძლებლობების და შეზღუდული მონეტარული რესურსების გამო.

დავით ნაროუშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

23.03.2020
ნახვა 2436

კომენტარები