მთავარი საგარეო პოლიტიკა თავისუფლება მსოფლიოში 2020: ვითარება სამხრეთ კავკასიაში

თავისუფლება მსოფლიოში 2020: ვითარება სამხრეთ კავკასიაში

საქართველო კვლავ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს
18.03.2020
ნახვა 1102

Freedom House: დემოკრატია გლობალურ რეცესიას განიცდის

4 მარტს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა მორიგი ყოველწლიური ანგარიში - „თავისუფლება მსოფლიოში 2020“ გამოაქვეყნა, სადაც 195 ქვეყნასა და 15 ტერიტორიაზე, მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით არსებული ვითარებაა შეფასებული. მოცემული კვლევა 2019 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება და მასში თითოეულ ქვეყანაში გამოკვეთილი ძირითადი ტენდენციებია მოცემული.

როგორც Freedom House-ის პრეზიდენტი, მაიკ აბრამოვიჩი აცხადებს, კვლევები ცხადჰყოფს, თუ როგორ განიცდის თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხი გლობალურ რეცესიას, მათ შორის დამოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებშიც კი. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ირგვლივთავისუფალიქვეყნების წილი ბოლო ათწლეულში 3%-ით შემცირდა. 2020 წლის ანგარიშში, „თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში, მონაწილე ქვეყნებისა და ტერიტორიების მხოლოდ 43% შევიდა.

საქართველოს თავისუფლების ინდექსი 2020

წლევანდელ ანგარიშში, Freedom House-მა საქართველოს 100-დან 61 ქულა მიანიჭა (პოლიტიკური უფლებების ნაწილში 40-დან 24 ქულა, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებების ნაწილში - 60-დან 37 ქულა) და „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის დაასახელა. საქართველოს თავისუფლების ინდექსი, შარშანდელთან შედარებით (63 ქულა), 2 ქულით შემცირდა. 2018 წელს, ისევე როგორც 2017 და 2016 წლებში, ორგანიზაციის შეფასების სისტემის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 64 ქულას შეადგენდა.

2019 წელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული და მოვლენებით დატვირთული იყო, როგორც პოლიტიკური, ასევე სამოქალაქო აქტივობის თვალსაზრისით, რამაც თავისთავად, გავლენა იქონია Freedom House-ის შეფასებებზე. საქართველოსთვის მინიჭებული ქულის შემცირება, უმთავრესად, რეიტინგის ორი შემადგენელი კომპონენტის: პოლიტიკური პლურალიზმისა და შეკრების თავისუფლების ნაწილში გაუარესებულმა შეფასებამ გამოიწვია. ერთ ნაწილში, მამუკა ხაზარაძისა (პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე) და მისი პარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის საქმე და მათი, როგორც ოპოზიციური ფიგურების, დაკავებაა გამოყოფილი, მეორეში კი, 20-21 ივნისის მოვლენების დროს, პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებაზეა აქცენტი გაკეთებული.

ანგარიშში ასევე მიმოხილულია პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნა, პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მედიაგარემოში მიმდინარე ცვლილებები. ანგარიშში რამდენჯერმე ხაზგასმითაა აღნიშნული ბიძინა ივანიშვილის როლი და მისი არაფორმალური, ძლიერი გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. „საქართველოს დემოკრატიულმა ტრაექტორიამ 2012-13 წლებში ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, განვითარების ნიშნები აჩვენა, მაგრამ ბოლო წლებში უკუსვლა გამოიხატა. ოლიგარქიული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებზე, მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე მოქმედებს და სამართლის უზენაესობას ზიანს აყენებს პოლიტიზირება,“ - წერია ანგარიშში. რაც შეეხება სამოქალაქო თავისუფლებებს, Freedom House-ის შეფასებით, ისინი არათანმიმდევრულადაა დაცული. ქვეყნის ზოგად შეფასებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში რეგულარული და კონკურენტული არჩევნები ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ წვრილმანი მექრთამეობა დაძლია, კვლევის ექსპერტების შეფასებით, კორუფცია ხელისუფლებაში კვლავ პრობლემად რჩება.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის თავისუფლების კუთხით, საქართველოს 100-დან 75 ქულა აქვს მინიჭებული (იგივე, რაც გასულ წელს) და ამ მონაცემით, „თავისუფალი ქვეყნების“ რეიტინგში იკავებს ადგილს.

რა ვითარებაა მეზობელ ქვეყნებში?

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს თავისუფლების ინდექსი 2 ქულით შემცირდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, დემოკრატიისა და თავისუფლების ჭრილში, კვლავ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. სომხეთს, Freedom House-ის ანგარიშში, 53 ქულა აქვს მინიჭებული (პოლიტიკური უფლებები 21/40 ქულა და სამოქალაქო თავისუფლებები 32/60 ქულა) და ისევე როგორც საქართველო, „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის არის დასახელებული. ორგანიზაციამ გასულ წელს, სომხეთში პოზიტიური სიგნალები შენიშნა, რის გამოც, 2020 წლის ანგარიშში, 2 ქულით აწია ქვეყნის რეიტინგი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სომხეთის ლიდერმა, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვას ლიდერებმა, „გადადგა პირველადი ნაბიჯები კლეპტოკრატული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც დიდი ხანია აჩერებდნენ თავიანთი ქვეყნების დემოკრატიულ მისწრაფებებს.“ სომხეთში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებები გარდამტეხ ეტაპად ფასდება და პოზიტიური მოლოდინები ფიქსირდება სომხეთში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და სისტემური კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით.

დრამატულად განსხვავდება აზერბაიჯანში არსებული ვითარება, რომელიც „არათავისუფალი ქვეყნების“ კატეგორიაში იკავებს ადგილს. საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და მხოლოდ 10 ქულით შეფასდა (გასულ წელს 11 ქულა იყო). როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აზერბაიჯანში ძალაუფლება კვლავ ილჰამ ალიევისა და მისი დიდი ოჯახის ხელშია კონცენტრირებული, რომელიც 2003 წლიდან მართავს ქვეყანას. მკვლევარებმა ალიევის რეჟიმი ავტორიტარულად შეაფასეს. კვლევაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში კორუფცია ყოვლისმომცველია, ხოლო ფორმალური პოლიტიკური ოპოზიცია, წლების განმავლობაში დევნის შედეგად, დასუსტებულია. კვლევის თანახმად, ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში, სამოქალაქო თავისუფლებებს არღვევს, რის შედეგადაც მოსახლეობას აზრის თავისუფლად გამოხატვის, ისევე როგორც შეკრების თავისუფლება შეზღუდული აქვთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის თავისუფლების ინდექსი 19 პუნქტით გაუარესდა.

ორიოდე სიტყვით, მეზობელ თურქეთში არსებულ ვითარებასაც შევეხოთ, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში ზედიზედ, „არათავისუფალი ქვეყნებისრიგშია. წელს მას 32 ქულა აქვს მინიჭებული (პოლიტიკური უფლებები 16/40 ქულა და სამოქალაქო თავისუფლებები 16/60 ქულა), რაც 1 ქულით გაუმჯობესებულია შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით. კვლევაში საუბარია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი პარტიის ხელში ძალაუფლების კონცენტრირებაზე, თუმცა, 2019 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციის წარმატებამ აჩვენა, რომ ერდოღანის ძალაუფლება არ არის შეუზღუდავი. კვლევაში ყურადღება ასევე გამახვილებულია 2019 წელს ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავებაზე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე.

ოკუპირებული ტერიტორიები

Freedom House–ის ანგარიშში შეფასებულია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე მთიან ყარაბაღში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობა, არა როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების, არამედტერიტორიების“ კატეგორიაში.

ისევე როგორც გასულ წელს, 2020 წელსაც, ვითარება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 10 ქულით შეფასდა (პოლიტიკური უფლებები 2/40, სამოქალაქო თავისუფლებები 8/60) დაარათავისუფალი ტერიტორიისკატეგორიაში დარჩა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება, გასულ წელთან შედარებით, მცირედით გაუარესდა და 40 ქულით შეფასდა (2019 წელს - 41 ქულა). პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში 17 ქულით და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში 23 ქულით, ოკუპირებულ აფხაზეთსნაწილობრივ თავისუფალი ტერიტორიის“ სტატუსი აქვს მინიჭებული.

პარადოქსია, მაგრამ კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონი სამხრეთ კავკასიაში, მთიანი ყარაბაღი, მიუხედავად იქ არსებული არასტაბილური სიტუაციისა, დემოკრატიისა და პლურალური პოლიტიკური სისტემით კუთხით, აზერბაიჯანზე პროგრესულად გამოიყურება დანაწილობრივ თავისუფალიტერიტორიების კატეგორიაში შედის. როგორც კვლევაშია მითითებული, სომხეთის 2018 წლისხავერდოვანმა რევოლუციამდა ნიკოლ ფაშინიანის გაპრემიერებამ, პოზიტიური გავლენა იქონია არცახშიპოლიტიკური უფლებებისადასამოქალაქო თავისუფლებებისგანვითარებაზე. მთიან ყარაბაღში, უფლებადამცველების თქმით, სიტუაცია გაუმჯობესდა და 34 ქულით შეფასდა (2019 წელს - 31 ქულა), მათ შორის, პოლიტიკური უფლებები 13/40 ქულით და სამოქალაქო თავისუფლებები 21/60 ქულით.

სამწუხაროდ, ევრაზიის რეგიონში, სხვა სეპარატისტული ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალის მიერ არის ოკუპირებული, სტაგნაციას და პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების უკუსვლას განიცდიან“, - აღნიშნულია ანგარიშში. ბუნებრივია, თავისუფალი გარემო ვერ იარსებებს ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის მიერ სამხედრო ძალით არის ოკუპირებული და სადაც მოსკოვს აქვს სრული კონტროლი დამყარებული, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამოქალაქო სექტორზე. ამასთან, კვლევიდანაც ნათლად ჩანს, რომ რუსული გავლენის მიმართ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ბევრად უფრო მოწყვლადია, ვიდრე ოკუპირებული აფხაზეთი.

პრაგმატიზმი კრიტიკის ნაცვლად

ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადად მეტყველებს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიული წინსვლის წინაპირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. თითოეულ ქვეყანას სხვადასხვაგვარ რეალობაში უწევს საკუთარ პრობლემებთან გამკლავება, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. შესაბამისად, სასურველია, საერთაშორისო ორგანიზაციის მოცემული შეფასებები (რაოდენ ტენდენციურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს იგი) გამოყენებულ იქნას, როგორც „გარე მეთვალყურის“ თვალით დანახულ პრობლემებზე რეაგირების პოტენციური გზამკვლევი, რაც რეგიონში დემოკრატიული გარემოს განვითარებას მხოლოდ დაეხმარება.

ანა ჯაფარიძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

18.03.2020
ნახვა 1102

კომენტარები