მთავარი საგარეო პოლიტიკა კორონა შევქმენით ჩვენ...

კორონა შევქმენით ჩვენ...

მოქალაქეები რომლებიც ვირუსს ეხმარებიან
14.03.2020
ნახვა 4845

ტიფიანი მერი

1906 წელს, ექიმმა ჯორჯ სობერმა დაადგინა, რომ სადაც მზარეული, ვინმე მერი მელონი მუშაობდა, იმ ტერიტორიებზე, მუცილის ტიფის (ილეოტიფი) გავრცელების კერები იქმნებოდა. მზარეული, გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, ვინც თავად ჯანმრთელი, ბაცილას სხვებს გადასცემდა. იდენტიფიცირების შემდეგ, მელონმა თითქმის ოცდაათი წელი, ნიუ იორკში, იზოლაციაში გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ჯორჯ სობერი თავის მოგონებებში აღნიშნავდა, რომ მერი მელონი მოსიარულე ბიოლოგიური იარაღი, არა იმის გამო გახდა რომ ბოროტი, ან მავნე იყო; იგი ფაქტობრივ მკვლელად, უცოდინრობამ, სიჯიუტემ და ჰიგიენის დაუცველობამ აქცია. მერის არ სჯეროდა ექიმების რომლებიც უმტკიცებდნენ რომ მომაკვდინებელი სენის მატარებელი იყო, ასევე არ ითვალისწინებდა მათ რჩევას, ხშირად დაებანა ხელები.

მკვლელი იტალიელები

იტალიიაში ახალი კორონა ვირუსის ფართო გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, საზოგადოების ‘მელონისეური’ ქცევაა. მიმდინარე წლის 2 მარტს, გამოცემა “ატლანტიკში” გამოქვეყნებულ სტატიაში, ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და ისტორიკოსი ენ აპელბაუმი, აღფრთოვანებით წერდა, რომ იტალიელების ღიაობა და ჯანდაცვის სისტემაში საზოგადოების რწმენა, ქვეყანას, დახურული ჩინეთისაგან განსხვავებით, ვირუსს მარტივად დააძლევინებსო. საილუსტრაციოდ, მთავრობის სიფრთხილის ზომების წინააღმდეგ მიმართული სოციალური კამპანიები, მაგ: #Milanononsiferma (მილანი არ ჩერდება) მოჰყავდა და აკრიტიკებდა პოლიტიკოსებს, რომლებიც, თითქოსდა ხალხის შიშებით მანიპულირებას, უნიადაგოდ ცდილობდნენ.

ევროპის ერთ-ერთი მთავარი სამედიცინო დაწესებულების ანონომურმა ექიმმა, “ნიუსვიკს” იტალიაში განვითარებული მოვლენების უფრო რელევანტური განმარტება მისცა. მისი თქმით, იტალიელი ახალგაზრდების ეგოისტურმა თვითრწმენამ, რომ მათ “იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვირუსი შეხვდებოდათ, არაფერი ემუქრებოდათ”, ხანშიშესული მოქალაქეები ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტა. ახლა, აღნიშნავს იგი, მილანში, ბერგამოში, პადუაში, საკმარისი ადგილების არარსებობის გამო, ექიმებს უწევთ აირჩიონ ვინ შეიფარონ, 40 წლის ჯანმრთელი ადამიანი ორი შვილით, თუ 60 წლის ხნიერი, მაღალი წნევით. თქვენ ვის აირჩევდით, ადამიანს რომლის გადარჩენის ალბათობა მისი ასაკის და დაავადების გამო დაბალია, თუ მეორეს, რომელიც მაღალი ალბათობით გამოჯანმრთელდება?

ქართველი მავნებლები

საქართველოში, იტალიის მსგავსი ქაოსი ჯერჯერობით არ არის. თუმცა, არიან ქართველი მერი მელონები. მათი ნაწილი, “პრობლემური” ქვეყნიდან სახლში დაბრუნების წინ, საზღვარზე რომ არ გაეჩერებინათ, სიცხის დამწევ საშუალებებს იღებდა. ნაწილი, სამსახურებმა თვითიზოლაციაში გაუშვეს, მაგრამ მოგვიანებით საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე აღმოაჩინეს. ზოგი, საერთოდ კარანტინიდან გაქცევას შეეცადა. ამ ყველაფრის შემხედვარე ხელისუფლება, იძულებული გახდა პოლიციისთვის მიემართა. პატრულის ეკიპაჟებს “მელონების” დარაჯობა უწევთ, სადამდე ეყოფა საზოგადოების უპასუხისმგებლო ნაწილის მართვის რესურსი ხელისუფლებას, რთული სათქმელია.

ეპიდემიების დროს, გადარჩენის გზა, მოქალაქეების ერთიანობაზე და ამ ერთიანობაში, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე გადის. კრიზისმა შეიძება ჩამოშალოს ქვეყნები, ან პირიქით, მათ მომავალ განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანოს, სწორედ ეს არჩევანია დღეს ქართველი მოქალაქეების წინაშე.

ლაშა მაჭარაშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

ასევე წაიკითხეთ:

როგორ გააშიშვლა ახალმა კორონამ, ძველი ქართული მანკიერებები

კორონავირუსი - ეროვნული უსაფრთხოების საკითხი

14.03.2020
ნახვა 4845

კომენტარები