მთავარი პოლიტიკა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩენო შეთანხმება შედგა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩენო შეთანხმება შედგა

ვინ დარჩა „მოგებული“ და რა გამოწვევებს წარმოქმნის ეს შეთანხმება მხარეებისთვის?
10.03.2020
ნახვა 2175

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

მოლაპარაკებების ისტორია

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა ერთ-ერთი იყო იმ ძირითადი მოთხოვნებიდან, რომელიც 20 ივნისს განვიათარებული მოვლენების შემდეგ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა წამოუყენეს ხელისუფლებას. საპროტესტო სიტუაციის განსამუხტად, ჯერ ბიძინა ივანიშვილმა გასცა დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულიად პროცპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, შემდგომ ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა გააჟღერა სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტრიბუნიდან. მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილის გაცემული დაპირება არ შესრულდა და პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩავარდა ე.წ აჯანყებული მაჟორიტარების წინააღმდეგობის გამო, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაიწყეს პროტესტის ახალი ტალღა, რაც მოიცავდა საპარლამენტო ოპოზიცის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირებას, პარლამენტის შენობის პიკეტირების მცდელობებს, სირცხვილის დერეფნებს, აქციებს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში და ა.შ

რამდენიმე კვირიანი პროტესტისა და განსაკუთრებით გაძლიერებეული საგარეო ზეწოლის შედეგად დაიწყო მოლაპარაკებები მთავრობასა და ოპოზიციურ სპექტრს შორის. მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი სრულიად კონტრასტული და ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებისა და ინფორმაციების ფონზე წარიმართა, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ ახერხებდნენ შეთანხმებას თითქმის ვერც ერთ საკითხზე. შემდეგ იყო ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავება 11 თებერვალს, რამაც პრაქტიკულად მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა. თუმცა, უგულავას დაკავებამ დასავლეთის კრიტიკის და მოლაპარაკებებისკენ მოწოდების ახალ და უფრო ინტენსიურ ძალისხმევას მისცა საფუძველი და ხელისუფლებას მოუწია თავისი ხისტი პოზიციის, შეცვლა, რომ ის არ წავიდოდა სხვა დათმობებზე, გარდა მათ მიერ შემოთავაზებული ვარიანტისა.

შეთანხმების დეტალები

მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი 8 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-ს და გერმანიის ელჩების მედიაციით. აღსანიშნავია, რომ ეს იყო მოლაპარაკებების ბოლო შესაძლებლობა, რომელიც საშუალებას იძლეოდა შეთანხმების შემთხვევაში განხორციელებულიყო საკონსტიტუციო ცვლილებები. შესაბამისად, დიდი იყო როგორც საზოგადოების ინტერესი, ასევე მომლაპარაკებელი მხარეებისა და მედიატორების მოტივაცია პროცესების ეფექტიანად წარსამართად. შესაძლოა, ეს იყო კიდეც ქართული ოცნების ერთგვარი ჩანაფიქრი, რომ მოლაპარაკებები მიეყვანათ ბოლო წუთებამდე, რაც საშუალებას მისცემდათ მცირე დათმობებზე წასვლით, ფორს-მაჟორში მოეხდინათ ოპოზიციის დაყოლიება დათანხმებულიყო მიღწეულ შედეგებს დროის არქონის პირობებში.

8 მარტს მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების ძირითადიდი კომპონენტები ასე გამოიყურება:

  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება (120 პროპორციული წესით და 30 მაჟორიტარული წესით);
  • 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი - გულისხმობს იმას რომ პარტია, რომელიც ვერ აიღებს 40%-ზე მეტს (უფრო კონკრეტულად მინიმუმ 40,54%-ს), ვერ შეძლებს პარლამენტში მთლიანი მანდატების (150) უმრავლეობის (76 მანდატი) დაუფლებას. ანუ, მაგალითად თუ ერთი პარტია მოიგებს ყველა მაჟორიტარულ ოლქს (30) და აიღებს 39%-ს პროპორციულში, რაც 120-დან არის 47 მანდატი, ის ნაცვლად 77 მანდატისა (30+47) მიიღებს მხოლოდ 75 მანდატს ჩამკეტი მექანიზმის გამო (მანდატები მოაკლდება პროპორციულ ნაწილს და არა მაჟორიტარულს). შესაბამისად, იმისათვის, რომ პარტიას თეორიულად ჰქონდეს საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა, მან პროპორციულ ნაწილში უნდა აიღოს მინიმუმ 40,54%;
  • დაწესდება 1%-იანი საარჩევნო ბარიერი;
  • მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სადაც ოლქებს შორის ამომრჩევლების რაოდენობის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს;
  • 2020-დან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს შორის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ვადამდელი არჩევნები ჩატარდება ისევ ამ შეთანხმებით მიღწეული მოდელით, ხოლო ყოველი შემდგომი 2024 წლისთვის კონსტიტუციით გათალისწინებული მოდელით.

ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადების მიუხედავად, საელჩოების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ტექსტში, კონკრეტულად ნახსენები არ არის პოლიტპატიმრების საკითხი, თუმცა არის მოწოდება სამართლიანი და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შესახებ. ცხადია, შეთანხმების ტექსტში პოლიტპატიმრების საკითხის შეტანა და მათი ხსენებაც კი, ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა პოლიტიკური დევნის და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების აღიარება, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ აღნიშნულ საკითხზე რაიმე სახის შეთანხმება მოხდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ყოფილიყო ზეპირი, სიტყვიერი შეთანხმება და დაპირება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

პირველი გამოხმაურებები

შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ორივე მხარე აქტიურად ცდილობდა ამ პროცესის მათთვის სასარგებლო კუთხით მიწოდებას საზოგადოებისთის. იქმნება განცდა, რომ თითქოს ეს არის Win-Win სიტუაცია, როდესაც ორივე მხარე კმაყოფილია მიღწეული შედეგებით.

ხელისუფლება ცდილობდა და ცდილობს, მოლაპარაკებები წარმოაჩინოს, როგორც მათი მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის, პოლიტიკური კულტურისა და დემოკრატიის ხარისხის გამომხატველი პროცესი, სადაც დასავლეთი კვლავ მათი პარტნიორი და მეგობარია. მაგალითისთვის, პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 9 მარტს ტელეკომპანია პალიტრაში საუბრისას განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასრულდა ხელისუფლების სასარგებლოდ და მათმა სწორმა მუშაობამ და დასავლელი პარტნიორების ზეწოლამ აიძულა ოპოზიცია საბოლოოდ მიეღოთ მოლაპარაკების პირობები და არ ჩაეშალათ იგი.

თავის მხრივ, ოპოზიცია პროცესს წარმოაჩენს, როგორც მათ გამარჯვებას, შედეგს საგარეო და საშინაო ზეწოლისა და საპროტესტო მოძრაობებისა, რამაც საბოლოოდ ხელისუფლება იძულებული გახადა წასულიყო დათმობებზე ოპოზიციის და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. ასევე, მიღწეული შეთანხმებების პარალელურად, ოპოზიცია აქცენტს აკეთებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე და ფაქტობრივად, გამორიცხავს საარჩევნო გარემოს ნორმალიზაციას ამ საკითხის გადაწყვეტის გარეშე.

გამოწვევები

შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმების ამჟამინდელი მოდელი ორი ყველაზე მსხვილი პარტიის ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობისთვისაა ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელი.

ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიები ძირითადად შავ პიარზეა აწყობილი და ოპონენტების კრიტიკის და მათი იმიჯის დაზიანების საფუძელზე ცდილობენ პოლარიზებულ საარჩევნო გარემოში მათი მორალური თუ სხვა სახის უპირატესობების წარმოაჩენას. ამ ფონზე, ოპოზიციურ ერთობასთან მიღწეული შეთანხმება, რომლის უდიდეს ნაწილს ნაციონალური მოძრობა და მისი ყოფილი ლიდერების მიერ დაფუძნებული პარტია წარმოადგენენ, მკვეთრად გაურთულებს მას საკუთარ ამომრჩეველთან კომუნიკაციას, რომელთა დიდი ნაწილიც სწორედ ამ დიქოტომიაში - ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ - აკეთებს არჩევანს მის სასარგებლოდ და არ არის მისი იდეოლოგიური ამომრჩეველი. ქართულ ოცნებას მოუწევს დიდი ძალისხმევის დახარჯვა მის პოტენციურ ამომრჩეველთან, რათა დაუმტკიცოს მათ რომ ეს შეთანხმება არ იყო ნულოვანჯამოვანი თამაშის მაგალითი და რომ ოპოზიცის წარმატება მათი წარუმატებლობის პირდაპირპროპორციული არ არის, როგორც ეს აქამდე ძირითადად ხდებოდა ხოლმე. ამას კიდევ უფრო გაამწვავებს ოპოზიციის მხრიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების შეწყვეტის მოთხოვნა, რაც ასევე სენსიტიური საკითხია ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის. ასევე, ქართულ ოცნებას ექნება ლეგიტიმაციის სერიოზული კრიზისი თუ ის ვერ მოახერხებს არჩევნებში ხმების 40%-ის აღებას (პროპორციულ ნაწილში), რაც ბოლოს კვლევების მიხედვით საკმაოდ რთული ამოცანა იქნება.

თავის მხრივ, შეთანხმების მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნაციონალური მოძრაობის აქამდე არსებულ საარჩევნო დღის წესრიგსაც. ნაციონალური მოძრაობა, გასაკუთრებით ევროპული საქართველოს გამოყოფის შემდეგ ჩამოყალიბდა ე.წ ჰარდლაინერ პარტიად, რომელიც მზად არის პოლიტიკური ბრძოლის ყველაზე რადიკალური მეთოდების გამოყენებისთვისაც კი საკუთარი მიზნების მისაღწევად. ნაციონალური მოძრაობა კარგად ახერხებს პოლიტიკური კრიზისების გამოყენებას მისი რეიტინგის გასაზრდელად. მიღწეული შეთანხმების პირობებში კი ჩნდება საარჩევნო გარემოს მკვეთრად გაუმჯობესების და პოლიტიკური კრიზისის მეტ-ნაკლებად განმუხტვის შესაძლებლობა. ამ პირობებში ნაციონალურ მოძრაობას მოუწევს არჩევანის გაკეთება, სცადოს შედარებით მშვიდობიან გარემოში ხელისუფლების მოსაპოვებლად ბრძოლა, რაც სულ სხვა საარჩევნო და პოლიტიკურ დღის წესრიგს გულისხმობს, თუ აირჩიოს მისთვის უკვე კარგად გამოცდილი კონფრონტაციის პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისების გზა. აქ უკვე საარჩევნო არითმეტიკა იქნება მთავარი ფაქტორი. 1%-იანი ბარიერის პირობებში, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია მოახერხებს არჩევნებში გამარჯვებას, ნაციონალურ მოძრაობას შესაძლოა ჯამურად ნაკლები მანდატები ერგოს ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიებს ერთად, რაც მკვეთრად დაასუსტებს მის პოზიციებს მომავალ მთავრობასა და პარლამენტში.

ამას გარდა, თუ მიღწეული შეთანხმების შედეგად მიღებული პირობები მისცემს გამარჯვების რეალურ შანსს ოპოზიციას, სადაც ძირითადი მოთამაშე კვლავ ნაციონალური მოძრაობა იქნება, მაშინ ნორმალურ, მშვიდ საარჩევნო გარემოში პროცესების დაბრუნება ხელსაყრელია ოპოზიციისთვის, მაგრამ თუ ქართული ოცნება მაინც მოახერხებს ამ სახეცვლილ საარჩევნო სისტემაში გამარჯვებას, მაშინ ოპოზიციას ხელიდან ეცლება არჩევნების დელეგიტამციის ბერკეტები. ამიტომაც, ოპოზიცია ბოლომდე შეეცდება პოლიტპატიმრების კარტის გათამაშებას, რათა, ერთი მხრივ, შეასუსტოს ხელისუფლების პოზიციები და იმიჯი, როგორც მისი, ისე საკუთარი ამომრჩევლების თვალში და, მეორე მხრივ, შეინარჩუნოს დელეგიტიმაციის ინსტრუმენტები. ოპოზიციას ესმის რომ პარალელურად იმისა, რომ ამ შეთანხმებით იზრდება ხელისუფლების დამარცხების შანსი, ასევე იზრდება გამარჯვების შემთხვევაში მისი ლეგიტიმურობა. რისკების ასეთი გადაჯგუფება შესაბამის რეაგირებას და პასუხს მოითხოვს.

ოპოზიციური და განსაკუთრებით სახელისუფლებო ამბიციების მქონე პარტიებისთვის, ეს შეთანხმება სულაც არ უნდა იყოს გამარჯვების ყიჟინის მომტანი. მათ მოუწევთ ბევრი მუშაობა ამომრჩევლებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან იმ უამრავი განსხვავებულობისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, რაც ოპოზიციურ სპექტრს და მათ ამომრჩევლებს შორის არის, რაც ადვილი არ იქნება.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მიღწეული შეთანხმება შესაძლებლობის ახალ ფანჯრებს ხსნის როგორც ოპოზიციისთვის, ისე გარკვეულწილად ქართული ოცნებისთვისაც და ვინც უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოახერხებს სიტუაციის ანალიზს და სწორი პოლიტიკური და საარჩევნო სტრატეგიის შემუშავებას, შესაბამისად, ის შეძლებს ამ შეთანხმებისგან მეტი ბენეფიტის მიღებას.

დავით ნაროუშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

10.03.2020
ნახვა 2175

კომენტარები