მთავარი უსაფრთხოება კორონავირუსი - ეროვნული უსაფრთხოების საკითხი

კორონავირუსი - ეროვნული უსაფრთხოების საკითხი

კორონავირუსის ნეგატიური გავლენა ქართულ ეკონომიკაზე გარდაუვალია
09.03.2020
ნახვა 2917

მასობრივი ხანძრები ავსტრალიაში, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო ირან-ამერიკას შორის ურთიერთობების მნიშნელოვნად გაუარესება, ჰუმანიტარული კატასრტოფა იდლიბში, სირიაში, ახლა უკვე ე.წ. კორონავირუსი (COVID - 19) და მისი მასობრივი გავრცელება 80-ზე მეტ ქვეყანაში ცხადყოფს, რომ 2020 წლის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური შედეგები საკმაოდ მძიმე იქნება კაცობრიობისთვის.

კორონავირუსი - გლობალური პრობლემა

2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უჰანში, დაწყებული კორონავირუსი მალევე იქცა გლობალურ მოვლენად და დღეს, მნიშნელოვან პრობლემას წარმოადგენს მსოფლიო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. დღევანდელი მონაცემებით, სულ დაინფიცირდა 102.000 ადამიანი, ხოლო ვირუსის გამო გარდაიცვალა 3500-ზე მეტი. იმის მიუხედავად, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 23 იანვარს ჩაკეტა ქალაქი უჰანი და მილიონობით ადამიანი, ფაქტობრივად, იძულებით კარანტინში მოათავსა, ვირუსის შეკავება ვერც, თავდაპირველად, ჰუბეის პროვინციაში და შემდეგომ ვერც ქვეყნის ტერიტორიაზე, ვერ მოხერხდა. ვირუსი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, ხოლო რიგ შემთხვევებში პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შესაბამისად, საკმაოდ რთული ხდება დავადებულთა ყველა შემთხვევის გამოვლენა და შემდგომში მათი იზოლაცია. შედეგად, გლობალური პანდემიის თავიდან ასაცილებლად, შეწყდა ფრენები თავდაპირველად ჩინეთის, შემდგომ კი სამხრეთ კორეის, ირანისა და იტალიის მიმართულებით. დღეს, მსოფლიოს მასშტაბით, კარანტინში ან თვითიზოლაციაშია მილიონობით ადამიანი, დაიხურა ქარხნები, სკოლები, უნივერსიტეტები და გაუქმდა ასობით მნიშვნელოვანი ღონისძიება. საბოლოო ჯამში, ვირუსმა საგრძნობლად დააზარალა სასტუმროების ბიზნესი, ტვირთების გადაზიდვა, საფინანსო და ტურიზმის სექტორები, დაირღვა საბაზრო ეკონომიკის ძირეული მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი. გლობალურად შენელებულმა ეკონომიკურმა აქტივობამ გამოიწვია ნავთობის ფასის რეკორდული ვარდნა, წლის დასაწყისთან შედარებით მისი ღირებულება 30%-ით შემცირდა. ჯერ-ჯერობით ადრეა იმაზე საუბარი თუ რა ზარალი მიაყენა კორონავირუსმა საერთაშორისო ეკონომიკას, თუმცა თუ ვითარება უახლოეს მომავალში არ გამოსწორდა, გლობალური ეკონომიკური კრიზის ალბათობა მნიშნელოვნად იზრდება. რა თქმა უნდა, საქართველო არის ამ პროცესების ნაწილი და ჩინეთთან არსებული ეკონომიკური კავშირების გათვალისწინებით, კორონავირუსის ნეგატიური გავლენა ქართულ ეკონომიკაზე და, ზოგადად, საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, გარდაუვალია.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და კორონავირუსი

დღევანდელ გლობალურ სამყაროში, ეროვნული უსაფრთხოების ტრადიციული განმარტება, რომელიც სახელმწიფოს ფიზიკური საფრთხეებისგან დაცვას გულისხმობს, მოძველებულია. ნებისმიერი საკითხი, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის კეთილდღეობას, წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების საკითხს. მართლაც, ტრანსნაციონალურ საფრთხეებს, მაგალითად, პანდემიებს მასობრივი მიგრაციისა და ურბანიზაცის ფონზე, ფიზიკურ საფრთხეებზე არანაკლები ზარალის მიყენება შეუძლიათ სახელწმიფოებისთვის.

საქართველოში, ამ ეტაპზე სულ 15 შემთხვევა ფიქსირდება, შეჩერებულია ფრენები იტალიის მიმართულებით, ხოლო მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, შეიქმნა ახალი პლატფორმა https://stopcov.ge/. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი წარუმატებელია საზოგადოების ჩართულობისა და ამ თემისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენის გარეშე. საქართველოსნაირ პატარა სახელმწიფოს, არ აქვს დიდი რესურსების მობილიზაციის საშუალება. ჩინეთის მსგავსად, შეუძლებელია მილიარდობით დოლარის მოძიება და ერთ კვირაში ახალი სავადმყოფოების აშენება. შესაბამისად, ვირუსის მასობრივი გავრცელება უდიდესი დარტყმა იქნება საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელიც არ არის მზად ასეულობით ახალი პაციენტის მისაღებად.

ჰიპოთეტურ და, იმედი მაქვს, ნაკლებად სავარუდო სცენარზე საუბარს, რეალურ სტატისტიკაზე კონცენტრირება სჯობს, რომლიც, უკვე სავალალოა. ჩინეთს ქართულ ეკონომიკაში უმნიშნელოვანესი ადგილი უჭირავს, შესაბამისად ნებისმიერი კრიზისი სახალხო რესპუბლიკაში, აუცილებლად ნეგატიურად აისახება ქართულ სინამდვილეზე. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 50,9%-ით მეტი ჩინელი ტურისტი შემოვიდა საქართველოში და საბოლოო რიცხვმა 48,071-ს მიაღწია. დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა 2020 წლის იანვარშიც, თუმცა ვითარება მკვეთრად გაუარესდა თებერვალში და, მსგავი სიტუაცია გაგრძელდება მანამ, სანამ კორონავირუსის შემთვევები მინიმუმამდე არ შემცირდება. სამწუხაროდ, ტურისტების ნაკადის შემოსვლა დაიკლებს არა მხოლოდ აზიიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, რაც ქართული ტურიზმისთვის დიდი დარტყმა იქნება. ამ უკანასკნელს ქართულ ეკონომიკაში 9%-იანი ხვედრითი წილი აქვს. გარდა ამისა, ჩინეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის, 2020 წლის იანვრის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოსთვის ტოპ ექსპორტიორია, ხოლო თურქეთის შემდეგ ტოპ იმპორტიორი. გარდა ამისა, 2019 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, ჩინეთი მეოთხე ადგილზეა პირდაპირი ინვესტიციების კუთხით. რეალობას კიდევ უფრო ართულებს იტალიაში შემქნილი კრიზისიც. საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები მნიშვნელოვანი შემოსავალია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, იტალია კი ამ მიმართულებით ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველ ადგილზეა. დღეს-დღეისობით, ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. შესაბამისად, ნებისმიერი კრიზისი, რომელიც საქართველოს უბიძგებს თვითიზოლაციისკენ დროებით, თუმცა საგრძობ ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ევროკავშირთან ინტეგრაციის ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ ასპექტებზე.

კორონავირუსი დიდი ხანია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების პრობლემას, მიყენებული და სამომავლო ეკონომიკური ზარალის გათვალისწინებით, პრობლემა მიეკუთვნება ეროვნული უსაფრთხოების საკითხს და მოითხოვს სწორი, ეფექტური ნაბიჯების გადადგმას, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე მთლიანად საზოგადოებისგან. აუცილებელია შემცირდეს ინფიცირებულთა რიცხვი, მოქალაქეების ცხოვრების ტემპი მალევე დაუბრუნდეს ნორმას და გაიზარდოს ეკონომიკური აქტივობა. ყოველი გაჩერებული ბიზნესი დიდი დარტყმაა ქართული ეკონომიკისთვის, შესაბამისად, ქართული სახელმწიფოსთვის.

ჟანა სირბილაძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

09.03.2020
ნახვა 2917

კომენტარები