მთავარი საგარეო პოლიტიკა „რეპუტაციული დარტყმა“ თუ გონივრული კომპრომისი?

„რეპუტაციული დარტყმა“ თუ გონივრული კომპრომისი?

რუსული დელეგაცია თბილისში აღარ ჩამოვა
07.03.2020
ნახვა 1806

ფოტო © РИА Новости

ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ ჩატარდება

26 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის 14-15 მაისს დაგეგმილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სხდომა, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. მინისტერიალის თბილისში ჩატარების გეგმამ, რუსეთის დელეგაციის მოსალოდნელი სტუმრობის გამო, ქართული საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. აღნიშნულ ღონისძიებაში, ტრადიციულად, ევროსაბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, შესაბამისად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სესიაში მონაწილეობის პერსპექტივამ, კონკრეტული კითხვები წარმოშვა, რამდენადაც, ლავროვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, არაერთგზის აქვს დარღვეული. საქართველოში რუსული დელეგაციის კანონის გვერდის ავლით შემოშვების შემთხვევაში, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური ძალები, მასშტაბურ საპროტესტო ტალღას გარდაუვლად მიიჩნევდნენ.

ცნობისათვის, საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა. მინისტრთა კომიტეტის სხდომა ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის 6-თვიან ვადაში, თბილისში იყო დაგეგმილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყებამ ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან კონსულტაციების რეჟიმში, ყველა შესაძლო სცენარი განიხილა იმისათვის, რომ არ დაზიანებულიყო საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია და დაკისრებული მოვალეობებიც ისე შეესრულებინა, რომ ქვეყნის კანონმდებლობა არ დარღვეულიყო.

საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილებით, მინისტერიალი თბილისში აღარ გაიმართება, რაც ერთის მხრივ, გულდასაწყვეტი ფაქტია, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მსგავსი სახის მაღალი დონის ღონისძიებისთვის საქართველოს არ უმასპინძლია. მეორეს მხრივ, განეიტრალდა რისკი, რომ ეს ღონისძიება რუსული ფაქტორით გამოწვეული მორიგი დესტაბილიზაციის მიზეზი გამხდარიყო.

იმის გათვალისწინებით, რომ შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული, საზოგადოებაში საპროტესტო განწყობის გაღვივება ნამდვილად არ შედიოდა ხელისუფლების ინტერესებში. თანაც, მიღებული გადაწყვეტილებით, შესაძლებელი გახდა როგორც მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილება, ასევე საქართველოზე, როგორც საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის საბჭოც სრული გაგებით მოეკიდა საქართველოს გადაწყვეტილებას, ქვეყნის რეპუტაციულ დანაკარგზე საუბარი, ვფიქრობ, უადგილოა. ეს გადაწყვეტილება, მოცემულ შემთხვევაში, ალბათ ყველაზე გონივრული გამოსავალია.

რუსული მხარის რეაქცია და შეფასებები მედიაში

მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარების გადაწყვეტილებას, რუსული მედია ირონიული შეფასებებით გამოეხმაურა. ზოგიერთმა რუსმა მიმომხილველმა, საქართველოს ხელისუფლებას სიმხდალესა და სისუსტეში დასდო ბრალი, რომელიც თითქოსდა, ვერ უმკლავდება ოპოზიციის შანტაჟსა და მუქარას. გაჟღერებული შეფასებებით, ხელისუფლება სრულად ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყნის შიგნით, ხოლო სამართალდამცველ უწყებას საერთაშორისო მისიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია. მსგავსი ბრალდებებით, რუსული მედიაში საქართველოსთვისსერიოზულ რეპუტაციულ დანაკარგზესაუბრობენ და სალომე ზურაბიშვილის განცხადების ტირაჟირებას ახდენენ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის დელეგაციას უმასპინძლებდა, თუნდაც ამისთვის კანონისთვის გვერდის ავლა გამხდარიყო საჭირო.

თავად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია. მინისტერიალის შესახებ დასმულ კითხვაზე, ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფაც მიაყენა და „ავადმყოფი გოგონები“ უწოდა.

რუსულ სოციალურ ქსელებში კი აღნიშნავენ, რომ თუ ქართველებს რუსული დელეგაციის მიღება არ სურთ, მაშინ არც რუსი ტურისტებით სავსე თვითმფრინავები იფრენენ საქართველოში.

ზემოაღნიშნულ ირონიულ დამოკიდებულებასთან შედარებით, თავად ის ფაქტია უფრო ირონიის მომგვრელი, რომ ამგვარ შეფასებებს იმ ქვეყანაში აკეთებენ, რომლის ხელისუფლებაც არც საზოგადოების აზრს უწევს ანგარიშს და დიდად არც კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემით გამოირჩევა.

პრორუსული არასამთავრობო დესანტი

მართალია, რუსეთის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი მაისში აღარ შედგება, სამაგიეროდ, სამაისო ღონისძიებების თბილისში ჩასატარებლად, კრემლიდან გამოგზავნილი ორგანიზატორი საქართველოში უკვე იმყოფებოდა და კონკრეტული დავალებებიც მისცა მოსკოვის მიერ დაფინანსებულ პრორუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

18 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი, სერგეი პშენიჩნი თბილისს ეწვია. ვიზიტის ოფიციალური მიზანი კონფერენციაში მონაწილეობა იყო, რომელიც დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. შეხვედრა შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციაში გაიმართა და დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ლავროვის უწყების მაღალჩინოსანთან შეხვედრისას, საქართველოში რუსი თანამემამულეების გაერთიანების საკოორდინაციო საბჭოს (КСОРСГ) სახელით, მონაწილეებს საპატიო სიგელებიც გადაეცათ. აღნიშნულ ორგანიზაციას სამი ახალი წევრიც შეემატა - გულბაათ რცხილაძის „ევრაზიის ინსტიტუტი“, „საქართველოს დაღესტნის საზოგადოება“ და „კავშირი ისკრა“. როგორც კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, შეხვედრაზე 2020 წლის სამოქმედო გეგმები განიხილეს და რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით მომუშავე ორგანიზაციებისთვის დაფინანსება გაანაწილეს.

რუსული „რბილის ძალის“ გააქტიურება საქართველოში, თანაც წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებლად მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან მოსკოვი ძალას არ იშურებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, გავლენა გააძლიეროს.

ანა ჯაფარიძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

07.03.2020
ნახვა 1806

კომენტარები