მთავარი პოლიტიკა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ანტიქართული ისტერია

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ანტიქართული ისტერია

ბრძოლა „ყველაფერი ქართულის“ წინააღმდეგ
03.03.2020
ნახვა 2321

ფოტო: @ Washington Post

კრემლის ახალი კურატორი სეპარატისტულ რეგიონებში

მას შემდეგ, რაც კრემლმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიოტორიებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კურატორი შეცვალა, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური ყოფა, საგრძნობლად გაუარესდა.

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, რუსეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა, ახლად დანიშნულ ვიცე-პრემიერს, მარატ ხუსნულინს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან, ასევე ანექსირებულ ყირიმთან თანამშრომლობის საკითხები ჩააბარა (დიმიტრი მედვედევის მთავრობაში, აღნიშნულ საკითხებს ვიტალი მუტკო კურირებდა). საგულისხმოა, რომ ხუსნულინს აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არ აქვს; იგი გასული წლების განმავლობაში, მოსკოვის მერის მოადგილედ მუშაობდა და სამშენებლო პროექტებს ხელმძღვანელობდა.

ბუნებრივია, ხუსნულინი გააგრძელებს კრემლის სწორხაზოვან კურსს ცხინვალის რეგიონის რუსეთთან ინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა, მას ოკუპირებული რეგიონების სპეციფიკაში გასარკვევად, დრო დასჭირდება. მისი შესრულებული სამუშაოს ეფექტურობა კი იმის მიხედვით გაიზომება, შეძლებს თუ არა იგი რუსეთის მიერ „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებული ტერიტორიების უპირობო მორჩილების შენარჩუნებას და მათი რუსეთზე დამოკიდებულის ხარისხის ზრდას, წინამორბედზე უკეთესად.

სასურსათო დეფიციტი

თებერვლის დასაწყისიდან, ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობა ფაქტობრივად, ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც რუსული მხარის მოთხოვნით, ცხინვალისკენ მიმავალი ტვირთების შემოწმება გამკაცრდა და გართულებული საბაჟო პროცედურების გამო, თითქმის 1 თვის განმავლობაში, რეგიონი საკვები პროდუქტის დეფიციტს განიცდიდა. ტვირთის გადაადგილების პრობლემებს „რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბაჟო ორგანოების ინტეგრაციის შესახებ“ 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება ქმნის,1 რომელიც საქონლის გაფორმებისას დამატებით შემოწმებას ითვალისწინებს. ამ დრომდე, ცხინვალელი მეწარმეები პროდუქციის შეტანას არაფორმალური კავშირების წყალობით მარტივად აგვარებდნენ, ახლა კი, რუსი მებაჟეები ტვირთებს ქვემო ზარამაგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აჩერებენ და დეტალური ელექტრონული დეკლარაციების შევსებას ითხოვენ. შესაბამისად, მეწარმემ, რომელსაც პროდუქტი რუსეთიდან ცხინვალში შეაქვს, საქონლის ყველა დასახელებაზე გადასახადი უნდა გადაიხადოს და თითოეულ პროდუქტზე მწარმოებლის სერტიფიკატიც უნდა წარადგინოს.

აღნიშნული რეგულაციები ადგილობრივი მეწარმეებისთვის რენტაბელური არ არის, რადგან დე ფაქტო რესპუბლიკის ბაზარი და მოსახლეობა ძალიან მცირეა, ყველა საბაჟო პროცედურის შემდეგ კი საქონლის ღირებულება რამდენჯერმე იზრდება. ფასების ზრდა უკვე დაეტყო ადგილობრივ ბაზარს - სამკვირიანი ბლოკადის შემდეგ, რუსეთიდან ცხინვალში შესული პროდუქცია, მაღაზიის თაროებზე უკვე მომატებული ფასებით გამოჩნდა.

შექმილი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში, ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა ერთადერთი, რაც მოახერხა, მოსკოვში წერილები გააგზავნა და „რეგულაციების შესუსტება“ ითხოვა.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისა თუ საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდების მიუხედავად, კვლავ ჩაკეტილია ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას უზღუდავს. ადგილობრივი ბაზრის დეფიციტის შევსების მიზნით, ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმს ახალგორის პუნქტის გახსნა შეეძლო, თუმცა ამისათვის, მოსკოვიდან ნებართვა არ მიუღია. ე.წ. „საზღვრის ჩაკეტვის“ მიზანიც ხომ სწორედ ის არის, რომ ოკუპირებულ ცხინვალს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან რაც შეიძლება ნაკლები შეხება ჰქონდეს და კომუნიკაციაც მინიმუმამდე შემცირდეს.

ქართულმედიკამენტების აკრძალვა

თებერვლის თვეში, ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა ქართული წარმომავლობის მედიკამენტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია წამოიწყო, რამაც ცხინვალის რიგითი მაცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო შს სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხინვალის აფთიაქებიდან საქართველოდან შეტანილი სხვადასხვა დასახელების სამედიცინო პრეპარატები ამოიღეს, „კანონდამრღვევი“ ინდმეწარმეების წინააღმდეგ კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით საქმეები აღძრეს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ყველანაირი ქართული წარმოების პროდუქციის, მათ შორის სამედიცინო პრეპარატების გაყიდვა, დე ფაქტო მთავრობის სპეციალური დადგენილებით აკრძალულია. სხვათაშორის, დე ფაქტო შსს-ს თანამშრომლებმა, ცხინვალის სავაჭრო ქსელებიდან მედიკამენტების გარდა, ქართული ღვინო და მინერალური წყლებიც ამოიღეს.

ცნობისათვის, ოკუპირებულ რეგიონში მედიკამენტები ძირითადად რუსეთიდან შედის. ადგილობრივი მოსახლეობა კი აცხადებს, რომ ექიმები სწორედ ქართულ ბაზარზე არსებული სამედიცინო პრეპარატების ყიდვას ურჩევენ, რადგან ოკუპირებულ რეგიონში ხარისხის კონტროლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. თანაც, ქართული მედიკამენტები, რუსულთან შედარებით, უფრო ხელმისაწვდომია. ადგილობრივი ექიმების გათვლებით, ქართულ მედიკამენტებს ადგილობრივი ფარმაცევტული ბაზრის 20% უკავია.

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ქართულწარწერიან მედიკამენტებთან ერთად, ადგილობრივ მაცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალებასაც ართმევს. ცალკეულ შემთხვევებში, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი, გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მიუხედავად, პაციენტებს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ნებართვას არ აძლევს, სადაც მათ საჭირო დახმარებას სთავაზობენ.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაწეულ სამედიცინო დახმარებასსავალდებულო კომპენსაციას“ უწოდებს, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა ოს ხალხს უნდა გადაუხადოს.

საერთაშორისო ძალისხმევა

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი მწვავე შეფსება გააკეთა ცხინვალში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს წერილებიც გაუგზავნა, ცხინვალში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასა და ახალგორის ე.წ გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.

გამშვები პუნქტების გახსნა დაჟინებით მოითხოვენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებიც. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ, ისინი 11 თებერვალს, ცხინვალში ჩავიდნენ. შეხვედრაზე ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ იგეგმება ო თვეში ერთხელ პენსიონერებისთვისსაზღვრისგახსნა დასაჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო მომსახურების საკითხების გადაწყვეტა“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საკვები პროდუქტების დეფიციტს და იქ არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი, ლუიზა ვინტონიც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ხარისხიან სამედიცინო დახმარებაზე წვდომა ჰქონდეს.

საოკუპაციო ძალების შანტაჟი

განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ჰუმანიტარულ საკითხებს საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლის მექანიზმად იყენებს. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვას სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნას უკავშირებს. შესაბამისად, პუნქტიც გახსნის პირობაც ნათელია - დე ფაქტო ცხინვალი ადგილობრივთა ყოფის შემსუბუქების სანაცვლოდ, ქართული საგუშაგოს გაუქმებას და „სახელმწიფო საზღვრის დაფიქსირებას“ ითხოვს. არარსებული „სახელმწიფო საზღვარი“ კი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს საოკუპაციო ხაზი.

ამასობაში, „ყველაფერი ქართულის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა, რეგიონის მცხოვრებთ, განურჩევლად ეთნოსისა და წარმომავლობისა, თანაბრად აზარალებს.

რუსეთის საზღვარზე წარმოქმნილმა პრობლემებმა, კიდევ ერთხელ გაუსხვა ხაზი კრემლის სურვილს, რომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო კანონმდებლობა რუსულ კანონებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. მოსკოვს ასე უფრო გაუადვილდება ადგილზე სიტუაციის სრულად კონტროლი.

ანა ჯაფარიძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

1http://docs.cntd.ru/document/420362962

03.03.2020
ნახვა 2321

კომენტარები