მთავარი პოლიტიკა თებერვლის აქტუალური თემა II

თებერვლის აქტუალური თემა II

როგორ გააშიშვლა ახალმა კორონამ, ძველი ქართული მანკიერებები
01.03.2020
ნახვა 3466

ფოტო: მედიაცენტრი მთავარი

კორონა ვირუსმა პოლიტიკური თემები გადაფარა და თავად იქცა პოლიტიკურ თემად

26 თებერვალს ახალი კორონა ვირუსის („კოვიდ 19“) პირველი შემთხვევა დადასტურდა. მას შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობს, პირველი, რათა თავიდან იქნას არიდებული ვირუსის საყოველთაო გავრცელება, მეორე, რათა საზოგადოებაში არსებული განწყობები რაციონალურ კალაპოტში ჩააყენოს.

სოციალური კაპიტალი

26 თებერვლის ბრიფინგიდან 5 წუთიც არ იყო ალბათ გასული, როდესაც საქართველოს მოქალაქეების რაღაც ნაწილი, ჰიპერმარკეტების დაცარიელებას აქტიურად შეუდგა. კალათებში, გარდა პირველადი გამოყენების ნივთებისა, იხილავდით გაზიანი სასმელების შეკვრებს, შაქრის ყუთებს, მაკარონის პაკეტებს და ა.შ. დახლთან მდგომი ქართველის თავში ალბათ ერთი წინადადება ტრიალებდა “მე ვიყო კარგად და ყველაფერი წყალსაც წაუღია.”
ჰუმანიტარული კრიზისი, საზოგადოების მედეგობის შესამოწმებლად საუკეთესო ლაკმუსის ქაღალდია. მაღალი ალბათობით, ხალხი, რომელიც დღეს სურსათის მაღაზიის რიგებში იდგა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ჯერ ბენზინგასამართ სადგურებს, ხოლო შემდეგ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს აწყდებოდა. 

მედია

კრიზისის დროს ქართული მედიის მოქმედება ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. ალბათ გახსოვთ, 2017 წლის, 21 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს (საწყის პერიოდში), სატელევიზიო გაშუქება, ტერორისტებს, სპეცრაზმის მოქმედებებს შესახებ ინფორმაციას, ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში გადასცემდა. მსგავსი რაღაც ხდება დღესაც, ოღონდ ამჯერად, თემა კორონა ვირუსია.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ბოლომდე “გაშავება” და ამ გზით, მთავრობის უუნარობაზე ხაზგასმა ძირითადი და სრულიად პოლიტიზებული ხაზია. მეორე, აპოლიტიკური შემავსებელი, არის არაპროფესიონალიზმი, რომელიც ჟურნალისტებს არ აძლევთ საშუალებას განასხვავონ, სად გადის ზღვარი, სენსაციებზე ნადირობასა და პანიკის დათესვას შორის.
უნდა ითქვას, რომ ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე გმირულად ითავსებენ საზოგადოების აღმზდელი-დამრიგებლების ფუნქციებსაც, რომ არა მათი დამაჯერებელი განცხადებები, ქვეყანაში პოსტ-აპოკალიფსური მედია მდგომარეობა დამკვიდრდებოდა.

ეკლესია

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, საპატრიარქომ “საერთო კოვზით ზიარების წესი” ძალაში დატოვა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზის განმარტების თანახმად, “ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად ბარძიმში არის ანტისეპტიკი. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი.”
რელიგიური თავისუფლება, მოქალაქის ფუნდამენტური უფლებაა. თუმცა, ამ ფუნდამენტური უფლების განხორციელების შედეგად, სამხრეთ კორეაში, დადასტურებული 3 526 “კოვიდ 19”-ის შემთხვევიდან 2 113, რელიგიურ ჯგუფ “სინჩხონჯის” უკავშირდება.
ცოტა გაუგებარია, საკუთარი რწმენის გამო, რატომ უნდა შეუქმნა საფრთხე მთლიანი ქვეყნის ადამიანურ უსაფრთხოებას, კორეაში ამის გამო ბოდიშიც მოიხადეს, მაგრამ უკვე დიდი ხანია, ქართულ ეკლესიაში, ფორმა შინაარსზე მნიშვნელოვანია.

პოლიტიკოსები

მმართველი გუნდი სიმშვიდეს ინარჩუნებს. არათემატური განცხადებები არ გაკეთებულა და საზოგადოებასთან ურთიერთობაც, თითქმის მთლიანად საქმის სპეციალისტებს ჩაბარდათ.
ოპოზიციის შედარებით კონსტრუქციული ნაწილი ასევე ცდილობს პროცესებში დამკვირვებლის როლით დაკმაყოფილდეს. ვერ ისვენებს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ლამის ვირუსის შექმნაშიც “ქართული ოცნება” დაადანაშაულა, კიეველი უფროსის პათეტიკას იზიარებენ ადგილობრივი ნაციონალები და რასაკვირველია, შალვა ნათელაშვილი.

დასკვნა 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ახალი კორონა ვირუსის მინიმალურმა გამოვლინებამ, ქართული საზოგადოების მოწყვლადობა ძალიან კარგად აჩვენა. ერთადერთი დადებითი, რაც ამ ყველაფერს თან ახლავს, სოციალურ ქსელში გავრცელებული სხვადასხვა ხუმრობაა, რომ არა იუმორი, ყველაფერი გაცილებით რთულად იქნებოდა.

ლაშა მაჭარაშვილი

01.03.2020
ნახვა 3466

კომენტარები