მთავარი პოლიტიკა თებერვლის აქტუალური თემა I

თებერვლის აქტუალური თემა I

ვანო მერაბიშვილმა საპყრობილე დატოვა, ოპოზიციის ახალი რუხი კარდინალი?
01.03.2020
ნახვა 1021

ფოტო: 1TV.GE

 

მ/წ 20 თებერვალს, თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდგომ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. არსებული ინფორმაციით, იგი ამჟამად პოლონეთში, სამკურნალოდ იმყოფება.

  • მერაბიშვილმა პოლიტიკური განცხადებები გამოსვლისთანავე გააკეთა. მისი თქმით, იგი არსებული ხელისუფლების “დამხობისთვის” ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა, არ დაუზუსტებია რომელ პარტიასთან ერთად გააკეთებს ამას;
  • ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებში ხაზი გაესვა გარემოებას, რომ მსგავსი წარსულის მქონე პირები, ქართული პოლიტიკის მომავალ დღისწესრიგს ვეღარ შექმნიან. საგულისხმო განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მისი აზრით, "ვანო მერაბიშვილი დაინახავს, რომ ის არის "ცხელი კარტოფილი" და არავის არ უნდა და მისი ყოფილი თანაგუნდელები დაიწყებენ პინკ-პონგის თამაშს";
  • აღნიშნული ტენდენცია ჯერ კიდევ მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლამდე იკვეთებოდა. “ენმ”-ს უპირობო ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, ყოფილი თანამებრძოლის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა, და ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მას “გრძელვადიანი დასვენება, მოგზაურობა და ოჯახით დატკბობა ურჩია.”
  • ბუნდოვანი განცხადებები გააკეთეს, “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერებმაც. მათი მხრიდან აქცენტი, მერაბიშვილის, როგორც რეფორმატორი მინისტრის ღირსებაზე გაკეთდა, თუმცა, საერთო გეგმებზე თითქმის არაფერი თქმულა.
  • ე.წ “ერთიანი ოპოზიციიდან” მერაბიშვილთან თანამშრომლობა დიდმა ნაწილმა გამორიცხა. მაგალითად, ალეკო ელისაშვილმა შს-ყოფილ მინისტრს გონებაგამჭრიახობის გამოჩენა უსურვა და მოუწოდა ერთიანი ოპოზიციის კრებაზე არ მისულიყო. იგივე მოსაზრება გაიზიარა, “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, ყოფილმა ბანკირმა დასძინა, რომ მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად არასდროს მიიჩნევდა და რომ მისი გუნდი ყოფილ მინისტრთან თანამშრომლობას არ პირებს.

მაღალი ალბათობით, ვანო მერაბიშვილს აქტიური პოლიტიკური ლიდერის როლის მორგება გაუჭირდება, - თავადაც აღნიშნა, რომ ეკრანებზე პოზიციონირებას, მენეჯერობა ურჩევნია. მას შეუძლია “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის “დამლაგებლის” ფუნქცია იტვირთოს, თუმცა, ამისთვის მიხეილ სააკაშვილის თანხმობა დასჭირდება.

სავარაუდოდ, ძებნილი პრეზიდენტი მიხვდება, ვანო მერაბიშვილის კადრს მიღმა მოქმედების გამოცდილება, საარჩევნო წელს ძალიან გამოადგება. თუ შეთანხმება შედგება, გაცხადებულ ლიდერად მიშა დარჩება, ხოლო ვანო, რუხი კარდინალის ფუნქციებს შეასრულებს.

ლაშა მაჭარაშვილი

01.03.2020
ნახვა 1021

კომენტარები