მთავარი საგარეო პოლიტიკა გახარიამ ნატოსთან საუბრის ტონი შეცვალა

გახარიამ ნატოსთან საუბრის ტონი შეცვალა

თუ ნატო კარს არ გვიღებს, თავად გავაღებთ
25.02.2020
ნახვა 4608

ფოტო: https://facebook.com/GeorgianGovernment/

პრემიერის მოსაზრება

მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ამერიკულ გამოცემა “WASHINGTON TIMES”- ში, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას სტატია გამოქვეყნდა. პრემიერი ხაზს უსვამს საფრთხეებს, რომელსაც რუსეთი განვითარებულ სამყაროს უქმნის და აღნიშნავს, რომ დროა “ნატომ” ერთგული პარტნიორის, საქართველოს ალიანსის წევრობისკენ მისწრაფებას, პოზიტიური პასუხი გასცეს.

ტონის ცვლილება

აღნიშნული საკითხი ამ დრომდე არაერთხელ დასმულა, თუმცა განსხვავებით ამ წერილისგან, რომელიც იმედია, ანალიტიკოსთა ყურადღების მიღმა არ დარჩება, საქართველოს მთავრობის მეთაურები, ასეთი კატეგორიულები იშვიათად თუ ყოფილან.

ამ დრომდე, ქართული მხარის დისკურსი უფრო მორიდებული, უიმედო პატარა ქვეყნის თხოვნა იყო, რომელიც თითქოს თავადაც ვერ აცნობიერებს, რომ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე სხვადასხვა ფორმატში, “ნატოსთვის” შესაძლებელია ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე, ბევრმა, ალიანსის უკვე წევრმა ქვეყანამ.

2015 წელს, იმ დროს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა შესაშური კატეგორიულობა გამოიჩინა, როდესაც განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობამ დაიმსახურა “MAP”-ი და რომ ვარშავის სამიტზე ამ მოთხოვნის გაჟღერებისას დელეგაცია ტონის დაწევას არ აპირებდა.

მაშინ, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, “ხმის ამაღლებამ” შედეგი არ გამოიღო. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა საფრანგეთის პრეზიდენტ, ფრანსუა ოლანდთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად, მიიჩნევდა, რომ საქართველოსთვის ნატოს წევრობა ჯერ ადრე იყო.

ნატოსთან კატეგორიული დისკურის დაბრუნება, 2020 წელს, სავარაუდოდ წინასწარ იყო მომზადებული. 2019 წლის ოქტომბერში, გიორგი გახარია ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. დავოსის ეკონომიკური ფორუმის მსვლელობისას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება მოითხოვა. ანალოგიური განცხადებები აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებმაც გააკეთეს.

სტატია დროული იყო, ვინაიდან საქართველოს მსგავს ქვეყნებში, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, მოქალაქეებში “ნატოს” მიმართ სკეპტიციზმის გაზრდას გულისხმობს. ქართველი პრო-რუსების საფირმო ფრაზებია “ნატოში მაინც არ მიგვიღებენ”, “ნეიტრალურობა ჯობია, ხომ ხედავთ ნატოს არ ვაინტერესებთ” და ა.შ. საარჩევნო წელს, კრემლი ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ალიანსში უნდა იცოდნენ, რომ გულწრფელობას ალტერნატივა არ აქვს. საქართველო ბევრად უფრო მზად არის ნატოს წევრობისთვის, ვიდრე თავის დროზე, მაგ. ბულგარეთი, მონტენეგრო და სხვა მსგავსი კალიბრის ქვეყნები იყვნენ. კითხვა, როდის თუ არა ახლა?- აქტუალურია, როგორც არასდროს.

ნატომ რომ თქვას - ‘არა’ ”

პრემიერი გახარია კარგად ხვდება და ოპოზიციური ხმებიც ახსენებენ, რომ კატეგორიული ტონით, შესაძლებელია “ნატო” უფრო გაღიზიანდეს, ვიდრე მოთხოვნაზე დაგვთანხმდეს.

თუმცა, კარგად უნდა გვახსოვდეს, სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ყველაზე დიდი პრობლემა, ბუნდოვანებაა. დღეს, როცა ქვეყანაში გარდამტეხი პერიოდია, მოვლენათა გულწრფელი შეფასება აუცილებელია, თანაც დასაკარგი არაფერია.

თუ მოხდა ისე, რომ “ნატომ” კატეგორიული უარით გამოგვისტუმრა, ალტერნატივების ძიებაზე უარი არ უნდა ვთქვათ. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ალიანსის და ევროკავშირის გავლენიანი წევრია, უკვე წლებია ოფიციალურ ვარშავას, საგარეო პოლიტიკის მთავარ ვექტორად არა “ნატოს” პოლიტიკა, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება აქვს. ანალოგიურად იქცევა უნგრეთი, იმავე გზას ადგანან ბალტიის ქვეყნებიც.

იქნებ უკეთესიც იყოს (თუმცა ამას კარგად დაფიქრება უნდა) მოცემულობიდან რუსეთზე დამოკიდებული გერმანია-საფრანგეთი საბოლოოდ გაქრეს და საქართველომ, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები, ვაშინგტონთან, ანკარასთან და ვარშავასთან დაამყაროს?

დასკვნა

დასკვნისთვის, შეიძლება ითქვას, რომ პრემიერის სტატია მნიშვნელოვანი დისკუსიის დამწყები უნდა გახდეს. საინტერესო იქნება როგორც შიდა საექსპერტო წრეების, ისე საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებები.

 

ლაშა მაჭარაშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

 

25.02.2020
ნახვა 4608

კომენტარები