მთავარი საგარეო პოლიტიკა დასავლური კრიტიკა

დასავლური კრიტიკა

„შეშფოთებების“ მორიგი ტალღა თუ განგაშის სიგნალი პარტნიორებისგან
23.02.2020
ნახვა 1662

20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ და განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ არ შეასრულა საქართველოს მოსახლეობის და დასავლელი პარტნიორებისთვის მიცემული პირობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დასავლეთის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, დიპლომატების თუ გავლენიანი ინდივიდების მხრიდან წამოვიდა კრიტიკის რამოდენიმე ტალღა.

შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ მასშტაბებისა და ინტენსივობის გათვალისწინებით ეს არის ბოლო დეკადის ყველაზე ცხელი პერიოდი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან წამოსული კრიტიკის თვალსაზრისით.

როგორ იზრდებოდა კრიტიკა დასავლეთის მხრიდან?

2019 წლის 13 დეკემბერს პირველი კრიტიკული წერილი გამოაგზავნეს კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლმა. (კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავჯდომარეები, კონოლი ასევე არის ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი ნატო-ს საპარლამენტო ანსამბლეაში). წერილის შინაარსი ძირითადად ეხებოდა მათ უკმაყოფილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობის შეუსრულებლობაზე. საპასუხოდ მათ ქართულმა მხარემ მისწერა წერილი, სადაც ისინი დაპირდნენ 2020 წლის არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდართებით ჩატარებას, არსებული დაძაბულობის პოლიტიკური დიალოგისა და მოლაპარაკებების საშუალებით განმუხტვას და ოპონენტებთან კონფრომტაციის შემცირებას.

მოგვიანებით, 2020 წლის 21 იანვარს, ამჯერად 4 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ საქართველოს მთავრობის მიმართ და ყურადღება გამახვილებული იყო ფეისბუქის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან აფილირებული ვებგვერდების დახურვაზე, რომლებიც ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას და მათ შორის ანტი-დასავლურ პროპაგანდასაც, ახალი მოსამართლეების შერჩევაზე და პროკურატურის მხრიდან შესაძლო პოლიტიკურ დევნის საფრთხეებზე, ასევე ანაკლიის პორტში ამერიკული ინვესტიციებისთვის ხელის შეშლასა და ზოგადად, ეკონომიკური მაჩვენებლებისა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე. წერილის ხელმომწერებს შორის, თავდაპირველ ავტორებთან ერთად იყვნენ კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე ელიოტ ენჯელი და ამავე კომიტეტის კიდევ ერთი წევრი მაიკლ მაკ-კაული.

ამას მოყვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის - გიგი უგულავას გამეორებითი დაპატიმრება იმ საქმეზე, რომელზეც მას მსჯავრი ერთხელ უკვე ქონდა დადებული. თანაც, მისი საქმე უზენაესს სასამართლოში ახლად განმწესებულმა მოსამართლემ, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განიხილა. ეს, იმის ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ვაშინგტონსა და ბრიუსელში წარგზავნილი დელეგაციები ცდილობდნენ დასავლელი პარტნიორებისთვის გარანტიების მიცემას პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების და ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის კონსენსუალური საარჩევნო სისტემის მიღების შესახებ. გიგი უგულავას დაპატიმრებით კი ეს პროცესი ფაქტიურად ჩიხში შევიდაა.

უგულავას დაპატიმრებას მოყვა ახალი და გაცილებით ინტენსიური კრიტიკის ტალღა. დაპატიმრების მეორე დღესვე კრიტიკული განცხადებები გააკეთეს: ამერიკის და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ევროკავშირის საგარეო სამსახურმა, ODIHR-ის დირექტორმა, აშშ-ს კონგრესისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძრვანელებმა, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა, შვედეთის, ესტონეთის, ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარემ, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომისიის თავჯდომარემ, ევროპარლამეტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის არაერთმა წევრმა და ბევრმა სხვა მოქმედმა თუ ყოფილმა პოლიტიკურმა ფიგურამ დასავლეთიდან.

პროცესის კულმინაცია იყო 2020 წლის 13 თებერვალს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომისიის ყოველწლიური საერთო რეზოლუციის (განცხადების) ჩაგდება ტექსტზე შეუთანხმებლობის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუტებისა და ინდივიდების განცხადებები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან როგორც შინაარსით, ისე გამოყენებული ენით და სიმწვავით, ყველა მათგანი მოიცავდა რამდენიმე საერთო, კრიტიკულ კომპონენტს:

არსებობს კითხვის ნიშნები პროცესის სამართლებრივ ნაწილთან დაკავშირებით;

დაკავების დრო და კონტექსტი ბადებს კითხვებს მის პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით;

ეს ხელს შეუშლის დიალოგის პროცესს მხარეებს შორის;

ქართული ოცნების რეაქცია დასავლეთის მხრიდან წამოსულ კრიტიკაზე

მთლიანად ამ პროცესის ანალიზისთვის საინტერესოა გავყვეთ ქართული ოცნების ნარატივებს, რომლებსაც ის აქტიურად აჟღერებდა შიდა და გარე აუდიტორიების მოხმარებისთის.

ქვეყნის შგნით, ქართული ოცნების ნარატივი დადიოდა რიგით ამომრჩეველზე გათვლილ, მარტივ მესიჯბოქსებამდე. ქართული ოცნების წარმომადგენლები აქტიურად ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ აღნიშნული კრიტიკა გამოწვეული იყო სათანადო ინფორმაციის არ არსებობის, ან ყალბი ინფორმაციების მიწოდებით მათი ოპონენტებისა და მათთან დაკავშირებული ლობისტური ჯგუფების მიერ. თუმცა მას შემდეგ რაც დასავლეთში კრიტიკოსთა რიცხვი გაიზარდა და ასევე, არა ერთხელ გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ ამერიკული მხარისთვის ყალბი ინფორმაციის მიღების და გამოყენების დაბრალება მარტივად რომ ვთქვათ, არც ისე კორექტული იყო, სახელისუფლებო კგუფებმა შეცვალეს მესიჯბოქსი. მათი მთავარი გზავნილი გახდა ის, რომ ეს წერილები ეკუთვნოდა აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს და არ გამოხატავდა ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციებს. აპელირებას აკეთებდნენ აშშ-ს საელჩოზე, როგორც აშშ-ს ხელისუფლების ოფიციალური ინტერესებისა და პოზიციების გამომხატველ უწყებაზე. თუმცა უგულავას დაკავების შემდეგ უკვე აშშ-ს საელჩომაც გააკეთა კრიტიკული განცხადება და შესაბამისად ამ მესიჯბოქსის ლეგიტიმურობაც შესუსტდა. ზოგიერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი არ მორიდებია დასავლელი პარტნიორების ღია და აგრესიულ კრიტიკასაც, რასაც პარტიის ხელმძღვანელობა ოფიციალურად დღემდე არ გამიჯვნია.

გარე აუდიტორიასთან ურთიერთობაში, ქართული ოცნება რა თქმა უნდა გაცილებით ფრთხილი და მოზომილია. დასავლელ პარტნიორებთან ყველა შეხვედრაზე ისინი გამოთქვამენ მზაობას კრიტიკის მიღებისა და გაზიარებისთის და ქვეყნის შიგნით საარჩევნო მოდე;თან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის გასაგრძლებელად.

რა პოლიტიკურ პროცესებს შეიძლება დაუდოს სათავე საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან წამოსულმა კრიტიკამ და რა ფასის გადახდა მოუწევს ქართულ ოცნებას მასზე სათანადო რეაგირების ვერ მოხდენის შემთხვევაში?

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ დღეისთის ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ არსებუბს ორი დისკურსი. ქართული ოცნება ცდილობს დაარწმუნოს ამომრჩევლები და დასავლელი პარტნიორები რომ მას შესწევს ძალა და უნარი შეინარჩუნოს ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობიან და დემოკრატიულ ჩარჩოებში წარმართოს პროცესები და მეორე მხრივ, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ დაარწმუნონ ამომრჩევლები და საგარეო პარტნიორები, რომ ქართულ ოცნებას აღარ შესწევს დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების წარმართვის უნარი და საჭიროა მასზე მაქსიმალურო ზეწოლა როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარედან რომ უზრუნველყოფილი იქნას ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების გზით.

როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია ცდილობს საგარეო პოლიტიკური ფაქტორების ელექტორალური მიზნებისთვის გამოყენებას, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ფაქტია, რომ ამას ბევრად უკეთ ოპოზიციური ძალები ახერხებენ.

დაპირებული პროცორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ, ხელისუფლება იქცა დასავლური კრიტიკის სამიზნედ. შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ დასავლეთის მხრიდან მუდმივი ზეწოლის პირობებში, როდესაც ქართული ოცნებას უხდებოდა მოლპარაკების მაგიდასთან მიბრუნება მიუხედავად იმისა, რომ მათ არა ერთხელ გააკეთეს განცხადება მოლაპარაკების საბოლოოდ შეწყვეტის შესახებ, გიგი უგულავას დაკავებით ოცნებამ გააკეთა გათვლას იმაზე, რომ ოპოზიცია თავად იტყოდა უარს მოლაპარაკებებზე და ამით ხელისუფლება მოიხდიდა თავის „ვალს“ დასავლეთის წინაშე. თუმცა დასავლეთის მხრიდან წამოსული კრიტიკის ის უდიდესი ტალღა რაც თავს დაატყდა ოცნებას, ნელ-ნელა კრიტიკულ მასას აღწევს და უახლოვდება იმ ნიშნულს როდესაც ხელისუფლებას მოუწევს ან ღია კონფრონტაციაში შესვლა დასავლეთთან ან გარკვეულ კომპრომისებზე და დათმობებზე წასვლა, ამას გრძნობს ოპოზიციაც და შესაბამისად ისინი მათ ხელთ არსებული რესურსების სრულ მობილიზაციას ახდენენ საგარეო ზეწოლის გასაძლიერებლად. თუკი ოცნება, აქამდე მეტნაკლებად ეფექტურად ახერხებდა საშინაო მოედანზე პოლიტიკურ თამაშსა და მანევრირებას მის ოპონენტებთან, ახლა მას მოუწევს საგარეო ასპერეზზე თამაში, რაც მისი კომფორტის ზონა ნამდვილად არ არის.

დავით ნაროუშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

23.02.2020
ნახვა 1662

კომენტარები