მთავარი პოლიტიკა დემოკრატია აფხაზურად - „ოპოზიციის ლიდერი“ VS „ექს-მინისტრები“

დემოკრატია აფხაზურად - „ოპოზიციის ლიდერი“ VS „ექს-მინისტრები“

წინასაარჩევნო მზადება ოკუპირებულ აფხაზეთში
18.02.2020
ნახვა 1760

ფოტო: www.vesti.ru

პრეზიდენტობის სამი კანდიდატი

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც 22 მარტს გაიმართება, კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა. დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნებში მხოლოდ სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას: „ოპოზიციური ბლოკის“ ლიდერი, ასლან ბჟანია, დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი და ე.წ. ვიცე-პრემიერი, ადგურ არძინბა (წინასაარჩევნო კამპანიის გამო დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა) და ყოფილი დე ფაქტო შს მინისტრი, ლეონიდ ძიაპშბა.

იანვრის ანტისახელისუფლებო გამოსვლების შემდეგ, როდესაც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოუწია, ამ უკანასკნელმა მარტის „არჩევნებში“ მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა სოხუმის ადმინისტრაციის დე ფაქტო მეთაური, კან კვარჩიაც, რომელიც საინიციატივო ჯგუფის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად იყო დარეგისტრირებული.

საარჩევნო სიაში დარჩენილმა სამმა კანდიდატმა, მომავალი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტებიც დაასახელეს:

1. ასლან ბჟანიას გამარჯვების შემთხვევაში, ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ყოფილი კულტურის მინისტრი, ბადრა გუნბა გახდება; (ფოტო: abkhazinform.com)

2. ადგურ არძინბას გამარჯვების შემთხვევაში, დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, არდა აშუბა იქნება; (ფოტო: abkhazinform.com)

3. თუ ლეონიდ ძიაპშბა გაიმარჯვებს, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე (1994-2000წწ.), ვიქტორ ხაშბა დაიკავებს. (ფოტო: abkhazinform.com)

შედარებისთვის, 2019 წელს გამართულ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ცხრა კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ამჯერად კი, მსურველთა რაოდენობა სამამდეა შემცირებული, რაც მომავალი, რიგით მეხუთე დე ფაქტო პრეზიდენტის ვინაობისა და ძალთა პოტენციური გადანაწილების პროგნოზირებას გაცილებით ამარტივებს.

წინასაარჩევნო რბოლის #1 ფავორიტი - ოპოზიციის ლიდერი

რეგისტრირებულ კანდიდატებს შორის, უპირობო ფავორიტად სახელდება საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი, ე.წ. ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია. საინტერესოა, რომ ბჟანიას წინასაარჩევნო შტაბს, ოკუპირებული აფხაზეთის ექს-პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი ხელმძღვანელობს. მას უკვე დიდი გამოცდილება აქვს აფხაზეთის „პოლიტიკურ ცხოვრებაში“ და როგორც აღნიშნავენ, მიმდინარე პროცესებზე კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს. მოსალოდნელია, რომ ბჟანია-ანქვაბის ტანდემი ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მობილიზებას შეძლებს. არსებობს მოსაზრებაც, რომ ანქვაბს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებაც სურს.

აღნიშნული კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობს ის ფაქტორიც, რომ იგი საკუთარ გუნდში კრემლის ფავორიტ ახალგაზრდა პოლიტიკოსს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომელსა და ვლადისლავ სურკოვის თანაშემწეს, ინალ არძინბას მოიაზრებს. ეს ფაქტი, ბჟანიას მიმართ კრემლის ირიბ მხარდაჭერაზე მიუთითებს. როგორც ბჟანიას პრეს-მდივანმა, მარინა გუმბამ აღნიშნა, ბჟანიას გამარჯვების შემთხვევაში, ინალ არძინბა მისი „მარჯვენა ხელი" გახდება. გუმბას ინფორმაციით, ბჟანია არძინბასთან ერთად, თვითაღიარებულ აფხაზეთში, „მასშტაბური რეფორმების“ განხორციელებაზე იმუშავებს. რუსული მედიის თანახმად, ინალ არძინბა პირველ ეტაპზე მოსკოვში დარჩება, მაგრამ წლის განმავლობაში, „ისტორიულ სამშობლოში სახელმწიფო თანამდებობას“ დაიკავებს. ვრცლად ინალ არძინბას ფიგურასა და კრემლის გეგმებთან დაკავშირებით, იხილეთ ჩვენი სტატია.

ცნობისათვის, ასლან ბაჟანია 2014 წელსაც მონაწილეობდა ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ და ხმათა 35,91%-ით მეორე ადგილზე გავიდა. მაშინ ხაჯიმბამ მას ხმათა 50,57%-ით აჯობა. ბჟანია 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზეც იყო დარეგისტრირებული, თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო (რასაც მისი მომხრეები მოწამვლას უკავშირებენ), ვეღარ შეძლო მონაწილეობის მიღება და ოპოზიციური ბლოკიდან, მის ნაცვლად, ალხას კვიწინიამ იყარა კენჭი. 2019 წლის 8 სექტემბერს გამართულ „არჩევნების“ მეორე ტურში, ხაჯიმბას ამომრჩეველთა 47,39%-მა (39 793 ხმა) დაუჭირა მხარი, კვიწინიას კი - 46,17%-მა (38 766 ხმა).

მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ასლან ბჟანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, დე ფაქტო სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის რეფორმასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე აკეთებს აქცენტს.

ადგურ არძინბასაპრეზიდენტო სკამის #2 პრეტენდენტი

ბჟანიას მთავარი კონკურენტი, დიდი ალბათობით, სეპარატისტული მთავრობის აწ უკვე ყოფილი ვიცე-პრემიერი, 38 წლის ადგურ არძინბა იქნება. იგი ოკუპირებული აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გავლენიანი გვარის წარმომადგენელია და მისი ოჯახის მხარდაჭერით სარგებლობს. მას 2015 წლიდან, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა, 2019 წლიდან კი - ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა. საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო, იგი 17 თებერვალს, ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლდა.

ადგურ არძინბა პრეზიდენტობის მსურველი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია. იგი მისაღებია საზოგადოებისთვის იმდენად, რამდენადაც „სუფთა წარსული“ აქვს და პოლიტიკურ ველზე ახალი სახეა. არძინბა, როგორც ხაჯიმბას პრეზიდენტობის დროს დაწინაურებული მაღალჩინოსანი, ბუნებრივია, წინა ხელისუფლებასთან ასოცირდება და მის ამომრჩეველთა დიდ ნაწილს, სწორედ ხაჯიმბას ელექტორატი შეადგენს. ასაკის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, აფხაზი ახალგაზრდების გარკვეული ნაწილიც მას დაუჭერს მხარს.

არძინბას გაპრეზიდენტების შანსები კიდევ უფრო გაიზრდება, თუ მას მხარს დაუჭერს სოხუმის მერი, კან კვარჩია, რომელმაც ბოლო წუთებში უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და რომელიც ასევე ხაჯიმბას ხელისუფლების მაღალჩინოსანია. იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე აქტიური ამომრჩეველი სოხუმში ცხოვრობს, სოხუმის მერის მხარდამჭერთა ხმები, არძინბას სასარგებლოდ წარიმართება.

საგულისხმოა, რომ რუსეთში მიღებული განათლების გარდა, ადგურ არძინბა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაშიც სწავლობდა. მას სპეციალურ ლინგვისტურ კომისიასთან აფხაზური ენის ცოდნაში გამოცდის ჩაბარებაც მოუწია, რაც მის ძლიერ მხარეზე არ მეტყველებს. მან ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნის იდეით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი, რაც არ განხორციელდა.

მილიციელი პრეზიდენტად - #3 კანდიდატი

შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი შს მინისტრის, ლეონიდ ძიაპშბას შანსები, ზემოაღნიშნულ ორ პრეტენდენტთან შედარებით, მცირეა. თუმცა, ის პრეზიდენტობისთვის დაუღალავად იბრძვის - ამჯერად უკვე მესამედ. მან 2014 წელსაც იყარა კენჭი, მაგრამ კონკურენცია ვერ გაუწია მაშინდელი რბოლის ფავორიტებს, რაულ ხაჯიმბასა და ასლან ბჟანიას და ხმათა 3,4% მიიღო. 2019 წლის არჩევნების პირველ ტურში, ძიაპშბამ შედეგები გაიუმჯობესა და 5,97% მოაგროვა, თუმცა მეორე ტურში ვერ გადავიდა.

ხაჯიმბას გაპრეზიდენტების შემდეგ, მას არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ გამოუვლენია, 2020 წლის იანვრის კრიზისის დროსაც დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციის სასარგებლოდ. მიმდინარე საარჩევნო კამპანია ძიაპშბას აგებული აქვს ეროვნულ და რელიგიურ თანასწორობასა და უხუცესთა საბჭოს როლის გაძლიერებაზე, ეკონომიკის განვითარებას იგი სამართლიანი გადასახადებით აპირებს.

გასული არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ძიაპშბა აუტსაიდერია. ნაკლებსავარაუდოა, რომ დარჩენილი 1 თვის განმავლობაში, მისი კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს.

მოსკოვის სცენარი?

არსებული მოცემულობით, კრემლი ფსონს ასლან ბჟანიაზე დებს, ადგურ არძინბასა და ლეონიდ შბას არჩევნებში მონაწილეობა კი, პოლიტიკური ძალებისმოსინჯვას ან ბჟანიასთვის „ღირსეული მეტოქეობის“ გაწევას ემსახურება. მოსკოვი ღიად არ ერთვება პროცესებში და „დემოკრატიული არჩევნების“ ილუზიის შექმნას ცდილობს. ამასთან, „აფხაზეთის მეხუთე პრეზიდენტის“ არჩევნების „გამჭვირვალობის“ უზრუნველსაყოფად, რუსი დამკვირვებლები უკვე ემზადებიან (გასულ წელს, ოკუპირებულ აფხაზეთში მივლენილ რუს დამკვირვებელთა რაოდენობა 60-ს აღემატებოდა).

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ზოგადად, აფხაზ „პოლიტიკოსთა“ მიმართ მოსახლეობის უნდობლობა მზარდია. საზოგადოება ბჟანია-ანქვაბის ტანდემსაც არ შეხვედრია ერთსულოვნად. არჩევნებში გასამარჯვებლად კი, კანდიდატებს ამომრჩეველთა 50%+ ხმის მიღება სჭირდებათ, რაც შესაძლოა, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხოს. ამ შემთხვევაში, მეორე რაუნდის ალბათობაც არ უნდა გამოვრიცხოთ.

არჩევნებამდე კი დარჩა 1 თვე, რა პერიოდშიც უკეთ გამოიკვეთება რუსული სცენარის კონტურები...

ანა ჯაფარიძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

 

18.02.2020
ნახვა 1760

კომენტარები