მთავარი უსაფრთხოება ანაკლიის პორტის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების პერსპექტივა

ანაკლიის პორტის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების პერსპექტივა

რუსული საინფორმაციო ომი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინააღმდეგ
13.02.2020
ნახვა 3360

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და შეცვლილი სტატუს-ქვო რეგიონში

დღეს, ჩინური ტვირთის ევროპის მიმართულებით გადაადგილებისას, რეგიონში ჰაბი რუსული, ნოვოროსიისკის სავაჭრო პორტია. 340 ჰექტარზე გადაჭიმული, ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია, ჩინური ტვირთისთვის ალტერნატიული სატრანზიტო მარშუტის ქმნის და რუსულ პორტს აქამდე არსებულ მონოპოლიას აკარგვინებს. გარანტირებული ეკონომიკური კეთილდღეობა, საქართველოს ტერიტორიაზე ევროპული და აზიური კაპიტალის კონცენტრირება კი, რა თქმა უნდა, გაამყარებს ქვეყნის სუვერენიტეტს და მის პოზიციებს რეგიონალურ თუ საერთაშორისო დონეზე. მსგავსი რეალობა, რუსეთის პერსპეტივით, ნულოვან-ჯამოვანი თამაშის მდგომარეობას ქმნის, საქართველოს სასარგებლოდ. შესაბამისად, პროექტის მასშტაბურებიდან გამომდინარე, მასთან ასოცირებული ეკონომიკური და პოლიტიკური ბენეფიტების გათვალისწინებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რუსული საინფორმაციო ომის აქტიური სამიზნეა. კრემლის ნარატივის გავრცელება, რომლის მიზანიცაა იდეის მარგინალიზაცია და საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულებების გაჩენა, მის განხორციელებას მნიშვნელოვნად უქმნის საფრთხეს.

რუსული ნარატივი - ანაკლიის პორტი, სინამდვილეში, სამხედრო დანიშულებისაა

მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აბსოლუტურად კომერციული ხასიათიისა, კრემლთან დაახლოებული ქართველი პოლიტიკოსები და ასევე პრო-რუსული ქართული და რუსულენოვანი მედია-საშუალებები მიზანიმართულად ავრცელებელ დეზინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების ან/და NATO-ს მხრიდან პორტის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ. გარდა იმისა, რომ არც NATO-ს მოქმედი ხელმძღვანელობის, არც საქართველოს და არც ამერიკის მთავრობის მხრიდან მსგავსი იდეა არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების საგანი, რიგი ტექნიკური შეზღუდვების ფონზე, არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონში მუდმივი NATO-ს ფლოტის განთავსება ან ამერიკული სამხედრო საზღვაო ბაზის შექმნა, გამორიცხულია.

შავ ზღვის რეგიონში ამერიკული ან NATO-ს ფლოტის განთავსებისა და სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობის პერსპექტივები

რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიისა და რეგიონის სწრაფი მილიტარიზაციის შემდეგ, ჯერ კიდევ 2016 წელს, NATO-ს წევრი ქვეყნის - რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა გააჟღერა შავი ზღვის რეგიონში NATO-ს მუდმივი სამხედრო ფლოტის შექმნის იდეა. აღსანიშნავია, რომ ასევე NATO-ს წევრმა და შავი ზღვის რეგიონის წარმომადგენელმა - ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა მაშინვე გააკრიტიკა იდეა რუსეთისგან მოსალოდნელი მწვავე რეაქციისა და რეგიონის, შესაძლო, საომარ ზონად გარდაქმნის მოტივით. NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის კონსესუსის არ არსებობის გარდა, გასათვალისწინებელია 1938 წელს ხელმოწერილი მონტროს კონვენციაც, რომელიც მკაცრად არეგულირებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში რეგიონის არაწევრი ქვეყნების გემების ტრანზიტსა და შავ ზღვაში გაჩერების ხანგრძლივობას. ასეთ სახელმწიფოებს, მშვიდობიან პერიოდში შეუძლიათ შემოიყვანონ არაუმეტეს 45 ათასი ტონა წყალწყვის გემები და დაჰყონ მაქსიმუმ 21 დღე. აღნიშული მოთხოვნის თანახმად, ამერიკულ ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს გემს, რომელიც არ ეკუთვნის თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს (შავი ზღვის აუზის NATO-ს წევრი ქვეყნები), მოუწევს მუდმივი როტაცია, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

მსგავსი შეზღუდვები ამცირებს რეგიონში არამხოლოდ NATO-ს მუდმივი ფლოტის, არამედ ამერიკული საზღვაო ბაზის შექმნის ალბათობასაც. ზოგადად, ამერიკული სამხედრო ბაზის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც მოიცავს ხანგრძლივ მოლაპარაკებებს და, საბოლოოდ, მასპინძელ ქვეყნასთან ხელშეკრულების გაფორმებას. აღსანიშნავია, რომ ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის მსგავსი სახის მოლაპარაკებები არ გამართულა და როგორც ცნობილია, არც იგეგმება. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე აქვს საკმაოდ დიდი სამხედრო საზღვაო ბაზა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე და ახალი ბაზის შექმნა გეოგრაფიულად ახლო მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც კოლოსალურ დანახარჯებთანაა დაკშირებული, საჭიროებას და სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესს ნამდვილად არ წარმოადგენს. შესაბამისად, გავრცელებული იდეა, თითქოს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი კომპერციული პორტის მაგივრად ამერიკული სამხედრო საზღვაო ბაზა შენდება, დეზინფორმაციაა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული რუსული საინფორმაციო ომის გაგრძელება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ცალსახად კომერციული პროექტი, რომელიც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად უზრუნველყოფს საქართველოს გრძელვადიან სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

ჟანა სირბილაძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

13.02.2020
ნახვა 3360

კომენტარები