მთავარი პოლიტიკა ვინ მოიგებს 2020-ის არჩევნებს?

ვინ მოიგებს 2020-ის არჩევნებს?

პასუხს ვცემთ 2020 წლის მთავარ კითხვას
09.02.2020
ნახვა 3145

ფოტო: newposts

განწყობები

ოპოზიციასა და ხელისუფლებას, სათაურში დასმულ კითხვაზე რადიკალურად განსხვავებული პასუხი აქვს. „ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ დიდი ალბათობით, პარტია კვლავაც საკონსტიტუციო უმრავლესობით დააკომპლექტებს პარლამენტს. ოპოზიცია კი, საკუთარი ოპტიმიზმის არგუმენტად, სხვადასხვა სოციოლოგიურ გამოკითხვას იშველიებს, სადაც ძალთა გაერთიანების პირობებში, მმართველ გუნდთან მათი უპირატესობა იკვეთება.

კვლევები

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)” - იანვარში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა იმ 65%-დან, რომელიც არჩევნებზე წასვლას აპირებს და იცის ვის მისცემს ხმას, „ქართულ ოცნებას“ მხარს, გამოკითხულთა 20% უჭერს, ხმების დანარჩენს ოპოზიცია ინაწილებს. მსგავსი მაჩვენებლებია „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ გამოკითხვაშიც. თუ გადავხედავთ წინა წლების ანალოგიურ კვლევებს, ვნახავთ, რომ სურათი მეტნაკლებად იგივეა, - ოპოზიცია ერთად, ყოველთვის მეტს აგროვებს, მაგრამ არჩევნებში მაინც მარცხდება.

ამას ორი მიზეზი აქვს, პირველი თავად კვლევაში არსებული პრობლემებია. აქ ვერ ვისაუბრებ იმის შესახებ, CRRC, ან NDI, IRI “მიკერძოებული არაპროფესიონალებისგან შედგება,” - ამ პათოსს არ ვეთანხმები. თუმცა, ასევე მტკიცედ მჯერა, რომ როდესაც გამოკითხულთა დიდი ნაწილი, თითქმის ნახევარი, იძახის რომ არჩევნებზე წასვლას არ აპირებს, ან არ იცის ვის მისცემს ხმას, თავად საკვლევი კითხვის დასმა, აზრს კარგავს. საბოლოო ჯამში, ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე, რომ ვინც არჩევნებზე წასვლას არ აპირებდა, - წავიდა, ხოლო ვინც არ იცოდა ვინ შემოეხაზა, „ქართული ოცნება“ შემოხაზა.

მეორე მიზეზი, არსებული საარჩევნო სისტემაა, სადაც მაჟორიტარებს, სიის კანდიდატებთან შედარებით უპირატესობა აქვს, ხოლო „ძლიერი მაჟორიტარები“ ხელისუფლებისთვის მუშაობენ. ამდენად, „ქართული ოცნების“ წინასწარი პარტიული 20% - სრულიად საკმარისია, იმისთვის, მანდატების 60% - ჩაიგდოს ხელში. ამ დროისთვის, უკვე გასაგებია რომ ხელისუფლება „მომგებიან მოდელს“ არ დათმობს, საუბარი მხოლოდ მის მოდიფიცირებულ ვარიანტზე შეიძლება, სადაც მაჟორიტარების რაოდენობა მცირდება (თუმცა არა დრამატულად), შესაბამისად ოპოზიციას რამდენიმე მანდატით მეტის აღების შესაძლებლობა უჩნდება.

ოპოზიცია

ოპოზიციის „უპრეცედენტო“ ერთობა დიდხანს არ გასტანს და თავისით, თუ მმართველი გუნდის დახმარებით, აუცილებლად დაიშლება. მაღალი ალბათობით, პოლიტიკური პროცესების აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) კვლავ გამოავლენს საკუთარ თავს და „ეგოისტურ-მიშისტურ“ საწყისებს დაუბრუნდება. ამის დასტურად, ლიდერმა სააკაშვილმა, უკვე დაანონსა ხელისუფლებასთან ბრძოლის შტაბის შექმნა. სავარაუდოდ, განახლებულ მოძრაობაში, ვეღარ მოხვდება ვერც ერთი ისეთი პირი, რომელიც შედარებით ზომიერი პოლიტიკის მომხრეა. ახალი „ენმ“ თანასწორი პარტნიორის სტატუსს არ შეეგუება. აღნიშნულის ნიშნები ამ ეტაპზე, გრიგოლ ვაშაძის განცხადებების შემდეგ, „ლეიბორისტების ოფისის“ და „გირჩის ოფისის“ (ყველა მინუს ვაშაძე) პირობით გაყოფაში გამოვლინდა. მეორე ძალა, რომელიც საერთო მაგიდას დატოვებს „ლელო“ იქნება. მამუკა ხაზარაძეს თავისი მიზნების მიღწევისთვის (რაზეც სხვაგან ვწერ) სხვებთან დღისწესრიგის შეთანხმება, არაფერში სჭირდება. მეტიც, ბანკირი სავარაუდოდ მალე მიხვდება, რომ მისი მთავარი კონკურენტები, სწორედ ანტი-სამთავრობო მაგიდას უსხედან.

პროგნოზი

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გათვლები სადაც მოცემულობაში ერთიანი ოპოზიციაა წარმოდგენილი, სულ მალე, არარელევანტური იქნება. ყველა ცალკე აღებული პარტია კი, რომელიც დღესაც იკავებს პოლიტიკურ ველს, თუნდაც 2016 წელთან შედარებით, ბევრად უფრო სუსტი და დისკრედიტებულია.

მაღალი ალბათობით, თუ დრამატული შეცდომები არ დაუშვა, „ქართული ოცნება“, 2020-ის არჩევნებში ხმათა 55-60%-მდე მიღებს, დარჩენილ 40%-ში „ენმ“ 15-20%, „ლელო“ 10-15%, „ევროპული საქართველო“ 5-8% და პატრიოტთა ალიანსი 5-8% მოხვდებიან.

ლაშა მაჭარაშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

09.02.2020
ნახვა 3145

კომენტარები