მთავარი საგარეო პოლიტიკა საქართველოს ევროპული არჩევანი და პერსპექტივა

საქართველოს ევროპული არჩევანი და პერსპექტივა

ევროკავშირის როლი დემოკრატიზაციის და სტაბილურობის მშენებლობის პროცესში
07.02.2020
ნახვა 1037

ევროკავშირი-საქართველოს ინტეგრაციის პროცესი

მიუხედავად ევროკავშირის წინაშე არსებული მძიმე გამოწვევებისა როგორებიცაა ბრექსიტი, 2008 წლის ფინანსური კრიზისის ნეგატიური შედეგები, რუსეთის აგრესიული სამეზობლო პოლიტიკა (მაგ., რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წელს გაღვივებული აგვისტოს ომი და შემდგომში რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად ცალმხრივი აღიარება, 2014 წელს ყირიმის მიტაცება და კონფლიქტი დონეცკსა და დონბასში), სირიის კონფლიქტი, მზარდი მიგრაცია, ევრო-სკეპტიციზმის აღზევება, კლიმატის ცვლილებები და ა.შ. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში დინამიურად განვითარდა და სავარაუდოდ შემდგომშიც გაგრძელდება.

თუმცა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მანამდეც იყო გარკვეული კავშირების დამყარების მაგალითები. კერძოდ, აქ შესაძლებელია გამოვყოთ 1999 წელს დადებული პარტნიორობის და თანამშრომლობის ხელშეკრულება, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანება, და 2004 წელს საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა სამოქმედო გეგმის შემუშავებით.

რაც შეეხება დაახლეობის ბოლო დინამიკას, საქართველო, 2009 წელს, უკრაინასთან, ბელორუსიასთან, მოლდოვასთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანა გახდა. შემდგომში, საქართველომ ასევე ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო (2014 წელს) და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი ევროკავშირთან (2017 წელს).

აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირია ის ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც სასაზღვრო მონიტორინგს (EUMM) ახორცილებს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში (თუმცა სეპარატისტულ ტერიტორიებზე შესვლა არ შეუძლია). მნიშვნელოვანია აღინიშნოს ახალგაზრდობის Erasmus-ის საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებში აქტიური ჩართულობა. აგრეთვე, აღსანიშნავია ისიც რომ 2019 წლის 27 ნოემბრიდან, საქართველო ექვსი თვის მანძილზე ევროსაბჭოს თავჯდომარის პოზიციას იკავებს.

გამომდინარე ამ ყველაფრიდან საინტერესოა განვიხილოთ თუ რა როლი გააჩნია ევროკავშირს საქართველოში ისეთი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევებთან როგორებიცაა პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული განვითარება, არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, სიღარიბის დაძლევა და ადამიანზე მორგებული კეთილდღეობის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება.

ევროკავშირის როლი საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში

აღსანიშნავია რომ ტრანზიციის (გარდამავალ) პერიოდში ნებისმიერი ქვეყნის წარმატებული დემოკრატიზაციის პროცესი ამ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების არსებობასთან ერთად გარკვეულწილად ასევე დამოკიდებულია თუ რამდენად ახლოს მდებარეობს ეს თუ ის ქვეყანა (გეოგრაფიულ და ღირებულებით სიახლოვეში) მსოფლიოს წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებთან (ევროკავშირის გაფართოების ეფექტი). დემოკრატიის ხარისხის მხრივ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია როგორც Freedom House-ია საქართველოს ამ ეტაპზე ჰიბრიდული ტიპის (ანუ ნაწილობრივ თავისუფალ) ქვეყნების სიას მიაკუთვნებს (https://freedomhouse.org/report/freedom-world/2019/georgia ).

ეს იმის მიუხედავად, რომ რეგიონში, სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო დემოკრატიულობის ხარისხით ხშირად ლიდერადაც კი განიხილება (https://netgazeti.ge/news/421253/ ). აქვე აღსანიშნავია ევროკავშირის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში. როგორც ნორმატიული და მორალური ღირებულებების მატარებელი ერთობა, ევროკავშირი დემოკრატიის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის ასპირანტ ქვეყნებთან (ანუ იმ ქვეყნებთან მიმართ ვისაც მკაფიო ნება და სურვილი გააჩნიათ ევროკავშირში გაწევრიანების) მიმართებაში იყენებს რბილ ძალას ანუ ე. წ. “მეტი მეტისთვის“ წამახალისებელ პრინციპს.

აღნიშნული პრინციპის თანახმად ევროკავშირი მზად არის დახმარება გაუწიოს და უფრო მჭიდრო კავშირი დაამყაროს (როგორც ასოცირებული ისე სრულუფლებიანი წევრის სახით) იმ პარტნიორ ქვეყანასთან, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებს აქტიურად გაატარებს თავის სახელმწიფოში. ეს გამომდინარეობს იქიდან რომ ევროკავშირი ისეთ ძირითად ღირებულებებთან როგორებიცაა მშვიდობა, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, ასევე უაღრესად მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს დემოკრატიას.

შესაბამისად, მიუხედავად მრავალი გამოწვევებისა რაც დღეს ევროკავშირის წინაშე დგას, საინტერესოა თუ რამდენად შეძლებს ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად და აქტიურად დაეხმაროს საქართველოს (და დანარჩენ აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს) რომ ჰიბრიდული რეჟიმიდან კონსოლიდირებულ და ეკონომიკურად განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდეს.

ევროკავშირის როლი კონფლიქტების მოგვარებაში

კონფლიქტების მოგვარება ხშირად გულისმოხბს (საერთო ხელშეკრულების გაფორმების გზით) კონფლიქტში ჩართული მხარეების მშვიდობიან მორიგებას. ხშირად კონფლიქტების მოგვარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი უკავიათ გარე აქტორებს, რომლებიც მედიაციის გზით ცდილობენ კონფლიქტის მოგვარებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მშვიდობის რეკონსტრუირება. იდეაში, აღნიშნული აქტორები მიუკერძოებლები, კონსტრუქციულები და სამართლიანები უნდა იყვნენ. ეს გულისხმობს კონფლიქტის შედეგად მიყენებული ნგრევის და ზიანის აღდგენას და განახლებას, როგორც ეკონომიკური პროექტებით ისე ჰუმანიტარული დახმარებით. ამგვარ მესამე აქტორად ან მედიატორად ხშირად ევროკავშირიც მოიაზრება. აღსანიშნავია რომ სხვა სახელმწიფოებთან ერთად ევროკავშირის მშვიდობიანი გაფართოების პოლიტიკამ ბევრი დაპირისპირება და კონფლიქტი აღმოფხვრა ევროპის კონტინეტზე (მაგალითად, 90-იანებში, კონფლიქტები ბალკანეთში).

საქართველოში აფხაზეთის და ცხინვალის ავტონომიურ ერთეულებში წამოწყებული კონფლიქტები უფრო ადგილობრივ ეთნო-ტერიტორიულ კონფლიქტებად მოიაზრებოდა. თუმცა, 2008 წლის აგვისტოში აღნიშნული ადგილობრივი დონის კონფლიქტები რუსეთ-საქართველოს შორის (ანუ სახელმწიფოთა შორის) კონფლიქტში გადაიზარდა. შედეგი საქართველოსთვის საკმაოდ დამანგრეველი იყო და საერთაშორისო დონეზეც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სწორედ ამ დროს ჩაერია ევროკავშირი (აქტიურად და კონსტრუქციულად) აღნიშნული კონფლიქტის განსამუხტავად. კერძოდ, იმ დროს საფრანგეთის და ევროკავშირის პრეზიდენტმა, ნიკოლას სარკოზიმ, რუსეთ საქართველოს შორის კონფლიქტის განმუხტვა ითავა. შედეგად სამშვიდობო (ექვს პუნქტიანი) შეთანხმების მიღწევა მოხერხდა. მას შემდეგ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია მოღვაწეობს, რომელიც კონფლიქტის ხაზთან არსებულ მძიმე და მყიფე მდგომარეობას აკვირდება.

საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკა აგვისტოს ომის შემდეგ დღემდე უფრო არაღიარებას და ჩართულობას მოიცავს. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე, აღნიშნული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და დიალოგის დაწყება რჩება. შესაბამისად, მაღალი ინტერესია იმის მიმართ თუ როგორ შეძლებს ევროკავშირი (ბალკანეთის კონფლიქტების დარეგულირების გამოცდილებით) დაეხმაროს საქართველოს აღნიშნული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში.

ევროკავშირის როლი საქართველოში კეთილდღეობის სახელმწიფო (welfare state) ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში

ეგრეთწოდებული ნეო-ლიბერალური რეფორმები რომლებიც ყველაფრის პრივატიზაციას, დერეგულაციას და ბრტყელი საგადასახადო სისტემის შემოღებას გულისხმობდა, საქართველოს მაგალითზე, მძაფრი სოციო-ეკონომიკური უთანასწოროების დამყარების საფუძველი გახდა. აღნიშნული სისტემა შესაბამისად უფრო მდიდრებზე, მსხვილ ბიზნესზე, ინვესტორზე და დამქირავებელზეა ზოგადად მორგებული ვიდრე უბრალო მშრომელებზე და გაღარიბებულ მოსახლეობაზე.

ქვეყნაში სადაც ძალიან დაბალია პენსიები, სადაც ხარისხიანი განათლება ბევრისთვის ჯერ ხელმიუწვდომელია, სადაც ჯერ კიდევ დასახვეწია და გასაუმჯობესებელი შრომის კოდექსი, სადაც საჭიროა ჯანდაცვის სისტემის შემდგომი რეფორმა, სადაც უმუშევრობა მაღალია (რაც იწვევს მოსახლეობის ქვეყნიდან მასიურ გადინებას), სადაც ანაზღაურება ხშირად არ შეესაბამება გაწეულ სამუშაოს და ხშირად ზედმეტი შრომა არ არის სათანადოდ დაფასებული ძნელია ასეთ მდგომარეობაში ევროპული მაღალი ხარისხის და სტანდარტის დემოკრატიაზე საუბარი.

გამომდინარე იქიდან რომ ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მიზანს პარტნიორ ქვეყნებში არსებული სიღარიბის აღმოფხვრაც წარმოადგენს და ასევე იმ გამოცდილებიდან რომ ევროკაშირის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო სისტემა (მაგალითად, გერმანია, ფინეთი, შვედეთი, დანია და ა.შ), დიდი იმედია რომ ევროკავშირი დაეხმარება სქართველოს სწორედაც ასეთი ან მსგავსი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში სადაც მოქალაქეებს ექნებათ სოციალური და ეკონომიკური გარანტიები სახელმწიფოს მხრიდან რათა უზრუნველყოფილ იყოს ადამიანის ღირსეული განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და ზოგადად არსებობა.

ევროკავშირის და საქართველოს სამომავლო პერსპექტივები

საქართველოსთვის ევროპისკენ სვლა ისტორიული არჩევანია და დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბებაზე ფიქრის დაწყებიდან ცდილობს თავისი ღირსეული ადგილი დაიკავოს ევროპულ სახელმწიფითა დემოკრატიულ ერთობაში. დღეს დღეისობით საქართველო ისე ახლოსაა ამ მიზანთან როგროც არასდროს. თუმცა ზემოთ ნახსენები საკითხების გათვალისწინებით საბოლოო მიზნამდე (ევროკაშირის წევრობა) ჯერ კიდევ ბევრი დრო და უამრავი გამოწვევა რჩება. ხოლო ამ გამოწვევების დასაძლევად მეტი ორმხრივი ძალისხმევაა საჭირო. ანუ საქართველომ თავის მხრივ სასურველია შეასრულოს თავისი საშინაო დავალება რაც გულისხმობს დემოკრატიის ხარისხის კიდევ უფრო მაღლა აწევას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას. მეორეს მხრივ ევროკავშირმაც სასურველია მეტი ყურადღება დაუთმოს თავის პარტნიორი ქვეყნების საკითხებს და დაეხმაროს მათ ამ პრობლემების მოგვარებაში და ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გამყარებაში.

მიხეილ შავთვალაძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

07.02.2020
ნახვა 1037

კომენტარები