მთავარი საგარეო პოლიტიკა გრძელი გზა NATO-სკენ და რუსული ბარიერები

გრძელი გზა NATO-სკენ და რუსული ბარიერები

საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მოწოდებები და კრემლის რეაქცია
04.02.2020
ნახვა 2283

კრემლის გამაფრთხილებელი მესიჯები ნატო-საქართველოს პარტნიორობის მისამართით

2020 წლის დასაწყისიდან, საქართველო-ნატო-ს პარტნიორობამ განვითარების ახალი მუხტი შეიძინა: ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შესახებ არაერთი მოწოდება გაჟღერდა, შედგა ნატო-საქართველოს კომისიის საკმაოდ წარმატებული სხდომა, უახლოეს მომავალში კი, დაიწყება ნატო-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნები, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

17 იანვარს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე (22 იანვარი) რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური განვითარება, სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად და დაძაბულობის ესკალაციის საფრთხედ არის შეფასებული. „რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ და ნატო, საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისკენ არ წააქეზებენ“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პრესკონფერენციისთვის მომზადებულ განცხადებაში. იქვე ნათქვამია, რომ კრემლი ყურადღებით აკვირდება ნატო-სა და ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსთან.

საინტერესოა, რომ აღნიშნული ტექსტი რუსეთის საგარეო უწყების გვერდზე, ლავროვის პრეს-კონფერენციის შემდეგ განთავსდა, თუმცა უშუალოდ პრეს-კონფერენციაზე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საკითხზე არ უსაუბრია. როგორც რუსული მედია წერს, ამ თემაზე კითხვის დასმა, პრეს-კონფერენციისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის გამო ვერ მოხერხდა.

რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებული ტექსტი, მკვეთრ გამაფრთხილებელ მესიჯებს შეიცავს და ღიად მიუთითებს კრემლის მწვავე დისკომფორტზე, რასაც მას საქართველო-ნატოს მჭიდრო ურთიერთობა უქმნის.

22 იანვარს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს. კომისიამ შეშფოთება გამოთქვა მცოცავი ოკუპაციისა და კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო.

საქართველო NATO-ს წევრი უნდა გახდეს“

23 იანვარს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, ნატო-ს გაფართოებაზე საუბრისას, ალიანსს საქართველოს წევრად მიღებისკენ მოუწოდა. ჩავუშოღლუმ დასავლელ პარტნიორებს უსაყვედურა, რომ არ აცხადებენ თანხმობას საქართველოს ალიანსში მიწვევაზე, რადგან რუსეთის პროვოცირება არ სურთ, თუმცა იმავდროულად, ისინი თურქეთს აკრიტიკებენ რუსეთთან კარგი ურთიერთობის გამო. როგორც ჩავუშოღლუმ განაცხადა, საქართველოს სჭირდება ნატო და ნატო-ს სჭირდება საქართველოს მსგავსი მოკავშირე, „საჭიროა გაფართოება და საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს.“

თურქეთის მიერ გამოხატულმა მხარდაჭერამ, ტრადიციულად, ნეგატიური რეაქცია გამოიწვია მოსკოვში. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ თურქეთი საქართველოს ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანებას მხარს უჭერს. მისი შეფასებით, 2008 წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ უპასუხისმგებლო დაპირებებიზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს თავბრუს ახვევს“ და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციას ართულებს. კოსაჩოვის განმარტებით, რუსეთის საზღვრებთან ნატო- მიახლოვება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, მოსკოვი კი, მოვლენების ასეთ განვითარებას კატეგორიულადწინააღმდეგება.

31 იანვარს, საქართველოს ნატო-ს წევრობისკენ მოწოდებებით გამოქვეყნდა ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია “The Heritage Foundation”-ის ანგარიში - „ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს ნატო-სკენ საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერა. ანგარიშში კონკრეტულ გეგმაზეც არის საუბარი, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ალიანსში მიღება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემატიკის მიუხედავად. კვლევის ავტორის, ალექსის მრაჩეკის თანახმად, ნატო-მ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს და 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-6 მუხლში ცვლილებები შეიტანოს, რომელიც მე-5 მუხლის ძალით დაცული სპეციალური ტერიტორიების არსს განმარტავს. შედეგად, მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაცვა დროებით მოეხსენება ოკუპირებულ რეგიონებს და სრულიად საქართველო შევა ალიანსში. „სანამ რუსეთი ხელს არ აიღებს ოკუპირებული რეგიონების კონტროლზე, ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიები მიენიჭება მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს“, - ნათქვამია სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ანალოგიური გეგმის შესახებ ნატოს-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმაც ისაუბრა, რასაც მაშინ ქართულ საზოგადოებაში, დიდი გაუგებრობა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ევროპის დამცველი 2020“

უახლოეს მომავალში, ბოლო 25 წლის მანძილზე, ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები „ევროპის დამცველი 2020“ დაიწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. წვრთნებში ალიანსის 18 წევრი და პარტნიორი ქვეყნის 37 ათასი სამხედრო ჩაერთვება. აღნიშნული სწავლება ითვალისწინებს ევროპაში 20 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას, მათ შორის იქნებიან სამხედრო-საჰაერო ძალები, საზღვაო ქვეითები, ეროვნული გვარდიის ნაწილები და სარეზერვო დანაყოფები. მოსამზადებელი სამუშაოები თებერვალში დაიწყება, წვრთნების ძირითადი ნაწილი კი, მაისსა და ივნისში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში გაიმართება. როგორც ცნობილია, სწავლების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე მრავალეროვნულ საპარაშუტო ხტომას დააკვირდებიან.

მოსალოდნელია, რომ რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს აღნიშნულ წვრთნებს და თავადაც მოახდენს სამხედრო ძალების მობილიზებას, იმატებს პროვოკაციების რისკი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით. არ არის გამორიცხული, კრემლმა საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით, ვითარების დესტაბილიზაციასაც შეუწყოს ხელი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას, ისევე როგორც ნატო-ს გაფართოების გეგმასა და რუსეთის საზღვრების მახლობლად წარმოებულ წვრთნებს, კრემლი ქვეყნის უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევად მიიჩნევს. მოსკოვის პოზიციით, ვაშინგტონი და ბრიუსელი ცდილობენ, საქართველო კავკასიაში, რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად აქციონ. მსგავსი შეფასებებისა და განცხადებების ტირაჟირების მიზანია, რომ ქართულ საზოგადოებაში მუსირებდეს აზრი, თითქოს ნატო-სკენ მიმავალი გზა არის მცდარი. აღნიშნული მოსაზრება, რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებულ დეზინფორმაციის ერთ-ერთი აქტიური ნარატივია. თუმცა, არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, განუხრელად უჭერს მხარს ალიანსში ინტეგრირებას. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ბოლო გამოკითხვის თანახმად (16 იანვარი, 2020 წელი), გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ნატო-სა (74%) და ევროკავშირში (82%) საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს.

რაში მდგომარეობს გამოსავალი?

საქართველო დღემდე დიდი მოთმინებით და ენთუზიაზმით მიუყვება ნატო-სკენ მიმავალ გზას, სრულად ახორციელებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“. მიუხედავად ნატო-საქართველოს პარტნიორობაში მიღწეული პროგრესისა, კვლავ ეკლიან ბარიერად რჩება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართებით შემოსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიები. სწორედ ამ ბარიერების გადალახვის გზებისა და ყველა მხარისთვის მისაღები გამოსავლის მოსანახად, სასურველი იქნებოდა, ფართო და კონსტრუქციული მსჯელობის დაწყება, სამხედრო-პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ დონეზე, რაც კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვებდა ნატო-სკენ მომავალი მიზნის რეალიზებასთან.

ანა ჯაფარიძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

04.02.2020
ნახვა 2283

კომენტარები