მთავარი ეკონომიკა მიწისქვეშა გაზსაცავი

მიწისქვეშა გაზსაცავი

გაზსაცავის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
04.02.2020
ნახვა 626

გაზსაცავის მოწყობის პერსპექტივები

2002 წლიდან მიმდინარეობს მსჯელობა გაზსაცავის მოწყობის შესახებ. განიხილებოდა ვერსიები და ფორმები თუ სად აეშენებინათ. საბოლოოდ გადაწყდა „რუსთავის სამხრეთი თაღის“, ყოფილი გაზის საბადოს ადგილას მოეწყოს მიწისქვეშა გაზსაცავი. პირველად წინადადება და საინვესტიციო პირობები 2010 წელს გაჟღერდა და მას მერე ინტენსიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ნავთობის და გაზის კორპორაციაში ცალკე სამსახურიც არსებობს, თუმცა არსებითი მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.

ტექნიკური და საინვესტიციო პირობები

გაზსაცავის სრული მოცულობა 400–450 მლნ მ3, ხოლო მუშა, აქტიური მოცულობა 200დან –300მ3 მდე. უნდა აღინიშნოს, რომ გაზსაცავი საკმაოდ ძვირადღირებული ნაგებობაა და მისი საინვესტიციო ღირებულება 250–280 მლნ $ შეადგენს. დაფინანსებას რაც შეეხება, უამრავჯერ შეიცვალა მათი ვინაობა და ჯერაც გაურკვეველია, თუ ვინ აიღებს მშენებლობაზე პასუხისმგებლობას.

მისი ძირითადი დანიშნულება

გაზის მოხმარების არათანაბრობის აღმოფხვრა, ქსელში გაზის სეზონური და პიკური მოხმარების დროს. მაგისტრალების და ტრანზიტული მილსადენების შეფერხების შემთხვევაში, გაზის მიწოდების უწყვეტობის შესაძლებლობა. ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დირექტივა, ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით. დირექტივის ვადებზე თუ ვიმსჯელებთ, საცავი ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს 2020 წლის ბოლოს, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და კორპორაციამ ვადები რამოდენიმეჯერ გადაწია, საბოლოო ვადა გაცხადებულია 2023 წელი, ზემოთ ნახსენები ინვესტიციების მოზიდვის პრობლემების გამო.

პრობლემები რომელზეც არ საუბრობენ

გასაგებია, რომ ენერგეტიკის სექტორი სოციალურად სენსიტიური საქმიანობა და სერვისია, თუმცა რატომ უნდა დავუმალოთ მოქალაქეებს, ის ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, მათზე აისახება. კონკრეტულად ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ თუ გაზსაცავიდან მოსახლეობას და ბიზნესს მივაწვდით რაიმე რაოდენობის გაზს, მისი ფასი იქნება შედარებით მაღალი, ვიდრე დადგენილი მუდმივი ტარიფი. მათ შორის სემეკში შემუშავებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გაზის მოხმარების ტარიფების ცვლილებას როგორც სეზონურად მოხმარებისთვის ასევე პიკური (საათების) დატვირთვის დროს. აქვე საუბარია შესაბამის ახალ მრიცხველების დამონტაჟებაზე და სხავ ღონისძიებებზე. ფასის აწევა, მოხმარების ზრდასთან ერთად, დაკავშირებულია:

1. გაზსაცავში გაზის შენახვის პერიოდის კოეფიციენტთან (ზაფხულში მოხდება გაზის შენახვა, ცივ სეზონზე კი მოიხმარება);

2. გაზის გაშრობასთან (ტექნოლოგიური პროცესი);

3. ინვესტირებული თანხის კოეფიციენტთან;

4. სამუშაო დანახარჯებთან, რაც რასაკვირველია აისახება ტარიფში.

კითხვაზე – არის მსჯელობა თუ არა ამ საკითხებთან დაკავშირებით, ნავთობის და გაზის კორპორაციამ გვიპასუხა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები, ცვლილებები იქნება, თუმცა ფასის ძლიერი ცვლილების შემთხვევაში არაა გამორიცხული ბიუჯეტიდან მოხდეს სუბსიდირება, რათა მოსახლეობას არ დააწვეს უარყოფითად გაზრდილი გადასახადი.

ისმის კითხვა: რატომ ვაშენებთ ასეთ ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურას, თუ კი ის დამატებით სუბსიდირებას მოითხოვს?! ამდენი სუბსიდიებით ჩვენი ბიუჯეტი ხომ არ ემსგავსება სოციალისტურ ბიუჯეტს?! რადგან წლიდან წლამდე იზრდება მთლიანი ბიუჯეტიდან სუბსიდირების წილი.

გიორგი ჭაღიაშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

 

04.02.2020
ნახვა 626

კომენტარები