მთავარი საგარეო პოლიტიკა დიალოგის ახალი ფორმა რუსეთთან?

დიალოგის ახალი ფორმა რუსეთთან?

პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ევროსაბჭოს ფორუმზე გაჟღერებული გამონათქვამების ექო
01.02.2020
ნახვა 3377

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური

„საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე“

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თითქმის ყოველი საჯარო გამოსვლა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ ემოციებს აღძრავს. ამჯერადაც ასე მოხდა როდესაც სახელმწიფოს მეთაური სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოვიდა სიტყვით. ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო მზადაა მაისში, თბილისში მიიღოს რუსეთის დელეგაცია და ამისთვის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონსაც გვერდი აუაროს. ზურაბიშვილს მხედველობაში ჰქონდა ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტის სხდომა რომლის ჩატარებაც თბილისში 14-15 მაისსაა დაგეგმილი. როგორც წესი ამ ტიპის შეხვედრებზე რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მეთაურობს ხოლმე. თუკი გავიხსენებთ იმ მოვლენებს რომლებიც საშუალო რანგის რუსი პოლიტიკოსის - სერგეი გავრილოვის ვიზიტმა გამოიწვია და რომლის შედეგებიც დღემდე იგრძნობა - ადვილი წარმოსადგენია, რომ რუსული დიპლომატიის მეთაურის ვიზიტი მინიმუმ არანაკლები ემოციებისა და დაძაბულობის მიზეზი გახდება. არის თუ არა საქართველოს მთავრობა ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად, განსაკუთრებით კი წლევანდელ შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში? სურს კი საქართველოს, რომ რუსული დელეგაცია მიიღოს? ან იქნებ უბრალოდ იძულებულია?

„ქართული ოცნების“ რეაქცია პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამონათქვამზე

ზურაბიშვილის გამონათქვამი თვით მმართველ წრეებშიც კი არაერთგვაროვნად იქნა აღქმული. პარლამენტის თავმჯდომარემ - არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ რუსული დელეგაციის თბილისში ჩამოსვლის შესაძლებლობის კონტექსტში ქვეყანა მოიქცევა ისე როგორც ამას „საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები მოითხოვენ“. ეს იმას ნიშნავს, რომ თალაკვაძის პოზიცია დადებითია ვინაიდან საერთაშორისო სამართლის თანახმად რუსულმა დელეგაციამ ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქართული კანონმდებლობის უზენაესობას გაუსვა ხაზი (ის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებულ კანონს გულისხმობდა) და თან დაამატა, რომ: „თუ კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ, თუ არ გვაძლევს, მივდივართ ჩვენს პარტნიორებთან და სხვა გამოსავალს ვპოულობთ“. მოკლედ, რომ ვთქვათ, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოშვებულ არ უნდა იქნან ის რუსი დელეგატები რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე. წ. „სამხრეთ ოსეთში“ არიან ვიზიტით ნამყოფები. ასეთი ოფიციალური პირების რაოდენობა რუსეთში საკმაოდ დიდია და მათ ჯგუფს სათავეში სწორედ სერგეი ლავროვი უდგას. აქედან გამომდინარე პრემიერ-მინისტრის პოზიცია როგორც ნეგატიური ისე შეიძლება აღვიქვათ. მიუხედავად ამისა, კანონების შეცვლა შეიძლება, ხანდახან კი მათ პირდაპირ არგებენ ხოლმე კონკრეტული მომენტის მოთხოვნებს…

მთლიანობაში, მმართველი პარტიის წიაღში თალაკვაძის მოსაზრება მკვეთრად დომინირებს. ამის საუკეთესო დასტურად იუსტიციის მინისტრის - თეა წულუკიანის გამნათქვამი გამოდგება: „ევროსაბჭოს სტატუტით და შეთანხმებით იმუნიტეტის შესახებ რომლის ხელმომწერები ვართ სწორედ იმ პერიოდიდან როცა ბატონმა ჟვანიამ სწორედ იმ ტრიბუნიდან თქვა ის ცნობილი ფრაზა რომელიც ყველას გვახსოვს - რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით. ოპოზიციას უნდა, რომ ეს სანქციები სახელმწიფოს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დაედოს“. შეიძლება ითქვას, რომ წულუკიანი საქართველოს ერთგვარად გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. მისი აზრით დისკუსია თემაზე: უნდა მიიღოს თუ არა ქვეყანამ რუსული დელეგაცია - ზედმეტია რადგანაც თბილისი უბრალოდ ვალდებულია, რომ იგი მიიღოს ადრე დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე.

ოპოზიციის რეაქცია

უდიდესი ოპოზიციური პარტიების წევრები ზურაბიშვილის გამონათქვამებზე საუბრისას მწვავე შეფასებებს არ ერიდებიან. ოპოზიციონერები არა მარტო თავიანთ ერთმნიშვნელოვან პროტესტს გამოხატავენ რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლის მიმართ არამედ პირდაპირ აცხადებენ, რომ თუკი ეს ვიზიტი შედგება, ისინი წინააღმდეგობის „აგრესიულ“ ფორმებს მიმართავენ. „ჩვენ საზღვარზე ვერ დავდგებით და ლავროვის ჩამოსვლის პრევენციას ასე ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ფეხქვეშ მიწა დაეწვება ყველას, ვინც ამას გააკეთებს და ასევე რუსეთის დელეგაციამაც უნდა იცოდეს, რომ აქ მას დახვდება ძალიან კატეგორიული, აგრესიული, მაგრამ კანონის ფარგლებში არსებული შეხვედრა რეალურად ქართულ საზოგადოებასთან და არა ივანიშვილის ჯამბაზებთან“ - თქვა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა - გიგი უგულავამ. მსგავსი ტონის მქონე განცხადება გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ. კერძოდ მან თქვა: „მოქალაქე ზურაბიშვილი სამედიცინო დიაგნოზია ამ ხელისუფლების, აი, კატეგორიულად აცდენილები არიან რეალობას. არ ვიცი, რაც ჩუმად იქნება ეს ქალბატონი, მით უკეთესი მისთვის და საქართველოსთვის”. კიდევ უფრო შორს წავიდა თავის შეფასებებში „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე რომელმაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს „ჩრდილოელი მეზობლის აგენტად“ მოიხსენია. „სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ არა მარტო ეს განცხადება, ასევე მისი ყველა განცხადება ჩვენს ქვეყანას არცხვენს და სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ფაქტობრივად ის არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გავლენის აგენტი” - თქვა ვაშაძემ.

მოვლენების პოტენციური განვითარება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე არაერთხელ გამოხატა თავისი მხარდაჭერა რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატის შექმნის იდეისადმი. ამდენად, ევროპულ ფორუმზე წარმოთქმული სიტყვები ადრე გამოთქმული მოსაზრებების ერთგვარ გაგრძელებადაც შეიძლება მივიჩნიოთ. მეორე მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის სიტყვები ერთგვარი რეაქცია იყო რიტორიკულ პროვოკაციებზე. კერძოდ, მან ასე უპასუხა ევროსაბჭოში რუსეთის ერთ-ერთი წარმომადგენლის - ლეონიდ კალაშნიკოვის სიტყვებს რომელმაც ასეთი რამ თქვა: „საქართველო საფრთხის შემცველი გახდა – არა მარტო პოლიტიკური და რელიგიური თავისუფლებისთვის, ებრაელებისთვის, სხვა ეროვნული უმცირესობების და ქალებისთვის არამედ პარლამენტარებისთვისაც“. ეს მინიშნება იყო 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე, ე. წ. „გავრილოვის ღამეზე“ რომლის გამოჩენამაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ქუჩის პროტესტების ტალღა გამოიწვია. ეს ტალღა ფაქტობრივად დღემდე გრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ კალაშნიკოვის სიტყვები განსაკუთრებული თავხედურობით გამოირჩეოდა და მათ ავტორს ალბათ იმედი ჰქონდა, რომ ზურაბიშვილისგან აგრესიულ პასუხს მოისმენდა. ამდენად, თუკი საქართველოს პრეზიდენტის სტოიკურ სიმშვიდეს, თავდაჭერილობასა და დიპლომატიური ეტიკეტის შესანიშნავ ფლობას გავითვალისწინებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ რეაქცია ზუსტადაც შესაფერისი იყო. ზურაბიშვილის პასუხმა კალაშნიკოვი უდავოდ გააკვირვა. ყველანაირი შფოთის, პროვოკაციებისა და სხვადასხვა უმცირესობებისადმი მიმართული საფრთხეების წყარო თვით რუსეთია და ალბათ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ასე.

თუმცაღა დიპლომატიური „savoir vivre“-ი ერთია მაგრამ უკვე უახლოეს კვირებში საქართველომ პრაგმატულად უნდა აწონ-დაწონოს მაისის თავყრილობაზე რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის საკითხი. ეს ადვილი საქმე არ იქნება რადგანაც რუსეთი ისევ გააგრძელებს პროვოკაციულ მოქმედებებს. ისევ უნდა გვქონდეს ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების მოლოდინი და ამას გარდა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის დუმამ საქართველოში მცხოვრებ «ოსთა გენოციდის» აღიარებისათვის მასალების შეგროვება დაიწყო. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია რამდენიმე თვის წინ შექმნილი „1920 წლის ოსთა გენოციდის აღიარების კომისიის“ წევრების ჩამოსვლა ცხინვალში სადაც ისინი ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ მარიონეტ პარლამენტარებს შეხვდებიან. ამ პირობებში შეიძლება თუ არა, რომ მაისში, რუსი პარლამენტარების თბილისში ვიზიტმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს? პასუხი მხოლოდ ერთია: არა. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ რუსი დელეგატები ზუსტად თბილისში შეეცდებიან ამჯერად უკვე საკუთარ მიწაზე მოსცხონ ჩირქი საქართველოს როგორც ეს თავის დროზე კალაშნიკოვმა გააკეთა სტრასბურგში. ასეთ შემთხვევაში საზოგადოების რადიკალური ნაწილის და პოლიტიკური ოპოზიციის მრავალრიცხოვანი პროდასავლური ჯგუფების რეაქცია კიდევ უფრო აგრესიული იქნება ვიდრე ეს 2019 წლის 20 ივნისს, ე. წ. „გავრილოვის ღამეს“ იყო. ეს მნიშვნელოვნად გაამძაფრებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას მომავალი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. კამპანია უკიდურესად აგრესიულ ხასიათს შეიძენს. ეს კი დიდი ალბათობით საქართველოსა და ქართველებს ყველაზე ნაკლებად უნდათ.

თუკი რუსეთის მოქმედებებს გავითვალისწინებთ რომელიც არანაირად არ ილტვის საქართველოსთან მშვიდობიანი და რაც მთავარია ეფექტური დიალოგის გასამართავად ურთიერთობათა ნორმალიზაციისათვის, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ საქართველომ არ უნდა დაუშვას ის გამონაკლისი რომელზეც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლაპარაკობს. იმედი ვიქონიოთ, რომ ზურაბიშვილის პასუხი მხოლოდ დიპლომატიური „სიტყვების თამაში“ იყო და არა რუსების რეალური მოპატიჟება საქართველოში, მაისის თვეში. პრემიერ გახარიას სიტყვები: „თუ კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ, თუ არ გვაძლევს მივდივართ ჩვენს პარტნიორებთან და სხვა გამოსავალს ვპოულობთ” - ზუსტი და სწორი მიმართულების მაჩვენებელია. მოცემულ მომენტში ლავროვის, ისევე როგორც ბევრი სხვა რუსი დელეგატის ჩამოსვლა საქართველოში შეუძლებელია გამომდინარე იქიდან, რომ მათ არაერთხელ აქვთ დარღვეული ქართული კანონმდებლობა. ამრიგად, საჭიროა „სხვა გამოსავლის” ძებნა როგორც ამას საქართველოს მთავრობის მეთაური ამბობს. წარმატება გვინდა ვუსურვოთ ქვეყანას საუკეთესო გამოსავლის ძიებაში რომელიც პირველ რიგში საქართველოსთვის იქნება სასარგებლო...

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

01.02.2020
ნახვა 3377

კომენტარები