მთავარი პოლიტიკა „პატრიოტთა ალიანსის“ ანტიდასავლური სოციოლოგია

„პატრიოტთა ალიანსის“ ანტიდასავლური სოციოლოგია

პარტიის რადიკალური გზავნილები აშშ-ის მთავრობისა და ქართული საზოგადოების მიმართ
30.01.2020
ნახვა 2397

ფოტო: © facebook.com / irma.inashvili

პატრიოტთა ალიანსიამერიკული ორგანიზაციების საქართველოში საქმიანობის წინააღმდეგ

თვალს თუ გადავავლებთ „პატრიოტთა ალიანსის“ ბოლოდროინდელ აქტივობას, მარტივად შევნიშნავთ, რომ პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ წამყვან ტრენდად, საქართველოში ამერიკული ინსტიტუტების საქმიანობის მწვავე კრიტიკა იქცა. პარტიის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი, აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის შეფასებისას, ყოველთვის რადიკალურ პოზიციას იკავებს და მათ მიმართ უნდობლობას ღიად გამოხატავს. გასულ კვირას, პარტიამ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) დასაერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საქმიანობის წინააღმდეგ აქცია გამართა. რამდენიმე თვით ადრე, 2019 წლის სექტემბერში, ირმა ინაშვილმა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა“ და „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ჩაშლა სცადა და ღიად დაუპირისპირდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს. მოგვიანებით, „პატრიოტთა ალიანსმა“ აღნიშნული ღონისძიება საპროტესტო აქციით გააპროტესტა.

არა NDI-ისა და IRI-ის კვლევებს“

26 იანვარს, „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, NDI-ისა და IRI-ის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა, სადაც მთელი რიგი რადიკალური მესიჯები და ბრალდებები გაჟღერდა. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა, გავლენიანი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები არასანდოობასა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულეს და სამართალდამცველებს მათი საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდეს. ირმა ინაშვილმა აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობა „სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემადაც“ შეაფასა. აქციაზე დარიგდა ფლაერები მოწოდებით - „არა NDI-ისა და IRI-ის კვლევებს“. „პატრიოტთა ალიანსში“ მიიჩნევენ, რომ NDI და IRI პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს რეიტინგებს ხელოვნურად უზრდიან.

საგულისხმოა, რომ პოლიტიკური რეიტინგების გასაზომად, „პატრიოტთა ალიანსმა“ საკუთარი მეთოდოლოგიით, მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარება დააანონსა, რის შედეგადაც, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებზე „უფრო სანდო“ შედეგები უნდა დაიდოს. სანდოობის უზრუნველსაყოფად, პარტიის ლიდერები გეგმავენ, რომ ანკეტებს რესპონდენტთა ფოტოსურათებიც დაურთონ, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელი და მეთოდოლოგიურად, გაუმართლებელია.

ქართულ საზოგადოებაში, სოციოლოგიური კომპანიების მიმართ ნდობა ზოგად პრობლემას წარმოადგენს. ხშირად ისმის კითხვა, თუ რამდენად რეალურად ასახავს ესა თუ ის კვლევა მოსახლეობის განწყობას, რამდენად ობიექტურია წარმოდგენილი შედეგები ან ადგილი ხომ არ აქვს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობას? მსგავსი კითხვები ხშირად დასმულა NDI-ისა და IRI-ის კვლევების მიმართაც. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები საქართველოში პოლიტიკურ კვლევებსა და მსგავსი ფართო სპექტრის გამოკითხვებს პრაქტიკულად არ აწარმოებენ, ჩვენ არ გვაქვს მონაცემთა შედარების შესაძლებლობა, რაც რაიმე სახით ამ ორგანიზაციების მიკერძოებულობას გამორიცხავდა/ან პირიქით, დაადასტურებდა. ზოგადად, ნდობის საკითხი სუბიექტური აღქმის საგანია, რასაც დიდწილად, ამა თუ იმ საკითხის მიმართ პიროვნების დამოკიდებულება განსაზღვრავს. ამიტომ, კვლევების შედეგების ობიექტურობის განსჯაზე აქ მეტად აღარ შევჩერდეთ.

არანაირი ნატო, არანაირი უცხოური ბაზა საქართველოში“

NDI-ისა და IRI-ს სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გასაპროტესტებლად შეკრებილ აქტივისტებს, პარტიის ლიდერებმა საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის მოწოდებითაც გააჟღერეს. აღნიშნულ საკითხზე, მათ კვლავ საკუთარი სოციოლოგია მოიშველიეს და ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ჩატარებულ საკუთარი კვლევის შედეგებზე ისაუბრეს, რომლის თანახმად, გამოკითხული 212 ათასი რესპონდენტიდან, 77% სამხედრო მიუმხრობლობას (ნატო-ში არშესვლას) უჭერს მხარს, ხოლო NDI-ისა და IRI-ის კვლევებს მოსახლეობის მხოლოდ 3,1% ენდობა.

სამხედრო ნეიტრალიტეტის მოწოდებები ისმოდა გასულ წელს გამართულ საპროტესტო აქციაზეც, რომელიც ასევე აშშ-ის საელჩოსთან გაიმართა, მაკკეინის კონფერენციაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

როგორც ჩანს, „პატრიოტთა ალიანსი“ ცდილობს, საქართველოს ნატო-ში შესვლის უპერსპექტივობაში დაარწმუნოს მოსახლეობა და ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადება ერთადერთ მისაღებ პოლიტიკად წარმოაჩინოს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა აღნიშნა, „ყველა უნდა მიხვდეს, რომ ჩვენ თვითონ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის, არანაირი ბლოკი, არანაირი ნატო, არც სხვა რომელიმე უცხოური ბაზა, არანაირი საერთაშორისო სწავლება“.

ეროვნული ინტერესების დაცვა თუ პრორუსული პოლიტიკური ნიშა?

პატრიოტთა ალიანსი“ ამერიკული ორგანიზაციების კრიტიკას, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მოტივით ამართლებს. თუმცა, რამდენად ემსახურება პარტიის ლიდერების რადიკალური განცხადებები ქვეყნის ინტერესების დაცვას, როცა პარტიის რიტორიკა ხშირად რუსეთის ინტერესებთან მოდის თანხვედრაში? მოცემული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი, რომელიც ღიად უპირპისპირდება საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ კურსსა და ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციისკენ სწრაფვას, ეროვნული ინტერესებისთვის სარგებელის მომტანი ფაქტია, რომ ვერ იქნება.

საგულისხმოა, რომ „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებსა და ფედერაციის საბჭოს სენატორებთან შესახვედრად, მოსკოვში 2017 წლიდან საკუთარი ინიციატივით დადიან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლიდან შეწყვეტილია. ამგვარი ნაბიჯებით, სავარაუდოდ, პარტიის ლიდერები იმის დემონსტრირებას ცდილობენ, რომ კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი „პატრიოტთა ალიანსი“, საქართველოში მოსკოვის ძირითად დასაყრდენ ძალას წარმოადგენს.

პატრიოტთა ალიანსის“ მიერ, NDI-ისა და IRI-ს საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნა, ამ კუთხით, რუსული გამოცდილების გაზიარების სურვილთანაც ასოცირდება. როგორც ცნობილია, 2016 წელს, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ NDI და IRI „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა და რუსეთის ტერიტორიაზე მათი საქმიანობა აკრძალა. თუმცა, საქართველოში მსგავსი სცენარის განვითარება, არსებული მოცემულობით, არარეალური და საფუძველს მოკლებულია.

ისევ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს თუ მივმართავთ (16 იანვარი, 2020წ.), მომდევნო არჩევნებზე, „პატრიოტთა ალიანსის“ პოტენციურ მხარდამჭერთა რაოდენობა 5%-ს არ აღემატება, რაც ამ პარტიის ამბიციებისთვის შეუსაბამოდ დაბალი მაჩვენებელია.

ანა ჯაფარიძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

30.01.2020
ნახვა 2397

კომენტარები