მთავარი პოლიტიკა თანასწორობა და მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში

თანასწორობა და მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში

ქვეყანაში არსებული სიტუაცია პოლიტიკური თანასწორობისა და ჩართულობის კონტექსტში
26.01.2020
ნახვა 1164

უთანასწორობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ესწრაფვის. ამგვარ სახელმწიფოში ინდივიდის და მოქალაქის უფლებები დაცულია ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კანონმდებლობით. დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობის ნება განსაზღვრულია ასევე ქვეყნის პროდასავლური კურსით. მაგალითად, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (NDI-ის ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით მოსახლეობის დაახლოებით 70 – 80%) მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ნატოში. ამ ორგანიზაციების დამფუძნებელი და წევრი სახელმწიფოების დიდი უმრავლესობა სწორედაც რომ ლიბერალური ტიპის კონსოლიდირებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ.

თუმცა ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელია პოლიტიკური თანასწორობა და ინკლუზიურობა (ანუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის თანასწორუფლებიანი მონაწილეობა) სადაც საზოგადოების ყველა ძირითადი სეგმენტი თუ ჯგუფი დისკრიმინაციის გარეშე მონაწილეობას იღებს პოლიტიკაში და შესაბამისად საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში. თუმცა, საქართველოს დემოკრატიზაციის დაახლოებით 30 წლიან გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, საინტერესოა თუ რა მდგომარეობაა პოლიტიკური თანასწორობის და ინკლუზიურობის კუთხით დღეს ქვეყანაში.

პოლიტიკური თანასწორობა და ჩართულობა სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით.

ქვეყანაში უმუშევრობის დონე ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. მაგალითად, ოფიციალური მონაცემებით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) უმუშევრობის დონე საქართველოში 2018 წლის მონაცემებით სადღაც 12 – 13% მდე მერყეობს: https://www.geostat.ge/media/23681/dasaqmeba-da-umushevroba-cliuri-2018-%28geo%29.pdf . ხოლო, არაოფიციალური მონაცემებით ეს ციფრი გაცილებით უფრო მაღალია (მაგალითად, ზოგიერთი კვლევის მიხედვით უმუშევრობა საქართველოში შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს: https://netgazeti.ge/life/37443/ ). გამომდინარე აქედან, ისმის ლეგიტიმური კითხვა თუ რამდენად არიან მოსახლეობის ეკონომიკურად ყველაზე გაჭირვებული ფენები წარმოდგენილნი და ჩართულები თუნდაც საკანონმდებლო ორგანოში?

ბოლო 2016 წლის მოწვევის პარლამენტს თუ განვიხილავთ, უმრავლესობას ქართული ოცნების დეპუტატები შეადგენენ (ამჟამინდელი მონაცემებით 150 წევრიდან 92 ქართული ოცნების დეპუტატია). მიუხედავად ამ პარტიის დეკლარირებულად მემარცხენე-ცენტრისტული პლატფორმისა, მათი მომხრე მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობა უფრო მსხვილ თუ საშუალო ბიზნესს და სოციო-ეკონომიკური სტატუსით მაღალ შემოსავლიან ფენებს წარმოდგენენ.

აღსანიშნავია რომ ძირითადად მაჟორიტარი დეპუტატების წყალობით ჩავარდა უკვე 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის მთლიანად პროპორციულ (ნულოვანი ბარიერით) საარჩევნო სისტემაზე გადასვლა (ამჟამად საქართველოში შერეული სისტემა მოქმედებს სადაც 73 დეპუტატი მაჟორიტარული წესით ირჩევა, ხოლო 77 პროპორციულით). რამდენადაც ცნობილია პროპორციული საარჩევნო სისტემა (განსაკურებით ნულოვანი ბარიერით) მაჟორიტარულ და პლურალისტულ საარჩევნო სისტემებთან შედარებით, უზრუნველყოფს გაცილებით უფრო მეტ და ფართო საზოგადოებრივი ფენების ჩართულობას და ასახვას საკანონმდებლო ორგანოში და შესაბამისად პოლიტიკაში. თუმცა, აქვე აღსანიშნავია ისიც რომ, ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით საქართველო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წლისთვის უნდა გადავიდეს.

დაბალი სოციო- ეკონომიკური ფენების წარმომადგენლობით არც საპარლამენტო ოპოზიცია (ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, პატრიოტთა ალიანსი) გამოირჩევა. ჯერ ერთი რომ მათი დეკლარირებული პლატფორმა უფრო მემარჯვენე ცენტრისტულია ან რიგ შემთხვევებში კონსერვატორული (პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში მაგალითად). მეორე ისიც რომ ამ ოპოზიციურ პარტიებს შორისაც საპარლამენტო დეპუტაცია ერთი შეხედვით უფრო პრივილეგირებულ და მაღალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მოქალაქეებს წარმოადგენს ვიდრე მოსახლეობის შეჭირვებულ ფენებს, რომლებსაც ყველაზე მეტად აწუხებთ მიმდინარე გაზრდილი ფასები, შემოსავლების სიმწირე, უმუშევრობა, ღირსეული სამუშაო პირობები და ანაზღაურება, ჰაერის თუ გარემოს მზარდი დაბინძურება და ზოგადად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე.

პოლიტიკური თანასწორობა და ჩართულობა გენდერული ნიშნის მიხედვით

საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების კვლევების თანახმად საქართველოში ქალთა როლი და ჩართულობა როგორც პოლიტიკაში ისე სხვადასხვა საჯარო სექტორებში თუ სამსახურებში (მაგალითად, სამთავრობო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მედია სფერო, ბიზნესი და ა.შ.) წინა პერიოდებთან შედარებით იზრდება და ამას მოწმობს ის ფაქტიც რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პირველად საქართველოს ქალი პრეზიდენტი ჰყავს სალომე ზურაბიშვილის სახით. თუმცა აქვე აღსანიშნავია რომ მიუხედავად მზარდი ტენდენციისა, ბოლო 2016 წლის მოწვევის პარლამენტში 150 დეპუტატიდან მხოლოდ 26-ია ქალი (ანუ 16%).

ასევე დაბალია ქალთა ჩართულობა ადგილობრივ თვითმართველობათა მუნიციპალიტეტებში და საბჭოებში სადაც ქალთა წარმომადგენლობის წილი 2017 წლის მონაცემების მიხედვით 14 - 15%-მდე მერყეობს. თუმცა პოლიტიკაში ქალთა მეტ ჩართულობას რაც შეეხება, აღსანიშნავია რომ ქალთა ნებაყოფლობითი კვოტა პოლიტიკური პარტიებისთვის 20%-იდან 30%-მდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება საშუალებას აძლევს პოლიტიკურ პარტიებს სპეციალური დაფინანსება მიიღონ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (წყარო: BTI 2018 | Georgia Country Report:https://www.bti-project.org/en/reports/country-reports/detail/itc/GEO/ ).

ამასთან, მნიშვნელოვანი საკითხად რჩება სქესთა შორის არსებული ანაზღაურების სხვაობა (2017 წლის მონაცემებით ეს სხვაობა შესაძლოა 35% იყოს) და გენდერული ნიშნით ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა (ქალთა მიმართ ძალადობა) (წყარო: http://www.ge.undp.org/content/georgia/en/home/democratic-governance/in-depth.html )

პოლიტიკური თანასწორობა და ჩართულობა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებაში

ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში მონაწილეობა, განსაკურებით ეროვნულ დონეზე. მაგალითად, თუ არ ჩავთლით აფხაზეთის და ცხინვალის სეპარატისტულ ერთეულებს, საქართველოს მოსახლეობის 13% ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს. ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობების ჯგუფები სომეხი და აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების სახით არიან წარმოდგენილნი.

აღსანიშნავია რომ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეთნიკური უმცირესობის კანდიდატებმა მხოლოდ 11 ადგილი მოიპოვეს (ანუ 7.3%). მიუხედავად მათ მიმართ სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით გადადგმულმა მნიშვნელოვანმა ნაბიჯებმა და გატარებულმა პოლიტიკამ (მაგალითად, როგორც ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება ისე სპეციალური საგანმანთლებლო პროგრამებით უზრუნველყოფა: 4+1 და ა.შ.) კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ენის ბარიერი რჩება მათი უფრო სრულყოფილი ჩართულობისთვის საქართველოს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში.

შესამჩნევია ასევე საქართველოს საპატრიარქოს სხვა რელიგიურ კონფესიების წარმომადგენლებთან შედარებით დომინანტური გავლენა ქართულ პოლიტიკაზე. მაგალითად, ეკლესია და პატრიარქი მოსახლეობაში ძალიან მაღალი ნდობით და მხარდაჭერით სარგებლობს. ეს მდგომარეობა განპირობებულია ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის სახელმწიფო მშენებლობაში განსაკურებული წვლილის და როლის აღიარებით და მინიჭებით, რომელიც 2002 წელს საქართველოს მთავრობასა და ეკლესიას შორის კონკორდატის სახით გაფორმდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართულ პოლიტიკაში უფრო კონსერვატორული ღირებულებების დამკვიდრებისკენ არის მიმართული ვიდრე უფრო ლიბერალური ღირებულებების მხარდაჭერისკენ. მაგალითად, რიგი საეკლესიო პირების მიერ გამოვლენილი მწვავე რეაქციები LGBT თემის გამოხატვის უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით.

პოლიტიკური თანასწორობა და ჩართულობა სექსუალური უმცირესობების კუთხით

ზემოთ ჩამოთვლილი საზოგადოებრივი ჯგუფებიდან ქართული საზოგადოების უმრავლესობა ყველაზე ნეგატიურად, აგრესიულად და არა-ტოლერანტულად მაინც სექსუალური უმცირესობების (LGBTQ +) მიმართ არის განწყობილი. ამგვარ მდგომარეობას ბევრი კვლევა და დაკვირვება ადასტურებს (წყარო: http://crrc-caucasus.blogspot.com/2013/07/attitudes-towards-homosexuality-in.html ).

მიუხედავად ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღებისა და ევროკავშირთან მნიშვნელოვნად დაახლოებისა (უვიზო რეჟიმი, ასოცირებული ხელშეკრულების გაფორმება და ა.შ.), მოსახლეობის დიდი ნაწილი წინააღმდეგია ამ ჯგუფების პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის და თანამონაწილეობის. ასეთი განწყობები ნაწილობრივ განპირობებულია საზოგადოების დიდი ნაწილში რელიგიურ-კონსერვატორული ღირებულებების არსებობით. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის სექსუალური უმცირესობათა ჯგუფების პოლიტიკაში თანასწორუფლებიანი ჩართულობის სურვილთან და ლიბერალურ უფლებებთან (წყარო: Human Rights Watch: https://www.hrw.org/world-report/2020/country-chapters/georgia ).

მიხეილ შავთვალაძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

26.01.2020
ნახვა 1164

კომენტარები