მთავარი პოლიტიკა ახალი არჩევნები - ძველი ხარისხი

ახალი არჩევნები - ძველი ხარისხი

რას სთავაზობენ პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებს საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში?
21.01.2020
ნახვა 1465

250 პარტია - 0 საარჩევნო პროგრამა

ახალი წლის დადგომასთან ერთად საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა ისევ მაღლა იწევს. მედია სივრცე სავსეა ჭორებითა და სპეკულაციებით, იმდენად, რომ რთულია ამომრჩეველმა მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ბევრად გაუადვილებს მას გადაწყვეტილების მიღებას ამა წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესში. მთავარი თემატიკები მოიცავენ იდეოლოგიურ საკითხებს, მთავრობაში სავარაუდო კადრების ცვლილებას, მოჩვენებით კონფლიქტებს ხელისუფლების წამყვან პირებს შორის და ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ქუჩის აქციებს. არ არსებობს არანაირი საზოგადოებრივი ან ღია დებატები, რომელიც გადაჭრიდა რიგითი მოქალაქის პრობლემებს. ასე პირობებში, უნდა გაგვიკვირდეს თუ არა, რომ გამოკითხვების მიხედვით ამომრჩეველთა თითქმის 60%-მდე ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია თუ ვის მისცეს ხმა არჩევნებში? საქართველოში დარეგისტრირებულ პარტიათა რაოდენობა დაახლოებით 250-ს აღწევს. თითოეულ მათგანს, სულ მცირე თეორიულ დონეზე მაინც აქვს თავისი იდეოლოგია, პროგრამა და ქვეყნის მომავლის ხედვა. მიუხედავად ასეთი პარტიული მრავალფეროვნებისა, ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი დილემის წინაშე დგას თუ ვის მისცეს ხმა არჩევნებში! იმის მაგივრად, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან ეს პრობლემა, უფრო მეტად ერთვებიან კადრების ცვლილების პოლიტიკურ "იუმორისტულ შოუში", მეტ დროს უთმობენ ცილისწამებას, დისკრედიტაციასა და ერთმანეთის წინააღმდეგ ბრალდებების გაჟღერებას.

პარტიული ინტერესი ყველაფერზე მაღლა!

უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური შეტევის სამიზნეს ხელისუფლებაში მყოფი, მოქმედი პარტია "ქართული ოცნება" წარმოადგენს. რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციამ და მასთან დაახლოებულმა მედია საშუალებამ ბრალი დასდეს ხელისუფლებას ლოიალურობის არ გამოჩენაში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, მაშ შორის აშშ-სთან, გახარიას - ირანთან "შავი ინტერესების" წარმოებაში, თბილისის მერს კი ოპოზიციასთან გამართულ საუბრებში ბიძინა ივანიშვილთან მოჩვენებითი კონფლიქტის არსებობის შედეგად. მეტიც, სწორედ იგივე მედია საშუალება იტყობინება ინფორმაციას აშშ-ს მიერ საქართველოსთვის სანქციის შესაძლო დაწესების შესახებ. რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, ბრალდებათა ეს ტალღა მოჰყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. ამ ნაბიჯით ვაშინგტონის ინტერესებს საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიადგა. ეს აშკარა ფაქტია. პროდასავლურმა ოპოზიციამ კი გამოიყენა ეს ასპექტი მასთან დაახლოებული მედია საშუალების დახმარებით, რომ თავისი პოლიტიკური კონკურენტისთვის შავი ლაქა მოეცხო, თუმცა სავარაუდოდ დიდად არც დაფიქრებულა იმაზე, რომ ამავდროულად დარტყმა მიეყენა საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟსა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. პრემიერის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები ირანთან "შავი ინტერესების" წარმოების შესახებ გამყარებული იყო თუ არა ობიექტური ფაქტებით? არა. მაშინ, როდესაც მეორე ხაზზე ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაძაბული ურთიერთობაა - ეს სიტუაცია საქართველოს ორმაგი მოთამაშის პოზიციაში აყენებს. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად გლობალურია, შედგება სხვადასხვა კომპონენტისგან და მოითხოვს თემის მრავალპროფილიან ანალიზს. მთავრობის გადაწყვეტილებას თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგენი ყავს. ამ საკითხში გამართულ დისკუსიას კი სჭირდება გამორჩეულად ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა ეკონომიკის, გეოპოლიტიკის და ა.შ. არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება არასწორია მედიაში გავრცელებული რამდენიმე ექსპერტის კომენტარზე დაყრდნობით. ელექტორატის უმეტესი ნაწილი ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციას მედია საშუალებების დახმარებით იღებს. ამის გათვალისწინებით, ანაკლიის თემა გამოყენებულია როგორც პოლიტიკური ბრძოლის ერთერთი ბერკეტი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მანიპულაციის მცდელობა, ელექტორატის ემოციებზე თამაში, პარტიული და საარჩევნო ქულების დაწერა, ხოლო ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვა რატომღაც თვალსაწიერის მიღმა რჩება.

პროპორციული სისტემა ან ქუჩა!

ამჟამად ოპოზიცია უცვლელად იბრძვის საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის. ხაზი გაესვა, რომ დათანხმდება მხოლოდ პროპორციულ სისტემას ან ე.წ. "გერმანულ მოდელზე" გადასვლას. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დეტერმინაცია სრულიად გასაგებიცაა. თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით წარიმართებოდა. შეუსრულებელი სიტყვა და დანაპირები ყოველთვის იწვევს უკმაყოფილების გაძლიერებულ ტალღას და შეუქცევად სურვილს დაამტკიცო საკუთარი სიმართლე. ქართული კონიუქტურის ფარგლებში პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას უდაოდ ექნებოდა პოზიტიური ეფექტი, რომელიც დასაბამი იქნებოდა იმ დაძაბულობის განტვირთვისა, რომელსაც ქმნიან ე.წ. ქარიზმატული ლიდერები. მსგავსი ცვლილება გახდებოდა საფუძველი მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებისა არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ დონეზე. ოპოზიცია ემზადება ქუჩის აქციებისთვის და მთელ ყურადღებას მიმართვას არჩევნების წარმართვის პროცესზე და არა იმაზე თუ რა შეიძლება ამ არჩევნებზე ამომრჩეველს შესთავაზოს. ამასთანავე, ოპოზიციამ სრულიად დაივიწყა, რომ "ერთიანი ძალა" არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ დაბალანსებულ, ფართო და ერთობლივად შემუშავებულ საარჩევნო პროგრამაშია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს თითოეული მოქალაქის პრობლემასა და მოთხოვნილებებს. საზოგადოების სუსტი გამოხმაურება ზემოთ აღნიშნულ ქუჩის აქციებთან დაკავშირებით, მხოლოდ ამყარებს გამოთქმულ მოსაზრებებს.

"ქართული ოცნების" პოზიცია

"ქართული ოცნება" თავის მხრივ პასიურ პოზიციას იკავებს. თუ გავითვალისწინებთ პარტიის მიმართულებით გაჟღერებული ბრალდებების რაოდენობას, პარტიის რეაქცია მაინც გაწონასწორებული და მოზომილია. ხელისუფლება ხედავს, რომ ოპოზიციის მოქმედებები სრულიად უშედეგოა და ვერც დიდი მხარდაჭერით დაიკვეხნიან საზოგადოებაში. ასეთ პასიურობას იყენებს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზეც, რასაც ის ჩიხში შეყავს. ხელისუფლებას მუდმივად ბრალს სდებენ ანტიდასავლური პოლიტიკის გატარებაში. სამწუხაროდ არ არსებობს საპასუხოდ ერთი კონკრეტული და აშკარა პოზიცია თუ განცხადება არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის, არამედ პრემიერის მხრიდანაც. ასეთ პირობებში სიტუაციის იდეალური გადაწყვეტა იქნებოდა ფართო, ნოვატორული და წინა წლებისგან განსხვავებული საარჩევნო პროგრამის წარდგენა. არაფერს მსგავსს არ აქვს ადგილი. მეორეს მხრივ, საზოგადოების ნდობა ხელისუფლების მიმართ იმდენად დაბალია, რომ პროგრამის წარდგენა რეალურად დიდ ძვრებს მაინც ვერ მოახდენდა. რაღაც მეტია საჭირო. საარჩევნო კამპანიაში გაჟღერებული მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები ხშირად მიუთითებს ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალ სისხლსა და ხარისხზე. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამას გეგმავდეს ხელისუფლება უახლოესი მომავლისთვის. მოხიბლოს ამომრჩეველი არა პროგრამით, არამედ ქარიზმატული პიროვნებით. ისმის სპეკულაციები იმის შესახებ რომ თითქოსდა პრემიერის პოზიციაზე ბიძინა ივანიშვილი აპირებს დაბრუნებას. როგორც ჩანს, ეს იქნება უკანასკნელი სამაშველო რგოლი, რომელიც შეუწყობს ხელს "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ სცენაზე თავისი პოზიციების შენარჩუნებაში. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, სამწუხაროდ, ისევ გავხდებით ქარიზმატული ლიდერების კონკურენციის, ცარიელი დაპირებების, ერთმანეთის ცილისწამებისა და კომპრომიტაციული მასალებისთვის დაუსრულებელი ბრძოლის მოწმენი. მომავალი არჩევნები შედგება, მაგრამ მისი ხარისხი დარჩება უცვლელი.

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

21.01.2020
ნახვა 1465

კომენტარები