მთავარი პოლიტიკა სეპარატისტებთან დიალოგი - კრემლის ხაფანგი

სეპარატისტებთან დიალოგი - კრემლის ხაფანგი

ქართულ - აფხაზური დიალოგი - პრობლემები და პერსპექტივები
19.01.2020
ნახვა 3459

არ არსებობს ფაქტები, არსებობს მხოლოდ ინტერპრეტაცია

ამერიკელი მეცნიერი და პუბლიცისტი, სტივენ უოლტი თავის ცნობილ სტატიაში [1] აღნიშნავს, რომ სახელმწიფოთა იდენტობებს ყველაზე მეტად მათი ნაბრძოლი ბოლო დიდი ომი განსაზღვრავს. თუ გერმანიისა და იაპონიისთვის ასეთი II მსოფლიო ომი, თურქეთისთვის გალიპოლის ბრძოლა და ა.შ იყო, ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვა საბედისწერო დარტყმა აღმოჩნდა. ე.წ გამშვები პუნქტი ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი დევნილებისთვის, საოკუპაციო ხაზია, გალში მცხოვრები ქართველებისთვის, საპყრობილის კარი, ხოლო აფხაზებისთვის - სახელმწიფო საზღვარი [!].

27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღეა, მაგრამ ის ასევე არის დღე, როდესაც აფხაზებმა, საკუთარი წარმოდგენით, ეთნიკური ჯგუფის კატეგორიიდან, - პოლიტიკური ერის კატეგორიაში გადაინაცვლეს. მას შემდეგ, მათი ყოფა, იდენტობა და მომავლის ხედვა, მთლიანად უკავშირდება წამს, როცა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ბოლო დევნილმა ქართველმა გადმოაბიჯა. ეს წამი ათასი წელიც რომ გავიდეს, სამუდამოდ დარჩება, ორივე მხარის მეხსიერებაში, ერთისთვის როგორც ტრაგედია, მეორისთვის როგორც გამარჯვება.

მოსმენა არ ნიშნავს გაგებას, გაგება არ ნიშნავს პატიებას

ხაიმ კაუფმანი, თავის კლასიკურ ტექსტში [2] წერს, რომ ეთნიკური კონფლიქტის დროს მშვიდობის უზუნველსაყოფად, ყველაზე ეფექტური ხერხი, მხარეების გაცალკევებაა, რაც ქართულ-აფხაზური დაპირისპირების არსებული სტატუს-კვოა. თუმცა, როდესაც შერიგებაზე საუბრობენ, მეორე, იდენტობათა რე-კონსტუქციის მეთოდს გულისხმობენ. აღნიშნული, მავნე ნარატივების ჩახშობის გზით, პოზიტიური ურთიერთიდენტიფიკაციის შექმნას გულისხმობს. ეს პროცესი, როგორც წესი, მხარეთა მხრიდან შესაბამისი მზაობის პირობებში, სიმართლის დამდგენი კომისიების შექმნით იწყება. ფაქტებზე შეთანხმების შემდგომ, ერთმანეთის პერსპექტივების მოსმენით გრძელდება და საუკეთესო შემთხვევაში, მოწინააღმდეგეთა შორის ემპათიის გაჩენით სრულდება.

პოლიტიკური და საზოგადოებრივი დიალოგი

ბოლო დროს აფხაზი პოლიტიკოსების მხრიდან, დიალოგის რამდენიმე ინიციატივა გაისმა. მანამდე, იგივე აზრი საექსპერტო წრეებში ტრიალებდა და მის დამცველებს შორის, ბევრი ისეთი ადამიანიც იყო, ვინც პირდაპირ, ან ირიბად რუსეთთან არის დაკავშირებული.

ცხადია, დიალოგში ცუდი არაფერია, მით უფრო, რომ საქართველოს მთავრობები, რეინტეგრაციული პოლიტიკით სეპარატისტების გულის მოგებას, წლების მანძილზე ცდილობდნენ. რეკონსილაციური საუბრები ორი სახის შეიძლება იყოს: ხალხთა დაახლოვებაზე გამიზნული - საზოგადოებრივი და სტრატეგიული ამოცანების გადაჭრაზე ორიენტირებული, - პოლიტიკური. საზოგადოებრივ დიალოგი აუცილებელია, სწორედ ასეთი დიალოგები ამზადებს მზაობას მხარეებში, იფიქრონ სიმართლის დადგენასა და მომავალ თანაცხოვრებაზე. თუმცა, რასაც აფხაზი პოლიტიკოსები ითხოვენ, აღნიშნულს სცდება და პოლიტიკურ დონეზე გადადის, სწორედ აქ არის ჩადებული ის ნაღმები, რომელსაც კრემლი დიდი ხანია ამზადებს. მცოცავი ოკუპაცია, ქართველების დაკავება ა.შ, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მცდელობა ცენტრალური ხელისუფლება და სეპარატისტული რეჟიმები ერთ მაგიდასთან დასვას. მიუხედავად იმისა, როგორ შეფუთავენ პროცესს მხარეები, მსგავსი დიალოგი უპირობოდ გულისხმობს, მხარეთა თანასწორუფლებიანობის აღიარებას. ეს არის ის კარიბჭე, სადაც საქართველოს მთავრობა არ უნდა შევიდეს.

შეუძლებლის პოლიტიკა

რამდენიმე გულუბრყვილო მოსაზრების მიხედვით, მაგ. სეპარატისტული რეგიონის ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას თბილისთან დიალოგის შესახებ მოწოდება, კრემლისგან დამოუკიდებელი ინიციატივაა და ქართულმა მხარემ, იგი სწორედ ასეთად უნდა მიიღოს. ვთქვათ ეს ასეც არის, რომელ სიზმარში შეიძება იმის წარმოდგენა, რომ აფხაზები ქართველებთან მოილაპარაკებენ და ამ მოლაპარაკებების შედეგებს კრემლი შეეგუება?

აფხაზურ დე-ფაქტო მთავრობებს, ე.წ სამხრეთ ოსეთის მთავრობებისგან განსხვავებით, არასდროს გამოუთქვამთ სურვილი რუსეთის ფედერაციას შეერთებოდნენ. მიუხედავად ამისა, კრემლის დავალებების ზედმიწევნით კარგად შეესრულებას ყველა მათგანი ცდილობდა. პოლიტიკურ სპექტრში, რასაკვირველია, არიან განსხვავებული შეხედულებების ადამიანები. ბევრი მათგანი შესაძლოა ხვდება, რომ რუსეთთან არსებული ურთიერთობა, პატარა ეთნიკური ჯგუფისთვის დამღუპველია. თუმცა, ამავე ადამიანებისთვის, საქართველოა “იმპერია”, რომელსაც გაექცნენ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაბრუნებას, ყველაზე უარეს სცენარშიც არ წამოიდგენენ. აფხაზური ეთნიკური ნაციონალიზმისთვის, რუსი პრობლემაა, მაგრამ ქართველი მთავარი მტერია. აღნიშნული წარმოდგენის შეცვლა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უტოპიური ამოცანაა.

კრემლის ხელი და პერსპექტივები

ამრიგად, ბჟანიასი და სხვათა განცხადებები, სავარაუდოდ კრემლის პირდაპირი კარნახის შედეგია. საქართველოში არსებული აგენტურა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ აღნიშნული ‘მშვიდობიანი დისკურსის’ დამკვიდრებას ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობენ.

პოლიტიკური დიალოგის დაწყებას აზრი აქვს მხოლიდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მოცემულობიდან გაქრება და ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია სეპარატისტებმა ცენტრალური ხელისუფლება აღიარონ, - ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება, დასტურად, სოხუმის ე.წ მთავრობამ, გაავრცელა განცხადება სადაც ამბობს, რომ სუბიექტის სტატუსი, ადგილობრივი კონსტიტუციასა და ხალხის ნებას ემყარება და მოლაპარაკებების საგანი არასდროს გახდება.

ამ წინაპირობის გარეშე, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მარიონეტული რეჟიმისგან მოდის, კრემლის მიერ დაგებულ ხაფანგად უნდა ჩავთვალოთ და შესაბამისად ვუპასუხოთ.

 

[1] Walt, Stephen. "Great Powers Are Defined by Their Great Wars." Foreign Policy (2017).

[2] Kaufmann, Chaim. "Possible and impossible solutions to ethnic civil wars." International security 20.4 (1996): 136-175.

ლაშა მაჭარაშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

19.01.2020
ნახვა 3459

კომენტარები