მთავარი ეკონომიკა თბოენერგეტიკა საქართველოში

თბოენერგეტიკა საქართველოში

სიტუაცია თბოენერგეტიკის სფეორში
17.01.2020
ნახვა 917

ენერგეტიკა და არასათანადო პოლიტიკა

ზოგადად საქართველოს ენერგეტიკული მდგომარეობა არაა სახარბიელო. ამის მიზეზები კომპლექსურ ჭრილში უნდა იყოს განხილული, რაც შესაბამისად სიღრმისეულ რეფორმას მოითხოვს. როგორც ვიცით, ნებისმიერი რეფორმა მტკივნეულია, შესაბამისად ხელისუფლება უფრთხის გადადგას ნაბიჯი დარგის რეფორმირებისკენ, რადგან ეს საკითხი პირდაპირ დაკავშირებულია კომუნალურ გადასახადებთან, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკოსების მიერ ყოვლად უპასუხისმგებლო დაპირება–განცხადებებთან. ხშირ შემთხვევაში ისეც ხდება, რომ თავისივე დაპირებების მძევლები თავადვე ხდებიან ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ენერგეტიკა, ეს ის დარგია საქართველოში რომელიც გამჭვირვალობით არ გამოირჩევა (ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რეკომენდაცია კი სწორედ დარგის გამჭვირვალობას მოითხოვს). მეტიც, გვაქვს ხელშეკრულებები რომლებსაც გრიფით საიდუმლო ადევს. ეს ფაქტი კი თავისდაუნებურად უამრავ კითხვას აჩენს.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის როლი

ამჯერად ყურადღება მინდა გავამახვილო ენერგეტიკის იმ მიმართულებზე, რომელსაც ნავთობისა და გაზის კორპორაცია გვათავაზობს და ამ მიმართულების როლზე თბოენერგეტიკაში, კერძოდ: ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახდენს სახელმწიფოს მხრიდან გაზის შესყიდვასა და ტრანზიტის განხორციელებას, ასევე ის საპარტნიორო ფონდთან ერთად აშენებს და ექსპლუაცატიაში უშვებს ახალ, თანამედროვე, ეფექტურ თბოელექტროსადგურებს. უდაოა ამ მოვლენის დიდი მნიშვვნელობა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ახალი კომბინირებული ციკლის 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის აირტურბინის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებას 4 წელი მოანდომა, რაც არაეფექტური მუშაობის აშკარა შედეგია. მაშინ, როცა ქვეყანა ენერგიას ყიდულობს დეფიცის გამო, საჭირო და აუცილებელია მოქნილი გადაწყვეტილებების მიღება და ამ კრიზისის დროული გადაჭრა. მართალია, კორპორაცია და ეკონომიკის სამინისტრო თავს იწონებს მიღებული შედეგით, რაც ერთის მხრივ დადებითი მოვლენაა, მეორეს მხრივ კი ჩნდება კითხვები, მაგალითად – პროექტი დააფინანსა ქართულმა მხარემ, აირტურბინა შევიძინეთ ამერიკული ფირმისგან, "ჯენერალ-ელექტრიკ"–სგან, პროექტის მშენებლობას თურქული კომპანია უზრუნველჰყოფს, ხოლო ექსპლუატაცია და ელენერგიის გენერაციას მოახდენს რუსული კომპანია, რომელთანაც უკვე მიღწეულია შეთანხმება გარანტირებულ ელენერგიის გენერაციის შესყიდვაზე. ტარიფად 5 ცენტი დაწესდა.

თბოელექტროსადგურები

სულ საქართველოში, კერძოდ გარდაბანში მოქმედებს 3 თბოელექტრო სადგური:

- მტკვარი ენერგეტიკა- სიმძლავრე 300 მგვტ. ( პირველი და მეორე ენერგობლოკი, ძველი სახელით 9 და 10 ენერგობლოკი) რომლის მფლობელია რუსეთის ენერგოჰოლდინგში შემავალი კომპანია "ინტერ რაო"

- გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგურისიმძლავრე 110 მგვტ. აღნიშნული აირტურბინა 2006 წელს იქნა ექსპლუატაციაში გაშვებული, საწყის ეტაპზე მფლობელი იყო "ენერჯი ინვესტი" (რესეთი), რომელიც გასხვისდა "ჯი ფაუერზე" (რუსეთი) 2010 წელს.

ჯამში ვხედავთ, რომ თუ 2020 წელს ახალი აირტურბინა შევა ექსპლუატაციაში მთლიანი გენერაციის სიმძლავრე იქნება 640 მგვტ, რომელიც საქართველოს მთლიანი გენერაციის 23% -ს შეადგენს. მიმდინარე დეფიციტის ფონზე კი განვითარების ასეთი დინამიკა მკვეთრად უარყოფითია.

ქართულ–რუსული პრივატიზაცია

აღნიშვნის ღირსია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირობებში, ენერგეტიკული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა ცალსახად ნეგატიური მოვლენაა. თუ გასხვისებების გრაფიკს გადავხედავთ, ომის შემდეგ მსგავსი ფაქტები არ შემცირებულა, არამედ პირიქით, გახშირდა კიდეც. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ თბოელექტრო სადგურები კი არა, სრულიად ქართული ენერგეტიკის 90–95% რუსული კომპანიების ხელშია.

გიორგი ჭაღიაშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

17.01.2020
ნახვა 917

კომენტარები