მთავარი უსაფრთხოება მოსალოდნელი ცვლილებები თავდაცვის ძალებში

მოსალოდნელი ცვლილებები თავდაცვის ძალებში

რა პრიორიტეტები აქვს 2020 წელს ირაკლი ღარიბაშვილს და რა შეიცვლება თავდაცვის სისტემაში?
16.01.2020
ნახვა 5456

ირაკლი ღარიბაშვილი, ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

გეგმები 2020 წლისთვის

პოლიტიკაში მეორედ მოსულმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2019 წლის სექტემბერში თავდაცვის სისტემაში რეფორმები დააანონსა და 2020 საქართველოს შეირაღებული ძალების წლად გამოაცხადა. მინისტრმა საზოგადოებას გააცნო მისეული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა ქართული შეიარაღებული ძალების სოციალური მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს. ამისთვის 2020 წელს შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმება:

- სამხედრომოსამსახურეებისხელფასების ზრდა (რაც უკვე განხორციელდა);

- სოციალურიმდგომარეობისგაუმჯობესება - უკეთესი სამედიცინო დაზღვევა და საბინაო პრობლემის მოგვარება;

- ინფრასტრუქტურის განვითარება - საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამხედრო ბაზებზე;

- სამხედროების ეკიპირების გაუმჯობესება;

- სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის დასრულება;

- სამხედრო მრეწველობის განვითარება.

თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს კარგად ახსოვთ ყოფილი თავდაცვის მინისტრების რიტორიკა, რომ ჩვენი შეირაღებული ძალები სრულად აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის გამინისტრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჯარში ისეთი ელემენტარული საკითხებიც კი არ იყო გადაჭრილი, როგორიცაა ხარისხიანი ეკიპირება, ჯანსაღი კვება, საცხოვრებელი პირობები, ჰიგიენა და ასე შემდეგ. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მინისტრმა არ დამალა, რომ მან დაათვალიერა შეირაღებული ძალების ყაზარმები და შოკირებული დარჩა იქ ნანახი პირობებით.

ცვლილებები თავდაცვის ბიუჯეტში

ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი 2019 წელს 835 მლნ ლარი იყო, 2020 წელს კი 880 მლნ ლარით განისაზღვრა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ინფრასტრუქტურის განვითარების მუხლშია - 2020-ში ინფრასტრუქტურულ პროექტებში 73.5 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. რაც ისეთ ნაბიჯებს მოიცავს, როგორიცაა: ყაზარმების და სასადილოების კეთილმოწყობა, სპორტდარბაზების გარემონტება, ჰიგიენის წერტილების მოწესრიგება და ასე შემდეგ. ამის პარალელურად კი, საგრძნობლად შემცირდა თავდაცვის შესაძლებლობების შენარჩუნება/განვითარების ხარჯები 141 მილიონიდან 51 მილიონამდე. სახელმწიფო ბიუჯეტის ეს მუხლი გულისხმობს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას შესაძლო სამხედრო აგრესიის საპასუხოდ; საქართველოს ეროვნული და თავდაცვის სტრატეგიული დოკუმენტების საფუძველზე განსაზღვრული მიზნების - შეკავების და თავდაცვის შესასრულებლად თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, მათ შორის, თანამედროვე შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაციას. როდესაც ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იგეგმება კარგია, მაგრამ გაუგებარი რჩება, რა შეიცვალა ჩენს უსაფრთხოების გარემოში ისეთი, რომ ტექნიკის მოდერნიზაციის ისედაც მიზერულ ხარჯები კიდევ უფრო მცირდება.

კვლევები და სამხედრო მრეწველობა

რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ასპექტი, რასაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი მოყვა, სამხედრო მრეწველობის განვითარებაა. ამ სფეროს აღორძინება, მინისტრის თქმით, მის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ამ სფეროს განვითარების აუცილებლობისა, ბიუჯეტში წინა წელთან შედარებით არანაირი ზრდა დაგეგმილი არ არის. ისმის კითხვა, როგორ აპირებს ღარიბაშვილი სამხედრო მრეწველობის აღორძინებას 33.5 მილიონი ლარით, რაც ბუნებრივია, არასაკმარისია ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გასაზრდელად. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მიზნის მიღწევას ქვეყანა კერძო ინვესტიციების დახმარების გარეშე ვერ შეძლებს.

გაწვევის სისტემის გამოწვევები

ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს, ასევე, ისაუბრა გაწვევის სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე. მან მკაცრად გააკრიტიკა პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს თავი აარიდონ თავდაცვის ძალებში სავალდებულო სამსახურს. მაგრამ პრობლემა უფრო რთული და ფუნდამენტალურია, ვიდრე პოლიტიკურ ოპონენტთან კინკლაობა. თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა ვერ მოახერხეს ისეთი თავდაცვის სისტემის შექმნა, რომელიც უპასუხებდა ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს; რუსეთ საქართველოს ომიდან 11 წლის თავზე რეზერვის სისტემა ჩანასახის დონეს ვერ გაცდა; ტოტალური ომის კონცეფცია მხოლოდ ფურცელზე არსებობს; 2016 წელს გაუქმებული გაწვევა 2017 წელს მინისტრის ცვლილების შემდეგ ისევ აღდგა; გაწვევის სისტემა დისკრედიტირებულია და ამის აღმოსაფხვრელად თავდაცვის სამინისტროს ერთიანი პოლიტიკა არა გააჩნია. დღევანდელ სამხედრო-პოლიტიკურ ელიტას არ აქვს მკაფიოდ გაცნობიერებული, თუ რისთვის სჭირდება თავდაცვის ძალები, რა პოლიტიკურ მიზნების მისაღწევად უნდა გამოიყენონ იგი. მეტიც, ღრმად ეპარებათ ეჭვი, მიღწევადია თუ არ ეს პოლიტიკური მიზანი სამხედრო ძალის მეშვეობით.

პრობლემები, რაზეც მინისტრის ხედვაში იყო საუბარი, ცალსახად დასაძლევია, თუმცა რეფორმის მიღმა დარჩა ისეთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, როგორიცაა მოძველებული სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაცია და განახლება. ქვეყნის საცეცხლე შესაძლებლობების ზრდა. პატარა არმია, მაღალტექნოლოგიური იარაღის და შესაბამის რეზერვის გარეშე ვერ დაიცავს ქვეყანას და მითუმეტეს არ გამოდგება მასზე დიდი და ძლიერი მოწინააღმდეგის შესაკავებლად.

 

ლევან გეგეშიძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

16.01.2020
ნახვა 5456

კომენტარები